მეწაღე
09-08-2010
ყველა უბანს ჰყავს თავისი მეწაღე და არც ჩემი უბანია გამონაკლისი: უსახური გარაჟების წინ არის გამოჩრილი კიდევ უფრო მახინჯი ყვითელი ჯიხური, რომელშიც, რაც თავი მახსოვს, ზის ძია ვალიკო.

მეწაღეს სულ საქმე აქვს და მხოლოდ გაზეთების საკითხავად არ ენანება დრო. თუმცა როგორც თავად ამბობს, ბევრი რამ არასწორად წერია და ამიტომ ხშირად შემოსწყრება ხოლმე ჟურნალისტებს. მეც ჭკუას მარიგებს: - კაცო, ჭორი და ყურით მოთრეული ამბავი მეც ბევრი ვიცი, მაგრამ ჟურნალისტობას კი არ ვიბრალებ.
სიმართლე თქვით, ტყვიასავით რომ მოხვდება მიზანს, ისეთი, უნამუსოებსაც რომ შერცხვებათ ავკაცობის და ჩემისთანებს იმედი გაუჩნდებათო!.. მოკლედ, არ ვიცი, საიდან იცის და როგორ, მაგრამ ყველა ამბავზე ამტკიცებს, ეგ ასე კი არა, ისე იყოო!

ძია ვალიკომ მთელი ცხოვრება შრომაში გაატარა, მაგრამ 70 წელიწადი მაინც ღარიბი კაცის  ცხოვრებით
იცხოვრა. განსაკუთრებით უნამუსოდ გამდიდრებულ ადამიანებს ვერ იტანს.

ერთხელ მის ქოხს რომ ჩავუარე, მიმიხმო და ჩურჩულით მითხრა:
- აი, იმ ქუჩის თავში რომ ქოხი იდგა და ახლა სასახლე დგას, გაგონილი მაინც არა გაქვს, რომ რაც პარლამენტში შეძვრა გიგილო, მას შემდეგ დაატრიალა ფული, თორემ მანამდე მამამისს ზამთარ-ზაფხულ ჩემთან დაჰქონდა ფეხსაცმელი გახვრეტილი ძირების გამოსაცვლელად.

ისე, ფული პარლამენტამდეც ბევრი იშოვა, თორემ გაღლეტილს მთავრობის კაცები გვერდით არ ამოიყენებდნენ, - აღიარა ძია ვალიკომ და დასძინა, - ამბობენ, იმდენი ფული აქვს, მუთაქებში აღარ ეტევაო. ერთი მიმაგნებინა იმ მუთაქებისთვის და მე ვიცი, რასაც ვიზამდი, ტოლად დავყოფდი და ნახევარ ქალაქს სულს მოვათქმევინებდი!.. - მუშტის მოღერებით დაემუქრა გიგილოს მეწაღე.

ცოტა ხნის წინ იმ მილიონერი პარლამენტარის მოხუცი მამა გარდაიცვალა და ძია ვალიკოც მივიდა სამძიმარზე, - დაუფასებლად ვერ დავტოვებ, მისგან კეთილი სალმის მეტი არაფერი მახსოვსო!..

ჭიშკართან ნაგვით სავსე ტომრები ეწყო, მანქანას ელოდნენ და როცა ერთ-ერთში ძველი ფეხსაცმელები შენიშნა, ძია ვალიკომ ოჯახის მოსამსახურეს სთხოვა:
- მე წავიღებ, ამ ფეხსაცმელებს, შევაკეთებ და გაჭირვებულებს მივცემო.

უარს რაზე ეტყოდნენ, მოიკიდა ძია ვალიკომ ზურგზე ის ტომარა და თავის ჯიხურში შეაგდო. მეორე დღესვე მოიცალა დასახარისხებლად, ჰოდა, გულზე წაივლო თურმე ხელი, როცა ქალის ჩექმის ათსანტიმეტრიან ქუსლში დამალული ოქროს ყელსაბამი ამოიღო. ორი ბეჭედიც მამაკაცის ფეხსაცმლის ქუსლში დახვდა, ძველი ბათინკის თბილი საფენის ქვეშ კი - დოლარები, ბევრი არა, მაგრამ მაინც იმდენი, არასოდეს რომ არ ენახა.

დაიბნა.
მიხვდა, გიგილომ ამ ქონების შესახებ არაფერი იცოდა, თორემ სანაგვეზე არ გაიტანდა. რომ დაეტოვებინა, მარტო ოჯახს კი არა, სამეზობლოს  მოათქმევინებდა სულს, ხომ ამაზე ოცნებობდა სულ?

ორი დღე და ღამე იწვალა, იბორგა და მერე იმ სასახლისკენ აიღო გეზი. ჯერ ძლივს მიაწვდინეს ხმა... მერე ეზოში არ უშვებდნენ, მთხოვნელი ეგონათ. ამ დროს გიგილო შინ დაბრუნდა, მეწაღეს ერთი კი გახედა ირიბად და ის იყო გალავნის კარი უნდა შეეღო, რომ ძია ვალიკომ მიაძახა, - ქონების დასაბრუნებლად მოვედიო!..
გაკვირვებულმა მოხედა თურმე და როცა მოხუცმა ფული და ოქრო ჩაუთვალა, მადლობის ნაცვლად, მხოლოდ ის ჰკითხა, - გიჟი ხარო?!

- აბა, რა პასუხი უნდა მიმეცა! - ჰყვებოდა მოგვიანებით მეზობლებში ძია ვალიკო, - მოვტრიალდი და წამოვედი, მაგრამ არ ვნანობ, აღარც ის სიმდიდრე მინდა, რომელსაც სულისთვის სიკეთე არ მოაქვს. გიგილო კაცი აღარ არის, ჩვენ კი ჯანსაღი მარჯვენა და ალალი ლუკმით გალამაზებული ვაჟკაცობა გვმფარველობს!..
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?