"დროის მანქანა" დმანისში
ახლა სულ სხვანაირად გვესმის სილამაზე, მაგრამ მაშინ, როცა ეს გოგო დმანისის მიწაზე დარბოდა, იქნებ ძალიანაც ლამაზი იყო

უკან მოვიტოვეთ ხეობაში რუხი კვამლივით ჩაწოლილი, გავარვარებული ქალაქი და აღმართს შევუდექით. ჯერ მარნეულის სოფლები დავინახეთ, მისი შავად გადახნული და მწვანედ აბიბინებული მიწები. გლეხები კარტოფილს  იღებდნენ. მერე ბოლნისი გამოჩნდა - ძველებურად ხვავრიელი და მოსავლიანი, თუმცა ცოტა იერშეცვლილიც - გერმანელების აშენებული პატარა კოხტა სახლები, ფერადად შეღებილი თითქოს მაქმანებიანი ფანჯრებით, როგორც ჩანს, ისტორიას ჩაჰბარდა.

ცოტაც და,
დმანისში შევედით. მშვიდად შეგვეგება უძველესი კულტურის კერა - მწვანეში ჩაფლული, წყნარი, შრომაში ჩაბმული. უწყინარი ტრანსპორტით - ცხენის "ტაჩკით" ბაღებსა და ბოსტნებში სამუშაოდ მიმავალი გლეხები თვალს აყოლებენ ფიროსმანის ნახატებით მორთულ ავტობუსს. ძალიანაც არ ეუცხოებათ. ზაფხულობით, როცა არქეოლოგები მუშაობას იწყებენ, ვინ აღარ მოდის მათთან: მეცნიერები, დამთვალიერებლები, უცხოელი
სტუმრები...

დიდხანს აკვირდებიან აღმოჩენილ თავის ქალებსა და ნივთებს, თავის ენაზე ამბობენ რაღაცას, მაგრამ თარგმნაც არ უნდა, ისე მიხვდები - აღტაცებული არიან. ზოგს დარჩენაც უნდა და სოფელში ბინას ეძებს. ერთი კაცი თექვსმეტი წელია, ყოველ ზაფხულს ჩამოდისო. საიდან? დმანისელი გლეხი მხრებს იჩეჩს, არ ვიცი, ისე კი ძალიან შორიდანო.


გათხრების ადგილას ახლა მუზეუმიცაა. შეგიძლია არქეოლოგიურ სამუშაოებსაც დააკვირდე და უკვე აღმოჩენილიც ნახო. მუზეუმში სრულ ინფორმაციას მიიღებ. საგანგებოდ მოწყობილ ოთახში ტელეეკრანზე დმანისის გათხრების ისტორიას გაცნობენ, ვიტრინებში კი 1,8 მილიონი წლის წინანდელი ადამიანის თავის ქალები, მგლის, ჟირაფის, სამხრეთული სპილოსა და ხმალკბილა ვეფხვის ასეთივე სიძველის ნაშთებია. 

ამ აღმოჩენებმა შეცვალა მანამდე დამკვიდრებული მოსაზრება ჰომინიდების აფრიკიდან ევრაზიაში განსახლების შესახებ. აფრიკაზე უფრო ადრე აგერ აქ უცხოვრიათ - დმანისში, ბატონო! როგორები იყვნენ? ეგ ყველას აინტერესებს, ამიტომაც ეროვნულმა მუზეუმმა გადაწყვიტა, საფრანგეთში შეეკვეთა მულიაჟები. რამდენიმე წლის წინ საქართველოში ჩამოიტანეს ფრანგი მოქანდაკის, ელისაბედ დენის ნახელავი - 1,8 მილიონი წლის ქალისა და მამაკაცის თავები. მათ ქართველებმა ქართული სახელები შეურჩიეს - ზეზვა და მზია.

აფერუმ, ელისაბედ დენის! გამომეტყველებაც კი ისე აქვს დაჭერილი, რომ პირველი ადამიანების შიში შეუცნობლისა და ლამის ყოველი ხის უკან ჩასაფრებული საფრთხისადმი სრულყოფილად იკითხება. მზია ოდნავ რომანტიკულიც კია, მომწვანო თვალებს მეოცნებე იერი დაჰკრავს. აბა, როგორ, ის ხომ დედაა! მისი პირმშო კი, რომლის ნაშთებიც 2001 წელს აღმოჩნდა დმანისში, ფრანგმა მოქანდაკემ სულ ახლახან "გააცოცხლა".  მეჩხერი ბეწვით დაფარულ სხეულს ლამაზს ვერ დაარქმევ. ახლა სულ სხვანაირად გვესმის სილამაზე, მაგრამ მაშინ, როცა ეს გოგო დმანისის მიწაზე დარბოდა, იქნებ ძალიანაც ლამაზი იყო.

- ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში მომიხდა ჩამოსვლა და ამ უნიკალური აღმოჩენების მულიაჟების შექმნა, - ამბობს ელისაბედ დენი, - ამ გოგონას ფიგურაც, როგორც ზეზვასი და მზიასი, საფრანგეთში შეიქმნა. სულ ხუთი თვე დამჭირდა მოზარდის ფიგურის აღსადგენად. ჩემი სამუშაო ძალიან ჰგავს კრიმინალისტისას. ვიღებ თავის ქალას, ჩონჩხის ფრაგმენტებს და მათი აღდგენის შემდეგ ვიწყებ სილიკონით ხორცშესხმას.

ელისაბედს ჟურნალისტები ეხვევიან თავს, კიდევ თუ გააკეთებთ რამესო... ეღიმება მოქანდაკეს, ყურადღებაც სიამოვნებს.

KvirisPalitra.Geჟურნალისტები ყველაზე ბევრ შეკითხვას მაინც ეროვნული მუზეუმის დირექტორს, დმანისის გათხრების ხელმძღვანელ დავით ლორთქიფანიძეს უსვამენ: როდის, როგორ დაიწყო გათხრები დმანისში, რა მნიშვნელობისაა ეს ყველაფერი და რას ელოდებიან კიდევ? ისიც მოთმინებით იმეორებს უკვე არაერთგზის თქმულს.

იმასაც ამბობს, რომ ჩვენ, ქართველებს, გვაქვს უნიკალური საშუალება მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოვექცეთ, რომ უამრავ ადამიანს აინტერესებს პირველი ევროპელების ნახვა და დმანისის მუზეუმიც, ჩვენდა საამაყოდ, უმაღლეს დონეზეა გაკეთებული.

მარტო პალეოანთროპოლოგიური ნაშთები კი არა, შემდგომი დროის კულტურული შრეებიც ძალიან საინტერესოა დმანისში. მაგალითად, ძვ.წ. I ათასწლეულის სამარხები, სადაც მიცვალებულებს ზურგზე გაშოტილებს, ლოტოსის პოზაში მარხავდნენ; ან XV-XVIII საუკუნეების კულტურული ფენები. საინტერესოა ისიც, რომ აქ გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ მუსლიმანები და ქრისტიანები. როცა ფერადი ქვით ნაშენ უმშვენიერეს დმანისის სიონში ქრისტიანები ლოცულობდნენ, ორ ნაბიჯზე მუსლიმანები დადიოდნენ მეჩეთში. შემორჩენილია მუსლიმანური აკლდამებიც - ახლა თავაბალახებული პატარა ნაგებობები. დმანისის მიწა კი ლამის დაჭორფლილია პატარ-პატარა ქრისტიანული ტაძრებით.

თბილისში ვბრუნდებით. დაღმართის ბოლოს ისევ გამოჩნდა რუხი, ერთნაირკორპუსიანი მასივები. ქალაქი მძიმედ სუნთქავს, გადაჭედილია და გახვითქული. არადა, იყო დრო, როცა სულ სხვაგან დუღდა ცხოვრება, ინტერესთა სიმძიმის ცენტრიც სხვაგან იყო ღუზასავით ჩაშვებული. ის დრო უკან მოვიტოვეთ უმშვენიერეს დმანისთან ერთად... მაგრამ ყოველ წუთს, როცა მოგინდება ყველაფერი დატოვო და შეხვდე წარსულს, ამას სულ იოლად მოახერხებ. თბილისიდან საათ-ნახევრის სავალზე, დმანისში, "დროის მანქანა" მუშაობს.



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

div>
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა