"საქართველოში ქალი თითქმის ყველაფერს უთმობს კაცს" - კვირის პალიტრა

"საქართველოში ქალი თითქმის ყველაფერს უთმობს კაცს"

"ქმრები მიდიან და სხვა პარტნიორებს პოულობენ, როლებთანაც თავს უკეთ გრძნობენ და ოჯახი ინგრევა"

როდის აქვს "დეჟავუ" ლიკა ქორქიას რატომ არის რთული, ცხოვრობდე საქართველოში და იყო ქალი? რატომ არ იყენებენ ჩვენი ქვეყნის ქალები საკუთარ ადამიანურ რესურსებს? რა პრობლემებს აწყდებიან არარეალიზებული ადამიანები, რომლებიც შემდეგ, გარშემო მყოფებსაც დისკომფორტს უქმნიან? - ამის შესახებ ტელეწამყვანი ლიკა ქორქია გვესაუბრება...

- საქართველოში ქალად ყოფნა რთულია, რადგან მგონია, რომ ჩვენი მენტალური მდგომარეობა ვერ განვითარდა. როცა ისტორიულ ნაწარმოებებს ვკითხულობ, ხანდახან ვხვდები, რომ "იმის იქით" არ მივდივართ. ხშირად მესმის - იმის გამო, რომ მაგალითად, რთული ისტორია გვქონდა, თანამედროვე ცივილიზაციას ვერ დავეწიეთ და ნელ-ნელა მივდივართ წინო - ეს "ნელ-ნელა" უკვე ძალიან მაღიზიანებს. მთელი მსოფლიო სხვა სტანდარტზე გადავიდა, ადამიანები სხვანაირად ცხოვრობენ, მაგრამ ჩვენ მაინც "ნელ-ნელა" ვეწევით იმ ცივილიზებულ ნაწილს, რაც ჩვენთვის მისაბაძ ქვეყნებს ბევრი ათწლეულის წინ ჰქონდათ. შესაბამისად, აქ რთული სიტუაციაა, რაღაც დოგმებია. მაგალითად, ოჯახში ბიჭის დაბადებას განსაკუთრებულად აღნიშნავენ, გოგოს დაბადებისას ისეთი მონდომებულები არ არიან - უხარიათ, რა...

შემდეგ, ოჯახი თუ გადაწყვეტს, შვილები სწავლობენ (რაც ძალიან მიხარია). უკვე ის ტენდენცია ყალიბდება, რომ ზოგადი სწავლა-განათლება აუცილებელია. ზოგადი განათლების "იქით" ოჯახები მაინც არ ზრუნავენ. ჰოდა, მერე გოგო უნდა გათხოვდეს, გააჩინოს შვილები, დაჯდეს სახლში და დაელოდოს მეუღლის ფინანსურ გაძლიერებას, რომ ქმარმა ელემენტარული თანხა მისცეს საჭმლის მოსამზადებლად, ბავშვების მოსავლელად, ტანსაცმლის შესაძენად, ანუ სხვა მხრივ, ქალის რეალიზება არ ხდება, მისი ადამიანური რესურსი იკარგება. შესაბამისად, მგონია, რომ საქართველოში ქალებს გასაქანი დიდად არ აქვთ.

- შენს ოჯახში როგორი სიტუაცია იყო - ოდესმე დებს გულისწყვეტა გიგრძნიათ იმის გამო, რომ გოგონები იყავით?

- ალბათ, მხოლოდ ბავშვობაში, როცა ფეხბურთს ისე ვერ ვთამაშობდით, როგორც ბიჭები, თუმცა კალათბურთს ბიჭებზე უკეთ ვთამაშობდით (იღიმის).

- შენთვის რა არის პრიორიტეტული ცხოვრებაში?

- საკუთარი თავის რეალიზება. ირგვლივ მყოფ ადამიანებს სულ ვაკვირდები: ვიბადებით, ვიზრდებთ, მეტ-ნაკლებად განათლებას ვიღებთ. მერე ზოგი ძალიან ადრეულ ასაკში თხოვდება, ზოგი - მოგვიანებით და იწყება განსხვავებული ცხოვრება, რადგან ცალკე კომპლექსები იჩენს თავს, რომლებიც მამაკაცებს აქვთ, ქალი კი თითქოს ყველაფერს უთმობს კაცს, რომ კონფლიქტი არ გამოიწვიოს და ბევრ კომპრომისზე მიდის. ჩვენს ქვეყანაში უმძიმესი სოციალური სიტუაციაა, სამსახურები არ არის, მაგრამ საკუთარი თავის რეალიზაცია მხოლოდ 9-დან 12 საათამდე მუშაობა ხომ არ არის? შეგიძლია მოძებნო, რაც "შენია". ჩვენ ერთსა და იმავეს ვხედავთ: ქალები შვილებს აჩენენ (რაც ძალიან კარგია), დილა მათზე ზრუნვით იწყება... ცოტა დრო თუ დარჩათ, შეიძლება სადმე გავიდნენ. იშვიათად შესაძლოა, მეუღლესთან ერთად, რამე ღონისძიებას დაესწრონ. მაინც რუტინაა. ქალებს დროც არ რჩებათ, რომ უბრალოდ, დასხდნენ და წიგნი წაიკითხონ.

არაფერს ისეთი დიდი სიამოვნება არ მოაქვს, როგორიც წიგნის კითხვას. ყოველ წაკითხულ ლიტერატურულ ნაწარმოებს სხვა დონეზე აჰყავხარ... ან თუკი ქალს ხატვა გიყვარს, ხატე, წერე, ივარჯიშე, ბიზნესი "აკეთე"... შენში არსებულ რესურსს ნუ დაკარგავ. ქართველი ქალების უმრავლესობა ამისთვის ვერ იცლის, რადგან პრიორიტეტები სხვანაირად გადანაწილდა...

მერე ოჯახური პრობლემები იწყება: ცოლები ქმრებით ქრონიკულად უკმაყოფილო არიან, რადგან არსებულ სოციალურ სიტუაციაში, ქმრებიც იმდენ ფულს ვერ შოულობენ, რომ ცოლის მოთხოვნები დააკმაყოფილონ. შესაბამისად, ოჯახში მუდმივი ჩხუბია. მერე ქმრები მიდიან და სხვა პარტნიორებს პოულობენ, როლებთანაც თავს უკეთ გრძნობენ და ოჯახი ინგრევა - ბედნიერები არ არიან. ეს რის გამო ხდება? ჩვენთან მეტ-ნაკლებად რეალიზებული მამაკაცი გახლავთ, ქალი "გამტარის" მოვალეობას ასრულებს.(გაგრძელება)