ხორვატია - ადრიატიკის მარგალიტი - კვირის პალიტრა

ხორვატია - ადრიატიკის მარგალიტი

კარგა ხანია, ხორვატია, ყოფილი იუგოსლავიის ქვეყანა, უნიკალური კულტურით, ისტორიული და არქეოლოგიური ძეგლებით კომფორტული დასვენების მოტრფიალე ტურისტებმა "თავიდან აღმოაჩინეს", ხოლო ჰოლივუდის ვარსკვლავებისა თუ სხვა ცნობილ პირთა სტუმრობა აქ უკვე ჩვეულებრივი ამბავია.

ქვეყანაში საოცარი ბუნებაა - 1185 კუნძული, შვიდი ნაციონალური პარკი (ბევრი სასტუმრო პარკების შუაგულშია, სადაც სტუმრებს მაღალი დონის მომსახურებას სთავაზობენ), უამრავი ტბა, ფრიალო კლდეები, ულამაზესი ყურეები, თერმული წყაროები, უძველესი სიმაგრეები თუ კოშკები. ამ ქვეყანაში დასვენებას სპლიტში ან უჩვეულო სახელწოდების კუნძულ კრკზე გირჩევთ.

სპლიტი

სპლიტი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში არის შეტანილი. ეს საუცხოო საკურორტო ქალაქი 20000 მცხოვრებით  შუა დალმაციის ადმინისტრაციული და ტურისტული ცენტრია, რეგიონის მთავარი აეროპორტითა და უმსხვილესი პორტით. ეს არის თანამედროვე კურორტი სტანდარტული კომპლექსით და მდიდრული სასტუმროებით.

305 წელს რომის იმპერატორმა დიოკლეტიანემ სპლიტში ააგო სასახლე, რომლის ფართობიც 30000 კვმ-ს შეადგენდა. ის ერთდროულად კომფორტული საცხოვრებელი და ამავე დროს სამხედრო ბანაკი იყო. 400 წლის შემდეგ მის კედლებს თავი მეზობელი ქალაქებიდან ჩასულმა ლტოლვილებმა შეაფარეს - ასე გადაიქცა სასახლე ქალაქად და მისი სახელწოდებაც სპლიტი (პალატიუმ) ლათინურიდან სწორედ სასახლედ ითარგმნება.

სპლიტი ცნობილია ასევე უფრო გვიანი - XV-XVI საუკუნეების არქეოლოგიური ძეგლებით, მუზეუმებითა და სურათების გალერეებით. ხოლო ისეთი შედევრები, როგორიცაა იუპიტერის ტაძარი, საკათედრო ტაძარი, პროკურაციის მოედანი და ოქროსა და ვერცხლის ჭიშკრები, ადრიატიკის ყველაზე საინტერესო კულტურულ ძეგლებად მიიჩნევა.

KvirisPalitra.Geკუნძული კრკ

ქვეყნის კუნძულების მარგალიტია "ოქროს კუნძული", ანუ კრკ - უდიდესი კუნძული ადრიატიკაზე 70-მდე დასახლებითა და 16500 მცხოვრებით. კრკს მწვანე კუნძულსა და  მზის კუნძულსაც უწოდებენ. თავად ხორვატელთათვის კი მთავარი ის არის, რომ აქ არის შემონახული ხორვატული დამწერლობის უძველესი ნიმუშიI - ე.წ. ბაშჩანის წარწერა და მრავალი წერილობითი ძეგლი.

სხვათა შორის, კრკის ქალაქ ვბრნიკთან 48 წელს გაიმართა საზღვაო შეტაკება იულიუს კეისარსა და პომპეუსს შორის. ადრეულ შუა საუკუნეებში კრკ ბიზანტიის პროტექტორატში შედიოდა, შემდეგ - ვენეციის,  XI საუკუნის მეორე ნახევრიდან კი - ხორვატიის დამოუკიდებელი სამეფოს. 1358 წლიდან ის გაერთიანებული უნგრულ-ხორვატული სახელმწიფოს შემადგენლობაში მოექცა, ხოლო 1480-დან 1797 წლამდე ისევ ვენეციას დაექვემდებარა.

აქაურ კურორტებზე ვერ მოიწყენთ, - სტუმრების განკარგულებაშია ჩოგბურთის კორტები, ფრენბურთისა და კალათბურთის მოედნები, წყლის ატრაქციონები,  რესტორნები მხოლოდ ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი კერძების ფართო არჩევანით. მდიდარია წყალქვეშა სამყაროც - სწორედ ამიტომ კუნძულზე რამდენიმე ადგილობრივი და საერთაშორისო დაივინგკლუბია.

რამაზ გურგენიძემ