რა შარს გადაჰყარა კა-გე-ბე ჩერჩილის შარვალმა - კვირის პალიტრა

რა შარს გადაჰყარა კა-გე-ბე ჩერჩილის შარვალმა

1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, იალტის კონფერენციაზე, სადაც გერმანიის საოკუპაციო ზონებად დანაწილების საკითხს განიხილავდნენ, დიდი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ჩერჩილს ერთ-ერთმა თანაშემწემ წერილი მიაწოდა. ჩერჩილმა წაიკითხა, სიგარით დაწვა და მერე საპასუხო წერილი მისწერა თანაშემწეს.

თანაშემწემ  წაიკითხა, შემდეგ წვრილად დაკუწა და ნაგვის ურნაში გადაუძახა. სხდომა არ იყო დასრულებული, რომ საბჭოთა უშიშროების კომიტეტის წარმომადგენლები მიცვივდნენ ნაგვის ყუთს, ამოიღეს წერილის ნაკუწები, დიდი წვალებით შეაკოწიწეს და წაიკითხეს: "ნუ ღელავთ, ძველი შევარდენი ბუდიდან არ გადმოვარდება".

საბჭოთა დაზვერვა უშიშროების სამსახურთან ერთად შეუდგა ამ ტექსტის დეშიფრირებას. ბევრი იწვალეს, მაგრამ ვერსიის დონეზეც კი ვერ მიხვდნენ, რა პოლიტიკური დატვირთვა უნდა ჰქონოდა ამ ტექსტს.

გაიარა რამდენიმე წელმა. იმ წერილის შინაარსი მოსვენებას არ აძლევდა საბჭოთა ჩინოვნიკებს. ბოლოს და ბოლოს, ღირსების საქმე გახლდათ მისი გაშიფვრა. განსაკუთრებით ნიკიტა ხრუშჩოვს აინტერესებდა.  ომის დასრულებიდან რამდენიმე ხანში ჩერჩილთან შეხვედრამაც მოუწია, აბა, შანსს როგორ გაუშვებდა ნიკიტა სერგეევიჩი ხელიდან და პირდაპირ ჰკითხა ინგლისის პრემიერ-მინისტრს: "თუ ღმერთი გწამს, იქნებ მითხრა, რა დაწერე იმ წერილში, ან ეს შევარდენი რა არის, ან რა ბუდეზე ლაპარაკობდიო".

ლაკონიური და პირდაპირი იყო ჩერჩილის პასუხი: "შარვლის ელვა გამხსნია. ეს ჩემმა თანაშემწემ შენიშნა და მეც საპასუხო წერილი გავუგზავნე, რომ არ ენერვიულაო".

მამუკა ნაცვალაძე