უკანასკნელი სიყვარული
21-06-2010
ზაქრო ღარიბი ბიჭი იყო და მთელი მისი ქონება სილამაზე იყო. ქუჩაში მიმავალს გულგრილად ვერავინ ჩაუვლიდა - გაიხაროს შენმა მშობელმა დედამო! - უცხოებიც კი ღიმილით ხვდებოდნენ.

ზაქრო უფროსი იყო და-ძმებს შორის. რაც ჭკუაში ჩავარდა, მას შემდეგ გამდიდრებაზე ოცნებობდა, რომ დედას შეშველებოდა და და-ძმის წინაშეც მოეხადა ვალი, მაგრამ ქალაქში გაცრეცილი შარვლით ჩამოსული ბიჭისთვის განა ასე ადვილი იყო გამდიდრება?! ეგ კი არა, ნაქირავებ ოთახში მცხოვრებისთვის, სახლის პატრონს იქით რომ არ ეწილადებინა ზრუნვაცა და
სადილ-ვახშამიც, ჭლექი არ ასცდებოდა.

სწორედ მისმა დიასახლისმა - დეიდა ვარომ გადაწყვიტა ზაქროს ბედი:
- სანამ ეს ვარსკვლავივით ბიჭი უპატრონობით ხელში ჩამკვდომიხარ, რამე უნდა გადავწყვიტოთ და უარი არც გაბედო. ჩემმა მეზობელმა, სომეხმა კარაპეტამ დაგადგა თვალი, თავისი დედისერთა სონასთვის უნდიხარ. გოგო დიდი ვერაფერი შვილია, სამაგიეროდ, ქერის ორმოში
ჩავარდები.

მოკლედ,  საშველი არ მისცეს და საქმეც გაიჩარხა: სომეხი კარაპეტას გოგო სონა მზეჭაბუკივით ზაქრომ ითხოვა. სიმამრმა ისე შეიყვარა, საქორწილოდ ლამის ოქროს ჩოხა შეუკერა, ხოლო სამ წელიწადში სამი შვილიშვილი და სამივე ბიჭი რომ გაუგორა მემკვიდრეობით მიღებულ შეუფასებელ ხალიჩაზე, მიწაზე ფეხს არ ადგმევინებდა: შენ ოღონდ ინდომე და ჩიტის რძესაც მოგართმევო!..

ზაქრომ დედაც და და-ძმაც თბილისში ჩამოიყვანა. სიმამრის ქონება ალალი შრომით გაამრავლა. სონა არ იყო ცუდი ცოლი. ზაქრო პატივს სცემდა, მაგრამ ვერ შეიყვარა, ამის გამო ეცოდებოდა და საჩუქრებით ანებივრებდა, მაგრამ...

40 წლისა იყო 25 წლის ახალგაზრდა ქვრივი თამარი რომ შეუყვარდა, სამსახურშიც მდივნად მიიღო და ხან თაიგულს უგზავნიდა, ხანაც მაგიდის უჯრაში საჩუქრებს უტოვებდა...

თამარმა მასზე ვერც იფიქრა. რატომღაც ზაქროს მძღოლზე - ვანოზე დაეჭვდა. არავინ იცის, მათ შორის რა მოხდა, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ხმა გავარდა, ვანომ თამარი მოიყვანა ცოლადო. ზაქრომ მაშინ პირველად იგრძნო, სად ჰქონდა გული...

შემდეგ დაახლოებით იმგვარი ისტორია განმეორდა ლალისთანაც. ისიც ვერაფერს მიუხვდა კაცს, რომელიც მისი გათხოვების შემდეგ, ინფარქტის ნიშნებით  საავადმყოფოში გააქანეს...

ზაქრო ისევ სიყვარულს დაეძებდა. როცა არ უყვარდა - ცუდად იყო, არც წამალი შველოდა მის სატკივარს და არც ექიმის რჩევა-დარიგება. შეუყვარდებოდა და ჩიტივით შეუმსუბუქდებოდა გული.

მერე წლები მოემატა და 60 წლის იუბილე ახლობელ-მეგობრებმა დიდი ამბით აღუნიშნეს. დაბადების დღის წინა საღამოს ეკლესიაში რომ შეიარა, სწორედ ეს სთხოვა ღმერთს: იმ სიყვარულს შემახვედრე, რომლის მოლოდინშიც დავბერდიო! - თან ბოდიში მოუხადა: "ვიცი აღარაა ამისი დრო, ცოტა მეტი სიდინჯე მომეთხოვებაო!.."

...რამდენიმე დღეში კი  მოხდა ის, რამაც მისი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. გამოფენაზე დაინახა "ის"... მერე მოეჩვენა, რომ ის ქალი სადღაც ადრეც ენახა, მაგრამ სად, როდის?!.
მეგობარმა გააცნო:
- ჩემი რძალია, მზეო, ცნობილი პიანისტი. ნიჭიერი მუსიკოსია, ხუთი შვილის დედაცაა.

ზაქროს აღარაფერი ესმოდა. აღარც იმას ჰქონდა მნიშვნელობა, რომ მზეო სხვისი ცოლი, სხვისი შვილების დედა იყო... მთავარი სხვა იყო: ზაქროს გაახსენდა, საიდან "იცნობდა" მას: პირველად 10 წლისას დაესიზმრა და მაშინ სიზმარში მიხვდა, რომ დედისა და და-ძმების სიყვარულის გარდა, არსებობდა კიდევ რაღაც სხვაგვარი გრძნობა... დარწმუნებული იყო, სიზმარში ნანახს, ადრე თუ გვიან, აუცილებლად შეხვდებოდა. ის ოცნება ცოტათი თამარსაც ჰგავდა, ლალისაც, Mნინოსაც... არადა, მზეო რქმევია...

მზეო დიდი-დიდი 32-35 წლისა ყოფილიყო: "ადრე დავბადებულვარო!" - გული დასწყდა ზაქროს და ცრემლიანი თვალები შეანათა ქალს, რომელმაც დაბნეულმა და შეშფოთებულმა ჰკითხა:

- ცუდად ხომ არ ხართ, ბატონო?!
- ასე კარგად არასოდეს ვყოფილვარ! - დაამშვიდა ზაქრომ.

მას შემდეგ, ზაქრო მზეოს ყოველ კონცერტს ესწრება ორიგინალური თაიგულითა და მათში მოთავსებული ერთი და იმავე ტექსტით: "ჩემს უკანასკნელ სიყვარულს!.."
ერთხელაც მზეო მიკროფონთან მივიდა და თქვა:

- ჩემს პროგრამაში სპეციალურად შევიტანე შოპენის ნაკლებად ცნობილი პიესა - "უკანასკნელი სიყვარული", რომელიც ერთ-ერთ თქვენგანს ეძღვნება!...
საოცარი მელოდია იყო: სიხარულით და მწუხარებით, საყვედურითა და მადლიერებით სავსე. მელოდიამ ბავშვობის სიზმრები და ოცნებები დაუბრუნა ზაქროს. რაც მთავარია, ბედნიერი იყო, რომ უსიყვარულოდ აღარ წავიდოდა იმ ქვეყნად...

მეორე დღეს თითქმის შუადღემ რომ მოაწია და ზაქრო არ გამოჩნდა, სონა ფეხაკრეფით მიუახლოვდა ქმრის საძინებელ ოთახს და კარი ფრთხილად შეაღო. ზაქროს სახეზე საოცარი სიმშვიდე და ნათელი ადგა. ასეთი ღიმილიანი სონას ის არასოდეს ენახა.
nataia
12 აპრილი 2011 15:13
ალბათ ყველა ნამდვილ სიყვარულს ეძებს...ძალიან ლამაზი ისტორიაა..გაიხარეთ
teo
20 ნოემბერი 2010 22:39
არ შეიძლება ინგა ჯაყელის სტატია გულგრილად წაიკითხო, გაიხარეთ და არ მოგვაკლოთ თქვენი თბილი წერილები..
nino
08 ივლისი 2010 22:01
ცრემლები მომადგა....არაჩვეულებრივია...

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?