აქ, მიწიერ სამოთხეში - კვირის პალიტრა

აქ, მიწიერ სამოთხეში

პაპანაქება ზაფხულია და ქალაქიდან ვერ გავდივარ, განა მარტო მე ვარ ასეთ დღეში? მაგრამ რას ვიზამთ... სამაგიეროდ, ტელევიზორს მივუჯდები ხოლმე და მსოფლიოში ვმოგზაურობ. იქნებ თქვენი გაზეთის საშუალებით მსოფლიოში ცნობილი კურორტების შესახებ მცირე იფნორმაცია მოგვაწოდოთ, წავიკითხავ და, რომ იტყვიან, "თვალს წყალს მაინც დავალევინებ".

ინდოჩინეთის ნახევარკუნძულზე მდებარე 60-მილიონიანი ტაილანდი ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველია - აქ არის ტურისტულ სამოთხეებად აღიარებული კურორტები: პატაია, ფხუკეტი, სამუი, ჩანგი, ტყუპი კუნძული ფხი-ფხი და უძველესი კურორტი ხუა-ხინი.

მართალია, ტაილანდი ბუდისტური, შედარებით თავისუფალი და მეტად მშვიდი ქვეყანაა, მაგრამ მაინც აკრძალულია: სიყვარულის საქვეყნოდ დემონსტრირება; რელიგიისა და სამეფო ოჯახის გაკრიტიკება; მრისხანების საჯაროდ გამოვლენა; უგემოვნოდ ჩაცმა; ხოლო მხარზე ხელის მოთათუნება ტაილანდელისათვის დიდი შეურაცხყოფაა.

KvirisPalitra.Geთუ თქვენ ამ მოთხოვნებს "აკმაყოფილებთ" და ტაილანდურ ძალიან ცხარე კერძებთან შეჩვევაც არ გაგიჭირდებათ, ყველა პირობა გაქვთ საუკეთესო დასვენებისთვის...

პატაია არის არა მხოლოდ ტაილანდის, არამედ მთელი აზიის საუკეთესო კურორტი.

მისი მთავარი ღირსშესანიშნაობა სანაქებო პლაჟებია, ამასთან, გართობისა და დასვენების სავალდებულო კომპლექსის (წყლის თხილამურები, აკვალანგები, ვიდსერფინგი, დაივინგი, პარასეილინგი და ა.შ., ასევე ჩოგბურთი, ბოულინგი, ბილიარდი, გოლფი, ცხენით სეირნობა და სხვ.) გარდა, მხოლოდ აქ შეგიძლიათ ნახოთ მსოფლიოში უდიდესი ნიანგების ფერმა და გაწვრთნილი სპილოების შოუ. ხოლო, თუ ზღვის მარგალიტების ფერმის ნახვაც გსურთ, ტროპიკული ბუნებითა და სუფთა წყლით განთქმულ ფხუკეტს უნდა ეწვიოთ. აქვე ნახავთ ამ ქალაქის დიდებულ არქიტექტურულ ძეგლებს, რომლებიც ჩინურ-პორტუგალიურ სტილშია ნაგები. მოინახულებთ ნაციონალურ პარკში უმდიდრეს აკვარიუმს.

სამუი ტაილანდის სიდიდით მესამე კუნძულია, სადაც რომანტიკა და სიმშვიდე მეფობს. სამუის მთავარი ღირსშესანიშნაობებია: ორი ჩანჩქერი - ხინ ლატი და 30 მ სიგანის ნა-მუანგი, ასევე წყალქვეშა ნაციონალური პარკი ანგ-ტხონგი, ბატ-ხინ-ნგუს დიდებული ტაძარი ბუდას ოქროს ქანდაკებით და ორიგინალური ,,მაიმუნების თეატრი".

KvirisPalitra.Geტყუპი კუნძული ფხი-ფხი კი ცნობილი გახდა აქ გადაღებული მხატვრული ფილმის, "პლაჟის" შემდეგ. ორივე კუნძული საოცარი სილამაზით გამოირჩევა. აქ არ დადის ავტომობილი, მხოლოდ ნავებსა და კანოებს იყენებენ, ეს კუნძულები იმისთვისაა, რომ ადამიანი ბუნებით დატკბეს.

დაბოლოს, უმადურობა იქნება, არ მოინახულოთ ხუა-ხინი - ტაილანდის უძველესი კურორტი, რომელიც გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან ხიბლავს ტურისტებს. ანანასისპალმებიანი უგრძესი სუფთა პლაჟებით ხუა-ხინი ყველას აძლევს საშუალებას, მიიღოს უდიდესი სიამოვნება. მთავარი ღირსშესანიშნაობა, რომლითაც ამაყობს ხუა-ხინი, "სამასი მწვერვალის" ნაციონალური პარკია.

მას განცვიფრებაში მოჰყავს მნახველი ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით. ეს კუნძული ადამიანს პირდაპირ მუხტავს სასიცოცხლო ენერგიითა და ბედნიერების შეგრძნებით და მას აუცილებლად უჩნდება აქ დაბრუნების დაუძლეველი სურვილი.

რამაზ გურგენიძე