"გლეხის გოგო" მეფის ცოლობას უმიზნებს - კვირის პალიტრა

"გლეხის გოგო" მეფის ცოლობას უმიზნებს

ამბობენ, რომ ბრიტანული მონარქიის ურყეობის მთავარი საიდუმლო, რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, ცვლილებებისთვის მზადყოფნაა. თავად განსაჯეთ: თუ ამჟამინდელი დედოფლის, ელისაბედ II-ის ყმაწვილქალობაში სამეფო გვარის წარმომადგენლებს უბრალო ოჯახის შვილებთან ქორწინებაზე ოცნებაც არ შეეძლოთ,

პრინცმა ჩარლზმა "უბრალო არისტოკრატი" - დაიანა სპენსერი მოიყვანა ცოლად.

უფლისწულების ახალი თაობა კი სამეფო ოჯახს თავის წილ სიურპრიზებს უმზადებს. მაგალითად, პრინცი უილიამი უკვე ხუთი წელია ცხოვრობს გოგონასთან, რომელიც სოციალურ კიბეზე საშუალო კლასის წარმომადგენელია.

რა გასაკვირია, რომ წლიდან წლამდე, სამეფო ოჯახი საზოგადოების სულ უფრო დიდ ინტერესს იწვევს. ბუკინგემის სასახლეს ზოგჯერ ჟურნალისტებიც მიაყურადებენ ხოლმე - საქორწილო ზარების რეკვა ხომ არ ისმისო. პირველი "ფალშსტარტი" მაშინ შედგა, როცა პრესამ თითქმის "დანიშნა" უილიამი და ქეითი.

2006 წელს ისინი სულ უფრო ხშირად ჩნდებოდნენ  საზოგადოებაში და რომანტიკულ არდადეგებსაც კი აწყობდნენ ერთად. პუბლიკა საბოლოოდ ააფორიაქა იმ ფაქტმა, რომ მის მიდლტონს სამეფო დაცვაც კი მიუჩინეს, უმეტესად პაპარაცებისგან დასაცავად.

ცოტა ხნის წინ კი Daily Express-ში, რომელსაც სამეფო კარის გაზეთის სტატუსი აქვს და შესაბამისად, კარგად არის ინფორმირებული სამეფო ოჯახის საიდუმლოებების შესახებ, ელისაბედ II-ის მცირე კომენტარი გამოქვეყნდა, სადაც სამეფო პერსონა ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ არ აპირებს, უილიამს ცოლი  30 წლამდე შერთოს და საერთოდაც, ქეითი არ განიხილება იმ ცხოვრების ნაწილად, რომელიც დედოფალს შვილიშვილისთვის სურს.

KvirisPalitra.Geამის მიუხედავად, ა.წ. აპრილს ინფორმაცია უფლისწულის შესაძლო ქორწინების შესახებ პრესაში კიდევ ერთხელ გახმიანდა. ამის თაობაზე პრინცესა დაიანას ბიოგრაფი, თატლერ-ისა და ვანიტყ Fair-ის ჟურნალისტი, ტინა ბრაუნი იუწყებოდა და ირწმუნებოდა, რომ თავისი თვალით ნახა სამეფო კალენდარი, სადაც ქორწილი 3-4 ივნისისთვის იყო ჩანიშნული. ჟურნალისტი ასევე წერდა,  თითქოს, ამ ღირსშესანიშნავი თარიღისთვის, ბუკინგემის სასახლიდან ცნობილი შამპანურის, Dom Pegion-ის დიდი პარტია შეუკვეთეს.

ივნისიც მიილია და სამეფო ქორწილი არ გამართულა. შესაბამისად, ჭორები, უფლისწულის სასიყვარულო ურთიერთობებისა და დაქორწინების შესახებ, მომავალშიც ბევრი გავრცელდება. მანამდე კი უილიამი და ქეითი ერთმანეთთან ურთიერთობით ტკბებიან.

ყველაფერი კი ასე დაიწყო...

2002 წელს, ოქსფორდსა და კემბრიჯზე არანაკლებ პრესტიჟული, შოტლანდიის სენტ-ენდრიუსის უნივერსიტეტის სტუდენტმა თავის თანაკურსელ გოგონასთან ფლირტი გააბა. მალე პაემნებზეც დაიწყეს სიარული. ვაჟი უნივერსიტეტში მოკრძალებულად - უილიამ უელსის სახელით იყო რეგისტრირებული, მაგრამ ყველამ კარგად იცოდა, სინამდვილეში ვინც იყო. გოგონა კი ნამდვილად არ ეკუთვნოდა ბრიტანულ არისტოკრატიას. მამამისი მეწარმეა, ხოლო დედა - ბორტგამცილებელი.

საზოგადოებაში ერთად ისინი 2004 წელს გამოჩნდნენ, როცა არდადეგები შვეიცარიაში გაატარეს. 2005-ში ახალგაზრდებმა უნივერსიტეტი დაამთავრეს და უფლისწულმა სწავლა პრესტიჟულ სამხედრო აკადემიაში განაგრძო. ერთი წლის შემდეგ კი სამეფო ოჯახმა ქეითი, ოფიციალური სტუმრის სტატუსით, უილიამის გამოსაშვებ აღლუმზე დასასწრებად მიიწვია.

შემდეგ გავრცელდა ჭორები მათი დაშორების შესახებ, მაგრამ რამდენიმე თვეში ქეითი და უილიამი ისევ ერთად ნახეს, ამჯერად პრინცესა დაიანას ხსოვნისადმი მიძღვნილ კონცერტზე.

შემდეგ ახალგაზრდა ქალი სამეფო ოჯახმა შოტლანდიაში სანადიროდ დაპატიჟა. ქეითი უილიამის გარეშეც, სამეფო ოჯახის წევრებთან ერთად ორჯერ ესწრებოდა ბრიტანული არისტოკრატიის საქორწინო ცერემონიალებს.

სანამ უილიამი სამხედრო კარიერას იწყობს, ქეითი შემსყიდველად მუშაობდა სამოსის მაღაზიათა ქსელ ჟიგსაწ-ში, შემდეგ ფოტოგრაფიამ გაიტაცა და კერძო გაკვეთილებს იღებდა ცნობილ ფოტოგრაფ მარიო ტესტინოსგან, რომელიც თავის დროზე პრინცესა დაიანას პირადი ფოტოგრაფი იყო.

ასეა თუ ისე, წყვილი ოფიციალური რეგისტრაციისა და სამეფო კურთხევის გარეშეც ბედნიერად გრძნობს თავს. გაიმართება თუ არა ქორწილი? - ეს კითხვა კვლავ პასუხგაუცემელი რჩება. თუმცა, ჟურნალისტები გლეხის გოგოს უკვე უწინასწარმეტყველებენ ისეთივე პოპულარობას, როგორიც პრინცესა დაიანას ჰქონდა.