თბილისის ფუნიკულიორის ისტორია - რას წერდა 1905 წელს "ივერია" ქალაქის ახალ ღირსშესანიშნაობაზე?
06-02-2018
თბილისის ფუნიკულიორის ისტორია - რას წერდა 1905 წელს "ივერია" ქალაქის ახალ ღირსშესანიშნაობაზე?
ფოტოგალერეა

ქართველი თუ უცხოელი ტურისტები, თბილისში მოხვედრისას, აუცილებლად სტუმრობენ ფუნიკულიორს, რომლის ისტორიაც, ბელგიელი ინჟინერის ალფონს რობის ხელმძღვანელობით, 1900 წელს იღებს სათავეს.

უცხოელმა ინჟინერმა, ქართველებთან ერთად, 1903 წელს დაიწყო მშენებლობა და ის 2 წელში დაასრულა. მშენებლობაზე 400 ათასი მანეთი დაიხარჯა. იმ დროისთვის აიგო ფუნიკულიორის ზედა სადგური და საგუშაგო.

1905 წლის იანვარს "ივერიის" ერთ-ერთ ნომერში გაჩნდა ცნობა, რომ: "გუბერნიის სატეხნიკო კომისიამ და ქალაქის ინჟინრებმა ფუნიკულიორი დაათვალიერეს და მას მუშაობის ნება დართეს". "...როგორც
კომისია ამბობს, ვაგონის ასვლა-ჩამოსვლას ექვსი წუთი დასჭირდა, გზაში ვაგონის შესაჩერებელი მანქანა-ტორმუზიც მოსწონებია კომისიას. გაქანებული ვაგონი საჟენ-ნახევარზე შეუჩერებია უცბად. ვაგონში მოთავსდება 50 კაცი, ფასი ასვლა-ჩამოსვლა 20 კაპიკი დაუწესებიათ".



აღსანიშნავია, რომ საბჭოთა პერიოდის დროს დიდ ყურადღებას აქცევდნენ ეკოლოგიურდ სუფთა გარემოს შექმნას და ამიტომ, 1923 წელს მთაწმინდის ფერდობებზე
ახალი ტყის გაშენება დაიწყო. ფუნიკულიორის რეკონსტრუქცია კი ზაქარია ქურდიანსა და ნადეჟდა ქურდიან-ხმელნიცკაიას დაავალეს. ფუნიკულიორი ძალიან მალე ქართველი და უცხოელი სტუმრების თავშეყრის ადგილად იქცა, ეკოლოგიურად სუფთა გარემოსა და საუცხოო ხედების გარდა, სტუმრებს საშუალება ჰქონდა დაეთვალიერებინა ფუნიკულიორის მეორე სართული, რომელიც კოკა იგნატოვმა 1960-იან წლებში უნიკალური ფრესკებით მოხატა.

გასული საუკუნის 90-იან წლებში, როგორც სხვა ბევრი რამ ქვეყანაში, ფუნიკულიორიც ნგრევის პირას მივიდა. მისთვის ხელახალი სიცოცხლის მინიჭება ბიზნესმენ ბადრი პატარაკაციშვილის სახელს უკავშირდება, რომელმაც პარკ "ბომბორას" პროექტის განხორციელებით, ფუნიკულიორის ხელახალ აღორძინებას დაუდო სათავე. დროთა განმავლობაში ფუნიკულიორზე შეიცვალა გარემო, გარემონტდა შენობაც და პარკიც და დღეს ფუნიკულიორი რესტორნითა და ტერასებით, ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ღირშესანიშნაობად იქცა.



იხილეთ ფოტოგალერეა

ეკა გადახაბაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით