IX სიუჟეტი (საროიანის სიუჟეტებიდან) - კვირის პალიტრა

IX სიუჟეტი (საროიანის სიუჟეტებიდან)

ესაა ვარამი ერთი უბრალო ქმრისა, რომელსაც მხოლოდ შემწვარი ბატის მირთმევა სურდა, მაგრამ უგულო ცოლმა ხელი ჰკრა საბრალოს, უგულებელყო მისი სურვილი და სიმპათიურ, მაგრამ ქედმაღალ საყვარელში გაცვალა იგი!

ერთ დილით ქმარმა ცოლს შესაწვავად გამზადებული დაკლული ბატი მიუტანა და უთხრა:

- მომიმზადე ეს ფრინველი, საღამოს შინ დავბრუნდები და სიამოვნებით გეახლები.

ცოლმა შიგნეული გამოაცალა ბატს, გაასუფთავა და მოამზადა. საღამოს საყვარელი ეწვია, ვიზიტის დასასრულს კი არცთუ მორიდებით ჰკითხა, ძმაკაცებთან იქნებ რამე საჭმელი გამატანოო. მერე პასუხსაც არ დაელოდა, ღუმელში შეიხედა და შებრაწული ფრინველი აღმოაჩინა.

- ეს ჩემი ქმრისთვისაა! - განაცხადა ქალბატონმა.

- მე უნდა დამითმო! - უპასუხა თავხედმა ლოველასმა, - არ დამითმობ და სამუდამოდ დაგივიწყებ!

საბოლოოდ ვაჟმა ნადავლით ხელში დატოვა სახლი. საღამოს კი შინ მშიერი ქმარი მოვიდა, მაგიდას მიუჯდა და სასურველი კერძი მოითხოვა:

- მიდი, ცოლო, მომიტანე ჩემი შემწვარი ბატი!

- რა ბატი?

- დილით რომ მოვიტანე შესაწვავად!

- რაო? სერიოზულად ამბობ? არაფერი მოგიტანია, შემთხვევით ხომ არ დაგესიზმრა?

- ქალო, სასწრაფოდ მომართვი ჩემი კერძი! - დაიღრიალა გამძვინვარებულმა კაცმა. ქალი კი რისი ქალია, თუ გამოსავალი არ იპოვა და ხმამაღლა მოთქმას მოჰყვა:

- მიშველეთ, ხალხო, გამიგიჟდა ქმარი, მოლანდებები დაეწყო, სიზმარი ცხადი ჰგონია!

ყვირილზე მართლაც მოირბინეს მეზობლებმა, რა თქმა უნდა, ქალს უფრო დაუჯერეს და ქმარსაც, დუმილის გარდა, სხვა გზა აღარ დარჩა. ცარიელი ყველი და პური მიირთვა და ზედაც წყალი დააყოლა.

KvirisPalitra.Geმეორე დილით ყველაფერი ისევ თავიდან დაიწყო; უნდილმა ქმარმა ისევ მოიტანა დაკლული ფრინველი, ცოლს თვალებთან მიუტანა და ჩაეკითხა:

- არის ეს ბატი?

- არის, - უპასუხა ვერაგმა ცოლმა.

- მესიზმრება?

- არა.

- ეს ბატის თავია?

- დიახ.

- ეს ფრთა უნდა იყოს!

- კი, ნამდვილად.

- ეს კი ბუმბულია, ხომ ხედავ?

- როგორ არა.

- კარგი მაშინ, მოამზადე და საღამოს მომართვი, შინ რომ დავბრუნდები!

ქალმა ბატი მოამზადა და სად იყო და სად არა, საყვარელიც გამოჩნდა.

- დღესაც ბატი გვაქვს შემწვარი? სუნი მცემს!

- კი, მაგრამ ვეღარ გაგატან, იმ დღეს ქმარმა საშინელი სცენა გამიმართა, ძლივს ვიმართლე თავი. ეს უკვე მეტისმეტია, ძალიან მიყვარხარ, მაგრამ ვერაფერს ვიზამ, - უპასუხა შეწუხებულმა ქალმა.

- ან გიყვარვარ, ან არა. ბატს თუ გამატან, ვიგრძნობ, რომ გიყვარვარ, მაგრამ თუ არ მომცემ, შენს სიტყვებს ვერაფრით დავიჯერებ და სამუდამოდ დამკარგავ!

ამ არგუმენტმა გაჭრა და ზარ-ზეიმით მომზადებული კერძი ისევ თავგასულ საყვარელს დარჩა...

საღამოს ისევ მოითხოვა საცოდავმა ქმარმა თავისი ულუფა და, სამწუხაროდ, ისევ გაწბილებული დარჩა. გამწარებულმა ქალმა იგივე სცენა გაითამაშა და აკივლდა:

- ჩემი საცოდავი ქმარი, სულ გამიგიჟდა! ბატი, ბატი, ბატიო... რა ბატი, რის ბატი?! აბა ბატს სად ხედავ! ჩემი საცოდავი, სულელი ქმარი, მთლად ჭკუიდან გადავიდა, ვაი ჩემს დღეს, ვაი!..

ახალი ვარიაციებით გათამაშებულმა სცენამ შედეგი გამოიღო, ხმაურზე შემოცვენილმა მეზობლებმა, ვერაფრით რომ ვერ გაარკვიეს რა ხდებოდა, კვლავ ,,უმწეო" ქალს დაუჯერეს და გაწბილებულ ქმარს ისევ მშიერს მოუწია დაძინებამ.

მესამე დღეს უბედურმა კაცმა მესამე დაკლული ბატი ჩამოიტანა ქალაქიდან, მაგრამ ამჯერად ხერხი იხმარა: მაღალი მტვირთავი დაიქირავა, ფრინველი სინზე დაუდო და თავზე შემოდგმული წამოაღებინა. თან ექვსკაციანი ორკესტრიც იახლა.

მუსიკოსები მტვირთავს წრედ შემოერტყნენ და მუსიკითა და ზარ-ზეიმით შევიდნენ ეზოში. უკან სეირის მაყურებლები მოჰყვებოდნენ. ხმაურმა მეზობლებიც გამოყარა ოთახებიდან. კაცმა კი ამით ისარგებლა და ხალხს მიმართა: "მაჰმადიანებო, მეზობლებო, დანო და ძმანო, დაინახეთ, ეს ხომ ნამდვილად ბატია!" - სინზე დადებული ფრინველი მაღლა ასწია, შემდეგ კი ცოლს გადასცა და თან დააყოლა:

- ახლა კი შემიწვი ეს დაწყევლილი ბატი და საღამოს მომართვი!

ცოლმა ისევ გაასუფთავა დაკლული ფრინველი და შეწვა. ამ დროს კი... ჰოი, საოცრებავ! ისევ საყვარელი არ მოადგა?

თავს აღარ შეგაწყენთ ამაღელვებელი სცენის დაწვრილებით აღწერით. გეტყვით მხოლოდ, რომ იყო ცრემლი, ამბორი, სირბილი, შეხლა-შემოხლა... მერე კვლავ ცრემლები, უფრო მეტი კოცნა და... გამარჯვებული საყვარელი ისევ შემწვარი ბატით ხელდამშვენებული წავიდა.

ამასობაში საბრალო ქმარი ქუჩაში ძველ მეგობარს გადაეყარა და გახარებულმა დაპატიჟა სადილსა და ცოტაოდენ რახზე.

ორმა მეგობარმა სახლში შეაბიჯა. ქმარმა ცოლს ჩუმად ჩასჩურჩულა, ბატი თუ შემიწვიო.

- დიახ, შეგიწვი, სამზარეულოშია, ღუმელში, - უპასუხა ქალმა.

- მაშ სუფრა გააწყვე!

- კი, მაგრამ პური გამითავდა და იქნებ შენს ბიძაშვილთან გადახვიდე, გასესხებს.

- კარგი, მე მალე დავბრუნდები...

უბადრუკი ქმარი ბუზღუნით წავიდა ნათესავთან, ცოლმა კი ამასობაში დრო იხელთა, ქმრის მეგობარი დაიმარტოხელა და ქვითინით უამბო, როგორ გაუგიჟდა მეუღლე. თან არწმუნებდა, არანაირი ბატი არ მოუტანია, შენ კი იმისთვის დაგპატიჟა, რომ მჭრელი დანით ყელი გამოგჭრასო. ბოლოს ურჩია, სანამ დრო იყო, გაქცეულიყო.

დაუჯერა გაოცებულმა სტუმარმა და შეშინებულმა სირბილით მოუსვა შინისაკენ.

ცოტა ხანში ქმარიც დაბრუნდა, თვალზე ცრემლშეუმშრალმა ქალმა კი უსაყვედურა, ეს რა მეგობარი გყოლია, წაიღო შენი შემწვარი ბატი და ისე წავიდა შინ, აღარც დაგელოდა. მე მთელი დღე ვიწვალე, მან კი მთელი ნაშრომი წყალში ჩამიყარაო.

გაფითრდა საბრალო ქმარი, ცალ ხელში მჭრელი დანა დაიკავა, მეორეში - ჩანგალი და ყვირილით დაედევნა ძმობილს, გარბოდა და თან ეძახდა, ერთი ბარკალი მაინც დამითმეო.

"საცოდავი, მართლა გაგიჟებულა!" - გულში გაივლო სტუმარმა და ერთიორად უმატა სირბილს.

იმ ღამესაც ყველსა და პურზე გადაიარა მოტყუებულმა ქმარმა, ბოლოს კი მწირ ვახშამს რამდენიმე ჭიქა რახიც დააყოლა.

სიმთვრალე რომ მოეკიდა, ჰოი, საოცრებავ! გონება გაუნათდა, ყველაფერს მიხვდა, წყნარად წამოდგა, ცოლს მიუახლოვდა და ჩასჩურჩულა:

- თუკი შენი საყვარელი აქ შემწვარი ბატის წასაღებად მოდის ყოველდღე, გეთქვა, ორ-ორს მოვიტანდი, ბოლოს და ბოლოს, მეც დავისვენებდი და ისიც, გემრიელი ვახშამი კი სანატრელი არ გამიხდებოდა!..

თარგმნა

ნათია ჩუბინიძემ