ბომბორა - კვირის პალიტრა

ბომბორა

ბომბორა სულ რამდენიმე დღის ლეკვი იყო, ბათუს რომ აჩუქეს. - ნაგაზის ჯიშისას მუთაქასავით ტანი და დიდი თავი ჰქონდა. მის დანახვაზე სხვა რამ არც მოგივიდოდა თავში, ბომბორაო დაუძახეს და შერჩა ეს სახელი.

ბომბორა უკვე ოთხი წლისაა და იმხელაა, შორიდან ხბოს ჰგავს. ოჯახის წევრების სიტყვა კანონია ბომბორასთვის, განსაკუთრებით კი ბათუს ემორჩილება.

ბათუ საცაა ორმოცი წლის გახდება და ჯერაც მშობლები არჩენენ. სპირიდონ მცირიშვილივით სუსტი და გალეულია. რაც ნარკოტიკს გაუსინჯა გემო, მას შემდეგ სულ უკან და უკან წავიდა მისი საქმე.

მასზე პოლიციელებმაც კარგა ხნის წინ ჩაიქნიეს ხელი, აღარ დასდევენ დასაჭერად. ქუჩაში მიმავალს ერთი და იმავე ფრაზით მოიკითხავენ ხოლმე: "შენ ისევ ცოცხალი ხარ?!"

ბომბორა მაშინაც არ ტოვებს საყვარელ პატრონს, როცა თავმობეზრებული მშობლებიც კი ცხვირწინ მიუხურავენ კარს, - ჯანდაბამდე გზა გქონია, ჩვენი სახელი აღარ ახსენოო!..

ერთხელ, უნებურად, სწორედ ბომბორამ გაუხადა საციხედ საქმე ბათუს.

სხვა რა საქმე ჰქონდა ბათუს, თუ ნარკოტიკი არ ჰქონდა საძებარი, იჯდა დიდი მსხლის ძირში და წვრთნიდა ბომბორას: ხან ჯოხს გადააგდებდა, ხან ფეხსაცმელს.  რაც მალე მოარბენინებდა ბომბორა, მით მეტ საჭმელს და სასუსნავს იმსახურებდა.

ერთ დღეს, ის იყო ნარკოტიკის ახალი პარტია დაახარისხა, რომ სირენების კივილიც გაიგონა ჭიშკართან - პატრულის სამი მანქანა მოადგა ერთბაშად. მიხვდა, ვიღაც "ახლობელმა" ჩაუშვა.

ჯერ იფიქრა, ბომბორას მივუქსევ და რომელი მამაძაღლი შემობედავს ეზოშიო, მაგრამ ტყვია რომ დაეხალათ და გაეგორებინათ მისი ერთგული მეგობარი?! ამიტომ ნარკოტიკი სასწრაფოდ ჩაყარა პარკში, თავი მოუკრა და სახლის უკან, პარკში მოისროლა, თან ისე შორს, თავადაც გაუკვირდა, რამდენი შემძლებიაო. მერე კი გულმოცემული გავიდა გარეთ და იქით უსაყვედურა ეზოში შემობარგებულ კანონის მსახურებს, - რა იყო, ბინ ლადენი ხომ არ შემოპარულა ეზოში, რა ხდებაო.

- ნებით გამოიტანე ნარკოტიკი, თორემ ძმარს გადენ ცხვირიდან! - საყელოში წაავლო ხელი ზორბა პოლიციელმა და ნახევარი მეტრით ააცილა მიწას.

- რა ნარკოტიკი, რის ნარკოტიკი... - კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა ბათუ, რომ სახლის უკანა მხრიდან გამოძუნძულდა ბომბორა და პირში სწორედ ის პარკი ჰქონდა გაჩრილი, შორს რომ მოისროლა ბათუმ ცოტა ხნის წინ. მორჩილად დაჯდა პატრონის ფეხებთან და მოუთმენლად დააბათქუნა კუდი მიწაზე გემრიელი ლუკმის მოლოდინში.

იმ დღეს ჯილდოდ მთელი ორი კილოგრამი სოსისი მიიღო ბომბორამ, ოღონდ ბათუსგან კი არა, პოლიციელებისგან, ბათუს კი კარგა ხანს ახეხინებდნენ ციხეს. სხვები რომ არ "ჩაუშვა", მის წონაზე ორჯერ მეტი ფულის ჩაყრა გახდა საჭირო და რამდენიმე თვეში გამოუშვეს. გაწვალდა, მაგრამ მაინც ვერ გაიმეტა ბომბორა - ისევ ძაღლია მისი ერთადერთი მეგობარი და მოყვარული, თორემ დედ-მამა კარგა ხანია, აღარ იხსენიებს ცოცხლებში.