გზა ექსკლუზიური კერძების შეფმზარეულობიდან მსოფლიოს წამყვანი მოდის სახლების ფოტოგრაფობამდე - კვირის პალიტრა

გზა ექსკლუზიური კერძების შეფმზარეულობიდან მსოფლიოს წამყვანი მოდის სახლების ფოტოგრაფობამდე

არსებობს ისტორიები, რომელიც სხვა ადამიანებისთვის შთაგონების წყაროდ შეიძლება იქცეს, ინსპირაციად ან უბრალოდ ადამიანში აღძრას მძაფრი სურვილი - შეცვალოს თავისი ცხოვრება, სამსახური, ყოველდღიური საქმიანობა, პირადი ურთიერთობები. გერმანელი ფოტოგრაფის არმინ ზოგბაუმის ისტორია სწორედ ასეთია. "შოპარდი", "შანელი", "დიორი", "გუჩი", "ესტე ლაუდერი", "დავიდოვი", "ვილეროი", "ბოხი", "ნესპრესო", "სამსუნგი" და ა.შ. -  აი, ვინ არიან მისი დამკვეთები. ფოტოგრაფის პირად საიტზე შევდივარ და პირველივე ფოტო კომოს ტბაზე გადაღებული ფოტოსესიაა, მინიმალისტურ სტილში კომოს რომანტიულ-მისტიკური გარემო იგრძნობა, დამთვალიერებელს კი უჩნდება სურვილი - იყოს ფოტოს მონაწილე.

ექსკლუზიური კერძების შეფმზარეული

ყველაფერი ბავშვობაში დაიწყო, პირველ კლასში ვიყავი, როცა ჩემი ნახატები გამოფინეს სკოლის კედლებზე, რომლითაც მაღალი კლასების ბავშვებიც კი აღფრთოვანებულები იყვნენ. მოდის დიზაინზე მინდოდა ჩამებარებინა, მაგრამ ჩემს მშობლებს არ მოსწონდათ ეს იდეა. კერძების მომზადება მომწონდა, თან გამომდიოდა, შესაბამისად, შეფ-მზარეულის პროფესიისკენ გადავიხარე. ქალაქგარეთ ვცხოვრობდით და ეს საქმიანობა გარემოსთან ტანდემში იყო. დაახლოებით 20 წლის ვიყავი, როდესაც ექსკლუზიური სამზარეულოს (ორჯერ, რომ არ მეორდება, ასეთი კერძი იგულისხმება) ხელმძღვანელობა ჩამაბარეს, სწორედ ამ დროს მივხვდი, რომ ეს არ იყო ის შემოქმედებითი პროცესი, რომელიც მომწონდა.

ასე, რომ დავიწყე რეცეპტების წერა ჟურნალებისთვის, ვწერდი კერძების მომზადების წიგნებს და ამ პერიოდში დავიწყე კონტაქტი პროფესიონალ ფოტოგრაფიასთან, ფოტოების სტილსა და კრეატიულობაზეც თავად ვზრუნავდი. თავდაპირველად კერძების ფოტოებით დავიწყე, რასაც მოჰყვა რეკლამები და ინტერიერის ფოტოები.

პირველი წარმატება ფოტოგრაფიაში

1990-იანი წლები იყო, ვმოგზაურობდი მსოფლიოს გარშემო უფრო მეტი პრაქტიკისთვის, მაგრამ ერთის მხრივ უკვე მობეზრებული მქონდა და დავიწყე მეგობრებთან წუწუნი, რადგან წინ 4-კვირიანი მოგზაურობა მელოდა ბალიზე. კიდევ ერთხელ დავფიქრდი და მივხვდი, რომ ვიტანჯები ჩემი საქმიანობით, გარშემო ყველა ფიქრობს, რომ არაჩვეულებრივი სამუშაო მაქვს და მე არ ვაფასებ სათანადოდ, თუმცა უკვე დრო იყო, რაღაც შემეცვალა.

ვიყიდე ჩემი პირველი ფართო მასშტაბის მქონე კამერა, დავიქირავე ასისტენტი, რომ ეჩვენებინა როგორ მუშაობდა კამერა და გადავიღე 6 ფოტო, კერძის, რომლის სტილზე მე ვიზრუნე, მოვამზადე და მევე გადავიღე. ამ 6 ფოტოთი წავედი რედაქტორთან და მოვიპოვე ჩემი პირველი წიგნის კონტრაქტი, როგორც ფოტოგრაფმა. ამ წიგნით მე ვისწავლე როგორ მემუშავა სინათლესთან, პროექტის დასრულების პერიოდში უკვე მყავდა აგენტი, რომელთანაც დღემდე ვთანამშრომლობ.

როგორ იქმნება მსოფლიოში წამყვანი ბრენდების რეკლამები

როდესაც ქმნი რეკლამას, მისი მთავარი მიზანია, ადამიანს გაუჩინოს სურვილი იყიდოს, შეეხოს პროდუქციას. შემოქმედებით პროცესში ყველაზე მთავარია იგრძნო რაზეა ბრენდი, რის შესახებაა. ეს კომბინირებული კრეატიულობასთან არის წარმატების გასაღები, ანუ თუ შენ გაცნობიერებული გაქვს ბრენდის არსი და შემდეგ კრეატიულობასთან თანხვედრაში მოგყავს, მაშინ ყველაფერი გამოდის. ზუსტად ვერც ახსნი ამ პროცესს. სივრცეში ზოგჯერ ან იშვიათად ერთი დეტალი იქცევს დამთვალიერებლის ყურადღებას. ადამიანები პატარა რაღაცებს ვაქცევთ ყურადღებას. საბოლოოდ ეს დეტალები ჯამდება და ერთად მთელ ფოტოს განსაკუთრებულს ხდის. რადგან პრემიუმ ბრენდებზე ვსაუბრობთ, ერთ - ერთი გამოცდილებაზე გიამბობთ. შემოქმედებითი პროცესი რამდენიმე ჩემს საყვარელ საქმიანობას მოიცავს: იყო კრეატიული, მუშაობდე საინტერესო ხალხთან ერთად და იმოგზაურო. ძალიან სასიამოვნოა მოგზაურობა, როდესაც რაღაც მნიშვნელოვანს აკეთებ. შენ აღარ ხარ ტურისტი, შენ იმ საზოგადოების ნაწილი ხდები რაღაც პერიოდით და ეს მშვენიერია.

ფოტოგრაფიის გარდა

ძალიან ბევრი რეკლამა გადავიღე "შოპარდისთვის" წელს. ფოტო პოპულარული ხდება ფოტოგრაფის, დამთვალიერებლის და მასზე გამოსახული ადამიანისა თუ საგნის წყალობით, ამ პროცესში სამივეს დიდი წვლილი აქვს. "შოპარდის" გარდა ჩემი საყვარელი ბრენდია "კარტიე", ჯერჯერობით არ მიმუშავია ამ ბრენდთან და მომავალში ვისურვებდი დიდი სიამოვნებით. სხვა ინტერესიც გამიჩნდა, ახალი გატაცება მაქვს. თუ ბავშვობაში ხატვიდან ფოტოგრაფიამდე მივედი, ახლა ისევ ფოტოგრაფიიდან ხატვამდე მივდივარ. უფრო მხატვრული მიდგომა მაქვს ფოტოგრაფიასთან. მხატვრობა მთლიანად ჩემი სიამოვნებისთვის არის და არ ვიყენებ კომერციული მიზნებისთვის. სექტემბერში მექნება პერსონალური გამოფენა ჰამბურგში.

(ფოტოები გამოგზავნილია ფოტოგრაფის მიერ პირადი არქივიდან)​

ნინო წიფურია (სპეციალურად საიტისთვის)