"თითქოს ეჩქარებოდა სიცოცხლე" - ლევან აბაშიძე დღეს 55 წლის გახდებოდა
"თითქოს ეჩქარებოდა სიცოცხლე" -  ლევან აბაშიძე დღეს 55 წლის გახდებოდა
ცნობილი ქართველი მსახიობი ლევან აბაშიძე 2018 წლის  22 მაისს 55 წლის გახდებოდა. ის 1963 წლის 22 მაისს თბილისში დაიბადა. 29 წლის ქართველმა ვაჟკაცმა, ქართული კინოსა და ქალაქის მშვენებამ გადასაღები მოედანი მიატოვა, აფხაზეთში მყოფ მეგობრებთან ჩავიდა და ზემო ეშერაში 1992 წლის 7 სექტემბერს დაიღუპა.
პირველი როლი 14 წლისამ ითამაშა ლანა ღოღობერიძის ფილმში "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე". ლანას ქალიშვილი ნუცა და ლევანი მეგობრობდნენ და გოგონას უთქვამს დედისთვის, ამ ფილმში ლევანს თუ არ გადაიღებ,
მეც არ ვითამაშებო.
ლევანს უამრავი რომანტიკული თავგადასავალი ჰქონდა. ბევრ გოგონას უყვარდა, შეყვარებული გოგონები ხშირად უწერდნენ ტროტუარზე - "მიყვარხარ!" ხან ყვავილებს უყრიდნენ ფანჯარაში... მისი რჩეული კი მოლდოველი გოგონა, მიკა იყო...
ფრანგები მას მარლონ ბრანდოს ამსგავსებდნენ, რაზეც ლევანი სიცილით კვდებოდა. სულ ჩქარობდა, ყველაფერი უნდოდა მოესწრო...

გთავაზობთ სტატიას "კვირის პალიტრის"
არქივიდან: "ფრანგებმა მას ქართველი მარლონ ბრანდო უწოდეს, რაზეც ლევანი სიცილით კვდებოდა...

ლევან აბაშიძის დედა, მანანა ხიდაშელი:
" - ძალიან ცელქი იყო, ამავდროულად თბილი და მოსიყვარულე. ცუდად სწავლობდა, თუმცა ბევრს კითხულობდა. სულ შატალოებზე დარბოდა, მაგრამ მაინც საოცრად უყვარდათ მასწავლებლებს. ლევანი 1-ელ საშუალო სკოლაში სწავლობდა, დამრიგებელი მათემატიკის მასწავლებელი ჰყავდა. გამოცდამდე მისულა მასთან, მარო მასწავლებელო, უნდა გაკოცოთ, გამოგეთხოვოთო. გამოცდის მერე მნახე, ლევანო,
უთქვამს. ამას კი უპასუხია, ვაითუ ცუდად ჩაგაბაროთ და ჩემთან გამომშვიდობება აღარ მოგინდეთო... ძალიან გულიანი იყო, ამავე დროს - ხიფათიანი. სულ ტრავმატოლოგიურში დავდიოდით - ხან ხელს იტეხდა, ხან - ფეხს. ერთხელ, ფეხი თაბაშირში ჰქონდა, ყავარჯნებით დადიოდა. ფანჯრიდან გავიხედე და რას ვხედავ - ბიჭები ეზოში ფეხბურთს თამაშობენ და ლევანი კარში დგას ყავარჯნებით. ერთხელ მანქანა იქირავა, ბიჭებს დანაძლევებია, ორმოს გადავახტებიო და მანქანით შიგ ჩავარდა. ისიც დაამტვრია და ფეხიც მოიტეხა, ვინ იცის, მერამდენედ...

როცა გადაწყვიტა, სამსახიობოზე ჩაებარებინა, მიშა თუმანიშვილთან დაიწყო სიარული მოსამზადებელ კურსებზე, გატაცებით მუშაობდა... სკოლა რომ დაამთავრა, ბანკეტი ქალაქგარეთ გადაიხადეს. იქ მანქანა დაგორებულა, ლევანი გადამხტარა, ვიღაცები რომ გაერიდებინა მისთვის და ხელი მოიტეხა. დავურეკე მიშა თუმანიშვილს და ვუთხარი, გაგიჟდა - ძალიან უყვარდა ლევანი. თაბაშირით წავიდა გამოცდაზე. არ ვიცი, რა დაწერა, ეტიუდებიც გააკეთა მოტეხილი ხელით. მერე ლექსიც წაიკითხა. სხვათა შორის, არ უყვარდა ლექსის კითხვა. რატომღაც, მუხრან მაჭავარიანის" "შენ, სისხლო ჩემო" აირჩია... წაიკითხა რეზო ინანიშვილის პატარა მოთხრობაც, რომელსაც წინა დღეებში ერთად ვარჩევდით...
მესამე კურსზე იყო, როცა მიშა თუმანიშვილმა მისცა პატარა როლი "დონ ჟუანში". მეოთხე კურსზე არაჩვეულებრივად ითამაშა"სპექტაკლში "ჩვენი პატარა ქალაქი", თუმცა, მერე თუმანიშვილმა გამოაგდო და მართალიც იყო. ლევანს უცნაური ხასიათი ჰქონდა - ერთი და იმავე საქმის დიდხანს კეთება არ უყვარდა და ერთ დღესაც მიშას სპექტაკლი გაუცდინა, ის კი აბა, რას იზამდა? გული კი ძალიან დამწყდა...
ამის შემდეგ კინოში გადაინაცვლა. გიორგი შენგელაია "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობას" იღებდა და მიიწვია. ლევანი უკმაყოფილო იყო, ამბობდა, "ნაიგრიშები" მქონდა, ბუნებრივი არ ვარო. ფილმის გადაღება ძალიან თუ გაიჭიმებოდა, ბეზრდებოდა, თითქოს ეჩქარებოდა სიცოცხლე...

ჯერ ექიმობა უნდოდა, შემდეგ - მეხანძრეობა. ჩაიკოვსკის ქუჩაზე ვცხოვრობდით. იქვე იყო სახანძრო რაზმი და მათ რომ უყურებდა, ალბათ, მოსწონდა. უყვარდა ცხენით და მოტოციკლეტით სიარული. ჩვენს სახლში სულ მუსიკა იყო ჩართული. ლევანს "ბიტლზი", "ლედ ზეპელინი" და ჯო კოკერი უყვარდა განსაკუთრებით... სკოლას რომ ამთავრებდა, შინაურებს ჩამოგვიარა და გვკითხა, სკოლას რომ დავამთავრებ, კაპიკებს მომცემთო? რა თქმა უნდა, მოგცემთო, - ვუთხარით ყველამ... იყიდა ძველი "ზაპოროჟეცი". ისეთი ხმაურით შემოდიოდა ეზოში, ყველას ეღვიძებოდა და იყო ერთი ამბავი. (გაგრძელება)
eni
23 მაისი 2018 13:25
საოცარი ქართველი.....
tina
23 მაისი 2018 08:56
ლეგენდა. ასეთები აღარ იბადებიან.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ხვანჭკარა
750 მლ
წითელი ნახევრად ტკბილი
დუგლაძეების ღვინის კომპანია /
2014 წ
41.95
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები