"ომმა გამაძლიერა" - ხორვატიელთა თილისმის მძიმე ბავშვობა და გზა საუკეთესო ფეხბურთელობამდე - კვირის პალიტრა

"ომმა გამაძლიერა" - ხორვატიელთა თილისმის მძიმე ბავშვობა და გზა საუკეთესო ფეხბურთელობამდე

ერთთვიანი საფეხბურთო ციებ-ცხელება, რომელსაც მსოფლიოში თვალს უამრავი ადამიანი ადევნებდა, დასრულდა. შეიძლება ითქვას, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბევრისთვის ხორვატიის ნაკრები აღმოჩენა გახდა. ნაკრების ფეხბურთელების გულშემატკივართა რაოდენობა გაიზარდა. მათ შორისაა ლუკა მოდრიჩი, რომელიც ამ ჩემპიონატზე საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ფოტოგალერეა

ბავშვობა და ახალგაზრდობა

ლუკა მოდრიჩი 1985 წლის 9 სექტემბერს დაიბადა და გაიზარდა ქალაქ ზადარიდან 40 კილომეტრით დაშორებულ სოფელ მოდრიჩში. ის ოჯახში უფროსი ვაჟია. ლუკა ბაბუის საპატივცემულოდ დაარქვეს. ლუკას ბავშვობა 1991 წლის ხორვატიის თავისუფლებისთვის ომს დაემთხვა. როდესაც სიტუაცია გამწვავდა, ლუკას ოჯახი იძულებული გახდა საცხოვრებელი დაეტოვებინათ.

მამა ხორვატიის არმიას შეუერთდა. ლუკას ბაბუა და სხვა რამდენიმე სამოქალაქო პირი სიკვდილით დასაჯეს, მათი სახლი კი გადაწყვეს. იმ პერიოდის განმავლობაში ათასობით ბომბი ფეთქდებოდა ქალაქში და ფებხურთი ბიჭუნასთვის რეალობისგან მოწყვეტა იყო.

"როდესაც ომი დაიწყო, ჩვენ დევნილები გავხდით. მე ექვსი წლის ვიყავი. ყველაფერი ნათლად მახსოვს, თუმცა ეს არ არის ის დრო, რომელზე ფიქრიც სასიამოვნოა ან რომელიც უნდა გახსოვდეს...

წლების განმავლობაში სასტუმროში ვცხოვრობდით... ყოველთვის მიყვარდა ფეხბურთი.

ომმა გამაძლიერა, ეს იყო რთული პერიოდი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. მშობლები ყველანაირად ცდილობდნენ, რომ ის პერიოდი ნაკლებად მწარე ყოფილიყო ჩვენთვის. არ მინდა, რომ ეს მოგონება სულ თან მდევდეს, მაგრამ არც დავიწყებას ვაპირებ.

ომმა ხორვატია უფრო გააძლიერა, ჯიუტი გახადა. არ მიყვარს წარსულზე ლაპარაკი, ახლა მომავლისკენ უნდა იყურო. ცხოვრებაში ბევრი სირთულე შემხვდა. მთავარია, არასოდეს დანებდე და საკუთარი თავის გჯეროდეს, მუშაობა უნდა განაგრძო. ყოველთვის იქნება წარმატება და წარუმატებლობა, მაგრამ უნდა იბრძოლო შენი ოცნების ასასრულებლად. აი, რა არის ჩემი მამოძრავებელი ძალა, სწორედ ამან მომიყვანა ცხოვრების ამ მომენტამდე", - ამბობს ლუკა მოდრიჩი.

სწორედ იმ რთულ პერიოდში დაიწყო ლუკამ ფეხბურთის თამაში, უმეტესად სასტუმროს ავტოსადგომზე. 1992 წელს ის ერთდროულად შევიდა დაწყებით სკოლასა და სპორტის აკადემიაში, ოჯახი კაპიკებს აგროვებდა, რომ ლუკას განათლება მიეღო, მათ ხშირად ლუკას ბიძა ეხმარებოდა. ბიჭუნას საყვარელი ფეხბურთელები ზვონიმირ ბობანი და ფრანჩესკო ტოტი იყვნენ.

ფეხბურთელი ინტერვიუებში იხსენებს, რომ მასში ნიჭი მწვრთნელმა ტომისლავ ბაშიჩმა დაინახა. ლუკა ოჯახში ერთადერთი სპორტსმენი არა არის, ავსტრალიელი ფეხბურთელი მარკ ვიდუკი (ეროვნებით ხორვატი) ლუკას ბიძაშვილია.

საფეხბურთო კარიერა

ახალბედა ფეხბურთელის ბიოგრაფიაში პირველი კონტრაქტი 2002 წელს ჩნდება. 16 წლის ლუკამ ზაგრების "დინამოსთან" გააფორმა კონტრაქტი. ის სეზონი ლუკამ კლუბის ახალგაზრდულ გუნდთან გაატარა, ხოლო მოგვიანებით ბოსნიის პრემიერ-ლიგაში მოთამაშე კლუბ "ზრინსკში" იჯარით გადასცეს. სწორედ აქ გამოავლინა თავისი შესაძლებლობები დამწყებმა ფეხბურთელმა და ბოსნიელ სპორტსმენებს შორის საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა. შემდეგ სეზონში ლუკა "ინტერში" გადავიდა. მისი დახმარებით ხორვატიულმა კლუბმა ქვეყნის ჩემპიონატში დიდ წარმატებას მიაღწია. თუმცა "მშობლიურმა" კლუბმა ლუკა უკან დაიბრუნა. იმ დროს ლუკამ "ხორვატიის იმედის" წოდება მიიღო.

"დინამოსთან" მან ათწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ლუკა მყისიერად შეუერთდა ძირითად შემადგენლობას. "დინამოში" მოდრიჩმა 6 წელი გაატარა, ამ პერიოდში კლუბმა რამდენიმე ტიტული მოიპოვა, მათ შორის უეფას თასის საგზური, ლუკა კი წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა ხორვატიაში.

2008-2009 წლის სეზონი ტრიუმფით მიმდინარეობდა. ლუკას შესყიდვა სურდა "მანჩესტერ იუნაიტედს", "მანჩესტერ სიტის", "ბარსელონას" მან კი "ტოტენჰემი" აირჩია, სატრანსფერო თანხამ 16,5 მილიონი ფუნტი შეადგინა.

თავისი დიდების მწვერვალს ლუკამ მადრიდის "რეალში" მიაღწია, სადაც 2012 წელს გადავიდა და 10 ნომრიანი მაისური მოირგო. ერთი წლის შემდეგ ლუკას "რეალში" გულშემატკივართა არმია ჰყავდა, კლუბში კი ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იყო.

ესპანეთში ლუკას მეტსახელებიც შეარქვეს. ესპანელები ლუკას "ბრილიანტის ყურს" და "პონის" უწოდებდნენ, ამ უკანასკნელს კი მისი წონისა და სიმაღლის კამო, რადგან ლუკა 172 სანტიმეტრი და 66 კილო იყო.

როგორც ცნობილია, ლეგენდარული ფეხბურთელი იოჰან კრუიფი ლუკას გულშემატკივარი იყო. მაყურებელი ამ ორ ფეხბურთელს შორის არა მარტო ფიზიკურ, არამედ სათამაშო მსგავსებასაც ხედავდა, ამიტომ მოდრიჩს "ხორვატიელ კრუიფსაც" ეძახიან.

2006 წელს ლუკას შესთავაზეს ქვეყნის ღირსები დაცვა. ნაკრებთან ერთად ფეხბურთელმა პირველი თამაში არგენტინასთან ჩაატარა, ხოლო პირველი გოლი იტალიის კარში შეაგდო, რომელმაც გუნდში მას მუდმვი ადგილი დაუმკვიდრა.

2008 წელს ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესოდ ითამაშა. ხორვატიამ მაშინ არამარტო ავსტრიას, გერმანიასაც მოუგო. გუნდში ორი ლიდერი გამოიკვეთა. ლუკა მოდრიჩს გუნდის ტვინი შეარქვეს, ხოლო ივან რაკიტიჩს გუნდის სული და გული.

პირადი ცხოვრება

ლუკა 25 წლის ასაკში თავისივე აგენტ ვანია ბოსნიჩზე დაქორწინდა. თავიდან წყვილს 4 წელი საქმიანი ურთიერთობა აკავშირებდა, მოგვიანებით კი ოჯახის შექმნეს.

ლუკა 3 შვილის მამაა. ქორწინებიდან ერთი თვის შემდეგ დაიბადა ვაჟი ივანი, 3 წლის შემდეგ გოგონა ემანუელა, ხოლო 2017 წელს კიდევ ერთი გოგონა სოფია. კოლეგებისგან განსხვავებით, ლუკას არ უყვარს ხმაურიანი თავშეყრის ადგილები და დროს უმეტესად ოჯახთან ერთად ატარებს. ფეხბურთელს ვერ გამოიჭერთ ღამის კლუბში, შაბათ-კვირას კი შვილებთან და მეუღლესთან ერთად ზოოპარკში მარტივად ნახავთ.

იხილეთ ფოტოგალერეა

მოამზადა თეა ბეჟიტაშვილმა