თბილისური ტრამვაის ისტორია - კვირის პალიტრა

თბილისური ტრამვაის ისტორია

ძველი თბილისის ისტორიის გახსენება წარმოუდგენელია ისეთი კოლორიტული ტრანსპორტის გარეშე, როგორიცაა კონკა და ტრამვაი.

პირველი ე.წ. კონკა თბილისში 1883 წელს გამოჩნდა. მისი პირველი მარშრუტი ერთმანეთს ვორონცოვის მოედანსა და რკინიგზის სადგურს აკავშირებდა, რაც მოგვიანებით თავისუფლების მოედნამდე დააგრძელეს.

XX საუკუნის დასაწყისში, მაშინ როცა ქართული ელიტა ქვეყანაში სიახლეების დანერგვას ცდილობდა, ყველასთვის ნათელი იყო, რომ ძველებური "კონკა“ ახალი ტექნოლოგიით უნდა ჩანაცვლებულიყო. სწორედ ამიტომ, 1904 წელს, ბელგიური კომპანიის დახმარებით თბილისში "კონკა“ ელექტრო ტრამვაიმ ჩაანაცვლა.

1969 წლისთვის, ტრამვაის ლიანდაგის საერთო სიგრძემ 105 კილომეტრს მიაღწია, 1974 წელს ტრამვაის ქსელი ორ ნაწილად გაიყო, ახლადმშენებარე გარეუბნებში ტრამვაის ხაზის გაყვანას გეგმავდნენ, თუმცა 1989 წელს ტრამვაის ქსელის შეკვეცა დაიწყო, ხოლო 2006 წლის 4 დეკემბერს ტრამვაისა და ტროლეიბუსის ხაზები მთლიანად გაუქმდა

2013 წლისთვის თბილისის მერია ტრამვაის ხაზის აღდგენას აანონსებდა. მათ ჩეხური წარმოების ტრამვაის 2 მოდელი უნდა შემოეყვანათ.

თბილისის ახალი ტრამვაის პირველ ხაზს რუსთაველზე და სხვა ცენტრალურ გამზირებზე უნდა გაევლო და ქალაქის ცენტრს გარეუბნებთან დააკავშირებდა. ფრანგული კომპანია "სისტრას" პრეზენტაციის მიხედვით, თბილისში ტრამვაის მარშრუტი უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან დაიწყებოდა და ორთაჭალის ავტოსადგურთან დამთავრდებოდა.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამ სახეობას მგზავრთა უფრო დიდი რაოდენობა უნდა გადაეყვანა და მგზავრობაც უფრო იაფი უნდა ყოფილიყო, თუმცა პროექტი ჯერ არ განხორციელებულა.

იხილეთ ფოტოგალერეა: თბილისური ტრამვაის ისტორია

ეკა გადახაბაძე