"მამასთან ურთიერთობა არ მაქვს. სადმე რომ შემხვდეს, ალბათ ვერც ვიცნობ" - კვირის პალიტრა

"მამასთან ურთიერთობა არ მაქვს. სადმე რომ შემხვდეს, ალბათ ვერც ვიცნობ"

გზა რთული ბავშვობიდან წარმატებულ სამოდელო კარიერამდე - დიასახლისობითა და მიზანდასახულობით მისაბაძი ლამაზმანი

სამოდელო სააგენტო "ატრინის" მოდელი მერი ტარიელაშვილი გასული წლის მიწურულს თურქეთში გამართულ სილამაზის კონკურსიდან გამარჯვებული დაბრუნა. ის "მის ევრაზია" გახდა. ამ ტიტულთან ერთად, ის კიდევ 4 ნომინაციაში დაასახელეს.

მარი ტარიელაშვილი:

- თბილისში დავიბადე და გავიზარდე. დედა ეროვნებით ოსია, მამა - ქართველი. დედა ძალიან პატარა - 15 წლის გათხოვდა, 16 წლისას უკვე მე ვყავდი, მალევე ჩემი ძმაც დაიბადა და სამწუხაროდ, მერე ჩემი მშობლები დაშორდნენ. მამასთან ურთიერთობა არ გვაქვს. სადმე რომ შემხვდეს, ალბათ ვერც ვიცნობ. დედა გვზრდიდა და ერთდროულად 2 ადგილას მუშაობდა. ჩემთვის არასოდეს შეუმოწმებია გაკვეთილები... არც არავინ მთხოვდა, მაგრამ პატარაობიდანვე საკუთარ თავს შთავაგონე, რომ აუცილებლად კარგად უნდა მესწავლა. ფრანგული ენის მასწავლებელს დღემდე მაგალითად მოჰყავს ფაქტი, რომ არ მქონდა წიგნები, მაგრამ ყოველთვის ვახერხებდი გაკვეთილების მომზადებას. დედა ჩემთვის გმირია, მან იმდენი შეძლო, რომ ორივე შვილს უმაღლესი განათლების მიღებაში დაგვეხმარა. მახსოვს აბიტურიენტობის ურთულესი პერიოდი. მაშინ მეუბნებოდნენ, რომ სახელმწიფო გრანტის მიღება შეუძლებელი იყო, მხოლოდ ნაცნობობით ხდებოდა და ა.შ. მაგრამ მე მაინც ვცდილობდი, ბევრს ვმეცადინეობდი და შევძელი კიდეც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 100%-იანი დაფინანსებით სწავლა.

- მოდელობა რა ასაკიდან დაიწყე?

- როგორც ბევრი პატარა გოგო, მეც ბავშვობიდან ვოცნებობდი მოდელობაზე. დედა სახლიდან რომ მიდიოდა, დაქალებთან ერთად ჩვენებებსა და კონცერტებს ვაწყობდი, ვიზომავდით დედას კაბებს, მაღალქუსლიან ფეხსაცმელს, ვითხიპნებოდით ტუჩსაცხით... ამ მოგონების შთაგონებით, გადავწყვიტე, მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლს ვესტუმრო, გავახარო და გავახალისო პატარა პრინცესები. მე მათ ვეტყვი, რომ თუ ძალიან მოინდომებენ, აუცილებლად მიაღწევენ დასახულ მიზნებს.

- რამ შეცვალა შენი ცხოვრება?

- 3 წლის წინ, ბარბარობის ღამეს, გაზით მოვიწამლე და შემთხვევით გადავრჩი... ამ ფაქტის შემდეგ ბევრი რამ შევცვალე ჩემს ცხოვრებაში. პირველ რიგში, გამოვიცვალე ფაკულტეტი და პარალელურად, ვცადე ბედი სამოდელო სააგენტოში. მეუბნებოდნენ, რომ მოდის სფეროში, განსაკუთრებით კი მსოფლიო სილამაზის კონკურსში გამარჯვება წარმოუდგენელიაო. წელს კი "მის ევრაზია" გავხდი. ზოგჯერ მგონია, რომ დამესიზმრა, მაგრამ გვირგვინი და ნომინაციები ადგილზეა.

- გარდა იმისა, რომ სამოდელო საქმიანობას ეწევი, კიდევ რა პროფესია გაქვს?

- პროფესიით ფსიქოლოგი ვარ. ვთანამშრომლობ რამდენიმე კომპანიასთან ორგანიზაციული ფსიქოლოგიის მიმართულებით. მაქვს დასაქმების სააგენტოც და ძალიან მალე ვიწყებ პროექტს, რომლის საშუალებითაც დავეხმარები ახალგაზრდებს, რომ სწორად შეარჩიონ პროფესია. (გაგრძელება)