ვისი რივიერა ჯობს, თავად აირჩიეთ, ნიცა თუ მონტრე - კვირის პალიტრა

ვისი რივიერა ჯობს, თავად აირჩიეთ, ნიცა თუ მონტრე

ნიცა

მათ კი, ვისაც არა მხოლოდ დასვენება, მარიაჟობაც უნდათ, ალბათ, კლასიკური დასასვენებელი ადგილისკენ - ფრანგული რივიერისკენ უნდა აიღონ გეზი. აქ კი, რასაკვირველია, გამოირჩევა საფრანგეთის ხმელთაშუა ზღვისპირეთის უპირველესი მარგალიტი, მეფეთა და არისტოკრატთა ტრადიციული დასასვენებელი კურორტი - ნიცა.

პატარა საკურორტო ნიცა ქვეყნის სიდიდით უკვე მეხუთე ქალაქია, ხოლო ავიამგზავრების გადაყვანის მოცულობით მხოლოდ პარიზს ჩამორჩება. შესანიშნავი კლიმატისა და კარგი გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით ნიცა რამდენიმე საუკუნეა მსოფლიოს უპირველეს კურორტად ითვლება.

ის ჩვ. წ. VI საუკუნეში ძველმა ბერძნებმა დააარსეს და ლიგურიელებზე გამარჯვების აღსანიშნავად ნიკეა (გამარჯვების ქალღმერთის პატივსაცემად) უწოდეს. შუა საუკუნეებში ქალაქმა მრავალი შემოსევა გადაიტანა, საფრანგეთის მეფეებიც მუდამ ცდილობდნენ მის ხელში ჩაგდებას, თუმცა ამაოდ.

XIII-XIV საუკუნეებში ქალაქი პროვანსის მმართველების ხელში იყო, 1388 წელს კი სავოიის საგრაფოში შევიდა, სადაც 1860 წლამდე იყო, სანამ სარდინიის სამეფომ მეფე ლუდოვიკო XIV-ს არ გადასცა ტურინის ხელშეკრულების საფუძველზე. ნაპოლეონის ომების შემდეგ ნიცა ნელ-ნელა განთქმული კურორტი გახდა, რომელსაც ყოველთვის ეტანებოდნენ უცხოელები.

ნიცა ყველაფრით ხიბლავს დამსვენებლებს: ინგლისური სანაპიროთი, ძველი სახლებითა და მდიდრული სასახლეებით (გამოირჩევა სავოიის ჰერცოგთა სასახლე - ამჟამად პრეფექტურაა), მუზეუმებით (მათ შორის შაგალისა დ მატისის), რომაული ნანგრევებით, ტაძრებითა და ცხადია, რესტორნებითა და მომსახურების უმაღლესი სტანდარტით. მართალია, ეს ყოველივე ძვირია, მაგრამ პრესტიჟი ხომ ფული ღირს?

ნიცა თანდათან გახდა ბოჰემური კურორტი: აქ სხვადასხვა დროს ჩამოდიოდნენ პიკასო, მოდილიანი, კოკტო, ივ მონტანი, გრეტა გარბო, ბერტ ლანკასტერი, კატრინ დენევი, დიდგვაროვნები. აქ ყოველ წელს ჩამოდიან კინოსა თუ ესტრადის სუპერვარსკვლავები. ქალაქში თითქმის აღარ დარჩა შენობა ან ადგილი, რამე მოვლენასთან ან ცნობილ პიროვნებასთან რომ არ იყოს დაკავშირებული.

სწორედ ამიტომ, ვისაც იზიდავს ცნობილი ადამიანების საზოგადოება და მარიაჟი და თან ფულიც აქვს, მისი ადგილი ნიცაშია.

KvirisPalitra.Geმონტრე

თუ ჟენევის ტბას შვეიცარიის რივიერის, ანუ ჟენევასა და ლოზანის საპირისპირო მხრიდან მიადგებით, თქვენ მონტრეში, ანუ ოცნების ქალაქში აღმოჩნდებით, რომელშიც სულ  20000 მცხოვრებია. ეს შვეიცარიის ყველაზე მზიანი ადგილია, მთები კი ცივი ქარისგან იცავს, რაც მონტრეს სამოთხედ აქცევს.

1967 წლიდან მონტრეში ჯაზის სამყაროს ყველაზე ცნობილი ყოველწლიური ფესტივალი "მონტრე-ჯაზი" ტარდება. აქ, "მონტრე პალასის" პირდაპირ მდებარე "სტრავინსკის აუდიტორიაში" ხშირად გამოსულა ბიბი კინგი, რომლის ქანდაკებაც ყველა დამსვენებელს ეგებება. აქვეა ფრედი მერკურის ცნობილი ქანდაკება და თვით რეი ჩარლზისაც, ევიანის მთის ფონზე.

აქ უამრავი კაზინო, რესტორანი, სალონი, უმაღლესი კლასის სასტუმროა - ყველაფერი მწვანეშია ჩაძირული, მაგნოლიებით, დაფნით, ნუშითა და პალმებით დაჩრდილული კიბეები  პირდაპირ ტბის სარკისებურ ზედაპირთან ეშვება. სანაპირო კი მთლიანად ქანდაკებებს დაუპყრიათ, - ძირითადად, ჯაზის სამყაროს გრანდებს.

აქ ცხოვრობდნენ ჟან-ჟაკ რუსო, ჩარლი ჩაპლინი, ისვენებდნენ ბაირონი და ჰემინგუეი.

მონტრე არა მხოლოდ დასასვენებელი ადგილია, აქ ისინიც ჩადიან, ვისაც ჯანმრთელობის აღდგენა ან გარეგნობის შეცვლა სურთ... მაგრამ ყველას მაინც ჯაზის მოყვარულები ჭარბობენ...

რამაზ გურგენიძემ