უცნაური სიგელი - კვირის პალიტრა

უცნაური სიგელი

ქართლ-კახეთის სამეფო კარს განსაკუთრებით XVIII  საუკუნის მიწურულს გაუჭირდა. მტერი ყოველი მხრიდან გვიტევდა. ამ გაუსაძლის ყოფას ერეკლე მეორეს უამებდა ნაბოლარა ქალიშვილი თეკლა, რომელიც თავისი სიმკვირცხლისა და სიმარჯვის გამო მთელ სამეფო კარს უყვარდა. მეფე ალერსს არ აკლებდა თეკლა ბატონიშვილს და ძალიან ანებივრებდა კიდეც.

შემორჩენილია მეტად საინტერესო სიგელი, რომელიც ერეკლე მეორემ თავის ოთხი წლის თეკლას უბოძა: "გიბოძეთ ეს სიგელი შენ, ჩვენს ქალს თეკლა ბიჭს, თუმცა, აქამდე შენ ყველასგან ქალად იყავი ცნობილი, მაგრამ ამიერიდან გიწყალობებთ ბიჭის სახელს და ვუბრძანებ ყველა შენს დებსა და ძმებს, ამიერიდან გიწოდონ თეკლა-ბიჭი".

KvirisPalitra.Geამ სიგელს ერეკლესთან ერთად ამტკიცებენ კათალიკოსი ანტონი და თეკლას ძმა, იულონ ბატონიშვილი.

თეკლა ბატონიშვილს ვაჟისთვის აუცილებელი წესებით ზრდიდნენ, მანაც შეიფერა ბიჭობა და სახელი გაითქვა, როგორც ჩუბინმა მსროლელმა.

ერთხელ, სასახლის აივანზე უცნაური ჩიტი მოფრენილა. მეფეს მოუსურვებია თეკლას სისხარტისა და სროლის ნიჭის გამოცდა. შვილისთვის თოფი მიუწოდებია და უთქვამს, - ახლა ამ ჩიტს ავაფრენ და ისე ესროლე, მხოლოდ ნისკარტი დაუზიანოო.

თეკლას ჩვეულებისამებრ მამისთვის ხელზე უკოცნია, თოფი გამოურთმევია და როცა ჩიტი აუფრენიათ, ზუსტად ნისკარტში უსვრია. ნისკარტმოგლეჯილი ფრინველი მეფის ფეხთან დაცემულა, გაფრენა მოუნდომებია, მაგრამ დაუჭერიათ მსახურთ და ერეკლესთვის მიურთმევიათ. ჩიტს მართლაც ნისკარტის გარდა არაფერი ჰქონია დაზიანებული.

გახარებულ ერეკლეს შემოუხსნია სარტყელი და უბოძებია თავისი ასულისათვის. ეს რელიკვია დიდი რუდუნებით გადაეცემოდა თეკლა ბატონიშვილის შთამომავლობას. დღეს ეს ნივთი საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია დაცული.

მამუკა ნაცვალაძე