ნიკოია ბაბუას რუსები
21-06-2010
უცნაური სკლეროზი სჭირს 92 წლის ნიკოია ბაბუას: ხან ისე გაუნათდება გონება, ვერც ძველი დროებისას გამოაპარებ რაიმეს და ვერც ახლისას, ხან კი მხოლოდ ბავშვობა და ახალგაზრდობა ახსოვს.

სად არ ატარეს, რომ როგორმე ეშველათ მისთვის, მაგრამ ამაოდ. ექიმები უძლურნი აღმოჩნდნენ, მშვიდად ჩაიქნიეს ხელი და იმ დასკვნამდეც მივიდნენ, რომ სკლეროზი ჩვენს დროში სულაც არაა ცუდი: კარგს ვერც დაინახავს და ვერც გაიგონებს კაცი - ეს ორგანიზმის თავდაცვითი ინსტინქტია, რომ რეალობას გარიდებულმა სიცოცხლე გაიხანგრძლივოსო!..

ნიკოია
ბაბუაც, შეიძლება ითქვას, მხნედაა, თუ არ ჩავთვლით მუხლებს, რომელთაც აღარ ძალუძთ ჩია ბერიკაცის ტარება. ჰოდა, ხშირად დანანებით იქნევს აქეთ-იქით თავს და ვინ იცის, მერამდენედ ეუბნება შვილიშვილებს:

- ასეა, დაბერება ყველას უნდა, ბებერი კი არავის... იცით, რა ბიჭი ვიყავი?! - და სიძველისგან დაბზარულ-გაყვითლებულ შავ-თეთრ ფოტოს აჩვენებს,
საიდანაც ოციოდე წლის ულვაშაკოკრილი, მხრებგანიერი ბიჭი იმზირება. ძნელია ირწმუნო, რომ ფოტოზე გამოსახული ჭაბუკი და ეს ჩია ბერიკაცი მართლაც ერთი და იგივეა.
სურათს გვერდიდან არ იშორებს ნიკოია ბაბუა: რომ მოვკვდები, ეს უნდა გამიდიდოთ, ხალხს ასეთი უნდა ვახსოვდეო?! არადა, რომელ ხალხს?! მისი ხნის მართლაც ქვა აღარ გორავს სოფელში. ორი ცოლიც "წაიმძღვანა" წინ ნიკოიამ:

- კაი ქალები იყვენ, მაგფერებს ახლა ქვე სა იშოვი, ბოშო! - ხშირად ამბობს დანანებით.

ნაძვების ჩრდილში, მარცხნივ, ქეთოიაა დაკრძალული და მარჯვნივ - ნატაშა. ნიკოია ბაბუას ადგილი შუაშია დატოვებული. ორივე ცოლისგან სამ-სამი შვილი დარჩა და ექვსივე ორივე დედას ერთად იფიცებს!..

ნიკოია ბაბუა დიდი სამამულო ომის ვეტერანია. 1941 წელს რომ წავიდა საომრად, 1947 წლამდე არ დაბრუნებულა შინ - თავისი ქვეყნის საქმე რომ გაარკვია, მერე ორი წელი, როგორც გამორჩეული ჯარისკაცი, ევროპის "დალაგებაზე" ზრუნავდა. საბჭოთა კავშირია დღემდე მისი სამშობლო, სტალინი კი ერთადერთი მხედართმთავარი... არც ერეკლე მეფეს ამტყუნებს გეორგიევსკის ტრაქტატზე ხელმოწერისთვის:

- რა ექნა იმ სულგანათებულს, ხან ფრანგებს ეხვეწა, ხან გერმანელებს და ხანაც იტალიელებს - ის უჯიშო ამერიკა, ქვე, სად იყო მაშინ?! - სამაგიეროდ, რუსები გამოჩნდნენ და გადაგვარჩინესო.

ნიკოია ბაბუასთან კამათი არ ღირს, არც მოგცემს ხმის ამოღების უფლებას.
აგვისტოს ომის დროს რაჭაში აღმოვჩნდი. ისე დაბლა გადაგვიფრენდნენ რუსების ვერცხლისფრად მოლაპლაპე ბომბდამშენები, შიშით სული გვძვრებოდა. ერთი ყუმბარაც რომ ჩამოეგდოთ, ნახევარ სოფელს მიწასთან გაასწორებდნენ. ხალხი ცისკენ თავაღერილი იწყევლებოდა:

- აი, რუსო, შენ აგიფეთქდა დედ-მამა! შენი დედა და მასწავლებელი... შენი ჯიში და ჯილაგი!..
- რა ხდება, აღარ იტყვით?! - დაბნეული იხვეწებოდა ბებერი კაკლის ჩრდილში მიმჯდარი ნიკოია.
- ომია, ომი!..

- მაინც მევიდა აქამდე ის ღმერთგამწყრალი ჰიტლერი, ხომ?! - დანანებით იქნევდა აქეთ-იქით თავს მოხუცი - ამბობდნენ: არ იქნება მაგი მკვდარი, მეიგონა და კიდო წამოყოფს თავსო! და ა, თუ არ ყოფილა მართალი...

- ი-იჰ! - ხელს იქნევენ მისი "ნაჩურჩუტებით" გაღიზიანებული კაცები - რა დროს ჰიტლერია,  რუსი მოდის, რუსი!..
- რუსი მოდის?! - უხარია ნიკოია ბაბუას - თქვენ გენაცვალეთ, ბიჭებო, მოდით, დასცხეთ, შედენეთ თავის ბუნაგში გერმანელები.
- წაიყვანეთ სახლში, თორემ ცოცხლად დავმარხავ ამ გამოტვინებულს! - სისინებს მიშიკო.
- რუსი მოდის! - უხაროდა მხოლოდ ნიკოია ბაბუას და გადაგრუხუნებულ თვითმფრინავს ჩახლეჩილი ხმით მიჰხაროდა: за родину! за Сталина!..

საომარი მოქმედებები რომ ჩაცხრა, ჭიშკარში მჯდომი ნიკოია ბაბუა ყველას ერთსა და იმავეს ეკითხებოდა:
- ვინ მეიგო ეს ომი, გამაგებიეთ, ბოშო!
- რუსებმა მეიგეს, ნიკოია ბაბუა, რუსებმა!..

- ჩვენებს მოუგიათ! - მშვიდდებოდა მოხუცი და მეორე მსოფლიო ომის ამბებს იხსენებდა დაუსრულებლად: რუსებმა ასე ქნეს და ისე ქნეს, ჩვენი ჯარის მომრევი კაცი არ აღმოჩნდა ქვეყანაზეო!..

- ჩვენს მთავრობას რატომ არ გაუმხილა მაგ ამბავი ნეტავი ვინმემო?! - დანანებით ჩაიქნია ხელი მოხუცმა ვარდენამ, რომელსაც ქართლის სოფლებიდან გამოქცეული ათზე მეტი ნათესავი ჩაუსახლდა იმ დღეებში...
- ეკითხათ ჩემთვის და ჩემნაირებისთვისო! - ალალად უპასუხა ნიკოია ბაბუამ და ბარბაცით წავიდა სახლისკენ.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?