ანა ფრანკი, სამანტა სმიტი, ჰექტორ პიტერსონი - ბავშვები, რომელთაც მსოფლიო შეცვალეს (ფოტოგალერეა) - კვირის პალიტრა

ანა ფრანკი, სამანტა სმიტი, ჰექტორ პიტერსონი - ბავშვები, რომელთაც მსოფლიო შეცვალეს (ფოტოგალერეა)

მსოფლიო ისტორიაში არაერთი მაგალითია იმისა, როდესაც სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლაში ბავშვებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს. სულ მცირე ასაკის პატარები იბრძოდნენ საკუთარი და თავიანთი თანატოლების უფლებებისთვის, იმისთვის, რომ ეცოცხლათ, ესწავლათ...

ფოტოგალერეა

ანა ფრანკი

ებრაელი გოგონა, რომელიც ჰიტლერის ოკუპაციის პერიოდში თავს ოჯახით ნაცისტური ტერორისგან ამსტერდამში, სამალავში აფარებდა. ანამ სერთაშორისო დონის აღიარება მას შემდეგ მოიპოვა, როცა გამოქვეყნდა მისი ჩანაწერები "ანა ფრანკის დღიური", სადაც გოგონამ წარმოაშინა ფაშიზმის სისასტიკე.

გოგონას ოჯახი ამსტერდამის ერთ-ერთ შენობაში დაემალა ნაცისტებს და ისინი ორი წლის განმავლობაში ძველი ოფისის შენობაში, გარემოს მოწყვეტილები იმალებოდნენ. ოჯახმა მრავალი გასაჭირი გადაიტანა. დღიურში ანა ფრანკი სწორედ ამ პერიოდს და ამასთან საკუთარ პიროვნულ განცდებს აღწერს. დღიურის ბოლო ჩანაწერი დათარიღებულია 1944 წლის 1 აგვისტოთი, სამ დღეში გესტაპომ დააპატიმრა ყველა, ვინც თავშესაფარში იმალებოდა. ანა ბერგენ-ბელზენის საკონცენტრაციო ბანაკში გარდაიცვალა.

სამანტა სმიტი

სამანტა ერთი ჩვეულებრივი ამერიკელი მოსწავლე იყო მანჩესტერიდან, ვიდრე ათი წლის გოგონამ 1982 წლის ნოემბერში, წერილი არ მისწერა საბჭოთა კავშირის ლიდერს იური ანდროპოვს, იმის გასაგებად თუ რატომ დაიძაბა ურთიერთობა საბჭოთა კავშირსა და აშშ-ს შორის. მოგვიანებით სამანტას წრილი გაზეთ "პრავდაში" გამოქვეყნდა. გოგონა მეტად ბედნიერი იყო იმით, რომ მისი წერილი გამოქვეყნდა, თუმცა მის კითხვაზე არავის უპასუხია. ამის მერე სამანტამ წერილი აშშ-ში საბჭოთა კავშირის საელჩოს მიწერა იმის გასაგებად, უპასუხებდა თუ არა ბატონი ანდროპოვი მის წერილს. 1983 წლის 26 აპრილს მან ანდროპოვისგან პასუხი და საბჭოთა კავშირში მიპატიჟება მიიღო. ის მართლაც ჩავიდა საბჭოთა კავშირში პიონერთა ბანაკ "არტეკში" დაისვენა.

ამის შემდეგ სმიტმა მედიის ყურადღება მიიპყრო. მას მოიხსენიებდნენ, როგორც ამერიკის ახალგაზრდა ელჩს, ის მონაწილეობას სამშვიდობო საქმიანობაში იაპონიაში. სამანტამ დაწერა წიგნი და მონაწილეობა მიიღო სატელევიზიო სერიალებშიც, თუმცა სამწუხაროდ 13 წლის ასაკში გოგონა ავიაკატასტროფის დროს გარდაიცვალა.

ჰექტორ პიეტერსონი

ჰექტორი ცნობილი მას შემდეგ გახდა, როდესაც ახალი ამბების ფოტოგრაფმა სემ ნზიმამ გამოაქვეყნა სურათი, სადაც სამხრეთ აფრიკაში აჯანყების დროს მომაკვდავი ჰექტორი რამდენიმე სტუდენტს მიჰყავდა. პიეტერსონი 12 წლის ასაკში მოკლეს, მაშინ როდესაც პოლიციამ პროტესტში მონაწილე სტუდენტებს ცეცხლი გაუხსნა. წლების განმავლობაში 16 ივნისი მთავრობის სისასტიკის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო იყო. დღეს ეს თარიღი ცნობილია, როგორც ეროვნული ახალგაზრდული დღე - დღე, როდესაც სამხრეთ აფრიკელები პატივს მიაგებენ ახალგაზრდებს.

იკბალ მასიჰი

პაკისტანელი ბიჭი, რომელიც 4 წლის ასაკში ხალიჩების ქარხანაში 12 დოლარად გაყიდეს. იკბალი ერთ-ერთ პატარა ქალაქში დღეში 12 საათი მუშაობდა. მძიმე სამუშაოს, არასაკმარისი საკვებისა და ზრუნვის გამო 12 წლის იკბალი 6 წლის ბავშვს ჰგავდა. 10 წლისა იკბალი სასტიკი მონობიდან გაიქცა და შეუერთდა თავისუფალი შრომის ფრონტს პაკისტანში, რათა დაეცვა ბავშვების უფლებები მთელს მსოფლიოში. იკბალი 3000 პაკისტანელ ბავშვს დაეხმარა, რომლებსაც მონურად ამუშავებდნენ.

იკბალი მოკლეს 1995 წელს, აღდგომა დღეს, არის ვარაუდი, რომ ის მოკლეს "ხალიჩის მაფიის" წევრებმა იმის გამო, რომ იკბალმა შრომის ინდუსტრიაში ბავშვების შრომის უფლებების დაცვა დაიწყო.

რეიჩელ ბეკვიტი

9 წლის გოგონას საოცარი სიცოცხლე და გარდაცვალება. რეიჩელ ბეკვიტი პატარა სიეტლელი გოგონ იყო, რომელიც აფრიკის გაჭირვებული მოსახლეობისთვის სასმელი წყლის საყიდლად ფულს აგროვებდა. ასევე სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის პარიკების დასამზადებლად საკუთარ თმას აბარებდა. რეიჩელი საშინელ ავარიაში დაიღუპა, მაგრამ მისი უკანასკნელი სურვილი ხსნად ექცა 60 ათას ადამიანს!

ყველაფერი კი ასე დაიწყო, ერთხელ სიეტლს საქველმოქმედო ფონდის "ქველმოქმედება: წყალი" (ხელმძღვანელი სკოტ ჰარისონი ეწვია. მის ლექციას რეიჩელიც დაესწრო. გოგონამ მოისმინა, თუ როგორ იტანჯებიან ადამიანები სასმელი წყლის უკმარისობისგან უღარიბეს ქვეყნებში.

რეიჩელმა სთხოვა მშობლებს, მისი დაბადების დღისთვის არავინ დაეპატიჟებინათ, ხოლო მეგობრებს სთხოვა, საჩუქრების მიტანის ნაცვლად თანხები ფონდში გახსნილ მის გვერდზე გადაერიცხათ. საკუთარ გვერდზე გოგონა ფულს აგროვებდა უწყლობით დატანჯული აფრიკელებისთვის ჭების გასაკეთებლად. ეს არ იყო მისი პირველი საქველმოქმედო აქტივობა.

ფონდში გვერდის გახსნიდან თვენახევარში სიეტლში დიდი ავტოავარია მოხდა - ერთმანეთს 13 ავტომობილი შეეჯახა. ათობით ადამიანი მძიმე ტრავმებით საავადმყოფოში მოხვდა. საბოლოოდ, მხოლოდ რეიჩელი დაიღუპა. გოგონა ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეაერთეს, თუმცა გონებაზე არ მოსულა...

ფონდის ხელმძღვანელმა სკოტ ჰარისონმა, ვისმა ლექციამაც ასე შეძრა რეიჩელი, როდესაც მისი სიკვდილი გაიგო, გოგონას ინტერნეტგვერდი კვლავ გახსნა. "კამპანიამ ჯერ იმ ეკლესიის მრევლი მოიცვა, სადაც რეიჩელი დადიოდა და რამდენიმე დღეში 100 ათას დოლარზე მეტი შეგროვდა. შემდეგ მთელი სიეტლი ჩაერთო - 300 ათასი, 400 ათასი და მერე ვეღარც ვხვდებოდით, რა ხდებოდა", - ჰყვება ჰარისონი.

2011 წლის ოქტომბერში, როცა სახსრების შეგროვების აქცია დასრულდა, გამოირკვა, რომ 31 997 ადამიანმა ფონდს 1 265 823 დოლარი შესწირა.

ნკოსი ჯონსონი

ნკოსი ჯონსონი დაიბადა აღმოსავლეთ იოაჰანესბურგში. ის არ იცნობდა მამას. ჯონსონი დაბადებიდანვე აივინფექციის მატარებელი იყო. პატარას დედა მძიმედ ავად იყო, ამიტომ ჯონსონი გაილ ჯონსონმა, იოჰანესბურგის რესპუბლიკის საზოგადოებასთან ურთიერთოობის პრაქტიკოსმა იშვილა. საზოგადოების ყურადღება ჯონსონმა პირველად 1997 წელს მიიქცია, როდესაც იოჰანესბურგის ერთ-ერთი გარეუბნის დაწყებით სკოლაში ჯონსონი იმიტომ არ ჩარიცხეს, რომ ბავშვი შიდსის ვირუსით იყო ინფიცირებული. პოლიტიკურ ეშელონებში ამ ინცინდენტმა ხმაური გამოიწვია. სამხრეთ აფრიკის კონსტიტუცია კრძალავს სამედიცინო მდგომარეობის დისკრიმინაციას, მოგვიანებით სკოლამ თავისი გადაწყვეტილება შეცვალა.

ნკოსი იყო მომხსენებელი მე-13 საერთაშორისო შიდსის კონფერენციაზე, სადაც მან შიდსით ინფიცირებულებს მოუწოდა არ დაემალათ თავიანთი მდგომარეობა. ჯონოსმა თავისი გამოსვლა შემდეგი სიტყვებით დაასრულა: "იზრუნეთ და მიგვიღეთ ჩვენ - ჩვენ ყველა ადამიანები ვართ. ჩვენ ნორმალურები ვართ. გვაქვს ხელები, ფეხები, შეგვიძლია სიარული, ლაპარაკი, გვაქვს იგივე საჭიროებები, რაც სხვა დანარჩენს, ჩვენი ნუ გეშინიათ - ყველა ერთნაირი ვართ!". ნელსონ მანდელამ ნკოსის "ცხოვრებისთვის მებრძოლი ხატი" უწოდა.

ომ პრაკაშ გურჯარი

ხუთი წლის პრაკაში მშობლებს წაართვეს და სამი წლის განმავლობაში ქარხანაში ამუშავებდნენ. მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი გაერთიანების აქტივისტებმა ბიჭი გადაარჩინეს, ომმა თავის მშობლიურ რაჯასტანში უფასო განათლების კამპანია დაიწყო. მან შექმნა კავშირი "ბავშვთა მეგობრული სამყარო", რომელიც ბავშვების უფლებების დასაცავად იბრძოდა. ამას გარდა, ომმა კიდევ ერთი კავშირი ჩამოაყალიბა, რომელიც მიზნად ისახავდა იმას, რომ ინდოეთში ყველა ბავშვს ჰქონოდა დაბადების მოწმობა.

ტანდივა ჩამა

16 წლის ზამბიელმა ტანდივა ჩამამ 2007 წელს 28 ნომინანტს შორის მოიპოვა ბავშვთა საერთაშორისო მშვიდობის პრიზი. ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როდესაც ტანდივა ჯერ კიდევ რვა წლის იყო. 1999 წელს მისი სკოლა დაიკეტა, რადგან იქ არ იყვნენ მასწავლებლები. ტანდივამ სწავლაზე უარი არ თქვა და 60 ბავშვთან ერთად დაიწყო ახალი სკოლის ძებნა. საბოლოოდ ყველა ბავშვი ჯეკ სეკუპის სახელობის სკოლაში მიიღეს. ამ მიღწევით გათამამებულმა ტანდივამ დაიწყო ბავშვთა უფლებების დაცვა, რათა მათ განათლება უპრობლემოდ მიეღოთ.

მალალა იუსუფზაი

2014 წელს მშვიდობის დარგში ნობელის წლევანდელი ლაურეატები გახდნენ პაკისტანელი სკოლის მოსწავლე მალალა იუსუფზაი და 60 წლის ინდოელი უფლებადამცველი კაილაშ სატურატსი.

17 წლის მალალა იუსუფზაი ნობელის პრემიის ყველაზე ახალგაზრდა მფლობელია. პაკისტანელი გოგონა საქვეყნოდ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც 2009 წელს, 11 წლის ასაკში ბი-ბი-სის ბლოგერი გახდა, სადაც თალიბანის რეჟიმის პარალელურად საკუთარ ცხოვრებაზე და გოგონების განათლების უფლებებისთვის წერდა. 2012 წელს მალალა იუსუფზაი თალიბებმა მძიმედ დაჭრეს.

იხილეთ ფოტოგალერეა