შამპანური მოცარტისთვის - კვირის პალიტრა

შამპანური მოცარტისთვის

ცნობილ კომპოზიტორ ფრანც იოზეფ ჰაიდნს იუმორის კარგი გრძნობა ჰქონდა და ცდილობდა, ყველაფერი ხუმრობაში გადაეტანა. მას არც ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი ჩამორჩებოდა. ორი შემოქმედის შეხვედრა შესანიშნავ სპექტაკლად იქცეოდა ხოლმე.

ერთხელ ორივე ერთად აღმოჩნდა წვეულებაზე. მოცარტმა დრო იხელთა და ჰაიდნი გამოიწვია. ისეთ მელოდიას დავწერ ექსპრომტად, მისი დაკვრა გაგიჭირდებათო. ჰაიდნმა მიიღო გამოწვევა, იქვე შეთანხმდნენ, წაგებულს 12 ბოთლი შამპანური უნდა ეკისრა.

ორიოდე წუთში მოცარტმა ნოტების ჩანაწერი მიაწოდა ჰაიდნს. დაჯდა ჰაიდნი როიალთან, დაიწყო დაკვრა, თითქოს არაფერი იყო რთული...

KvirisPalitra.Geუცებ შეჩერდა და მოცარტს მიუბრუნდა, - ამის დაკვრა შეუძლებელია, ორივე ხელი კლავიატურის თავსა და ბოლოშია დაკავებული და ამ დროს ასაღებია კიდევ ერთი ნოტიო და დიდსულოვნად აღიარა დამარცხება.

- ამის დაკვრა ძალიან მარტივია, - უპასუხა მოცარტმა, - თუ გნებავთ, გაჩვენებთ.

დაჯდა როიალთან  და როცა იმ მომენტამდე მივიდა, სადაც ჰაიდნმა ვერაფერი გააწყო, შუა ნოტი ცხვირით აიღო.

ვირტუოზის ასეთმა მიგნებამ დიდი მხიარულება გამოიწვია საზოგადოებაში. ჰაიდნს კი, აბა, რა დარჩენოდა, გარდა იმისა, რომ წაგებული შამპანური მიერთმია გენიალური მოცარტისთვის.

KvirisPalitra.Geშამილი მეჯლისზე

მე-19 საუკუნეში რუსეთის იმპერიის არმიამ დიდი ხნის ბრძოლების შემდეგ ჩრდილოეთ კავკასია დაიმორჩილა. ყველაზე ღირსეული და შეურიგებელი მოწინააღმდეგე, დაღესტნის გმირი შამილი ტყვედ ჩაიგდეს რუსებმა და პეტერბურგში ჩაიყვანეს.

წმინდა პეტრეს ქალაქში სანახაობას არ აკლებდნენ შამილს, ხშირად ეპატიჟებოდნენ ბალ-მასკარადებზე, შამილს კი, აბა, რა გულით უნდა მოელხინა, - იჯდა თავისთვის და მშობლიური კავკასიის აულები ეზმანებოდა. არ იყო შეჩვეული ღამის ცხოვრებას, ამიტომაც შუა წვეულების დროს ხშირად ერეოდა ძილი. ერთ-ერთი მეჯლისის დროს შამილმა დაამთქნარა.

ეს რომ დაუნახავს რომელიღაც რუს დიდგვაროვანს, ხმამაღლა უთქვამს, არ ჩამყლაპოს ამ ტყის ნადირმაო. შამილი მიხვდა, რომ რეპლიკა მას ესროლეს და თარჯიმანს სთხოვა, ზუსტად ეთარგმნა რუსის სიტყვები. როცა ნათქვამი მოისმინა, საკადრისი პასუხიც გასცა: "მოახსენე მაგ დიდებულს, რომ შიში ნურაფრისა ექნება. მე მაჰმადიანი ვარ და ღორის ხორცს არ ვეტანები".

მამუკა ნაცვალაძე