რა მისწერა 10 წლის ლია ახეჯაკოვამ სტალინს? - საბჭოთა კინოლეგენდის ცხოვრება და სამი ქორწინება - კვირის პალიტრა

რა მისწერა 10 წლის ლია ახეჯაკოვამ სტალინს? - საბჭოთა კინოლეგენდის ცხოვრება და სამი ქორწინება

"სასტიკადაც რომ შეურაცხმყონ და დამამცირონ, ქვებიც რომ დამიშინონ, უკრაინას არ ვუღალატებ", - ეს სიტყვები საბჭოთა კინოლეგენდას ლია ახეჯაკოვას ეკუთვნის. მსახიობს, რომლისთვისაც არ არსებობს დაბრკოლება, დაიცვას საკუთარი სამშობლოც და გააპროტესტოს პუტინის რეჟიმი. ერთი შეხედვით წყნარი და მშვიდი ქალბატონი საზოგადოებრივად მეტად აქტიურია, ხშირად გაუპროტესტებია რუსეთის პირველი პირის, ვლადიმირ პუტინის მიერ მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ წარმოებული სასტიკი პოლიტიკა, მათ შორის ლამის ერთადერთი იყო რუს საზოგადო მოღვაწეთა შორის, ვინც 2008 წლის აგვისტოს ომი დაგმო.

ლია ახეჯაკოვა საბჭოთა კინოს ნამდვილი ლეგენდაა. უკრაინაში დაბადებულმა, თუმცა რუსეთში გაზრდილმა მთელი თავისი ცხოვრება ხელოვნების სამსახურში გაატარა, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ დღეს, ისევე როგორც მრავალი წლის წინ, მისი ფილმები მილიონობით მაყურებელს უყვარს.

ფოტოგალერეა

ბავშვობა და ადრეული წლები საბჭოთა კინოს მომავალი ლეგენდა დნეპროპეტროვსკში დაიბადა. ოჯახში, რომელიც მჭიდროდ იყო დაკავშირებული ხელოვნებასთან. დედა იულია ალექსანდროვნა - ადგილობრივი თეატრის მსახიობი იყო, მამა მეჯიდ სალეხოვიჩი ადიღეის თეატრის მთავარი რეჟისორი.

ლიას ახლობლებს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, დედა და დეიდა ტუბერკულოზით იტანჯებოდნენ. ოჯახური ლეგენდის თანახმად, ოჯახისთვის, რომ სპეციალური მედიკამენტები ეშოვა, 10 წლის გოგონამ გადაწყვიტა სტალინისთვის წერილის მიწერა. უცნობია ადრესატმა ნახა თუ არა წერილი, მაგრამ საჭირო წამლები ოჯახმა მიიღო. ლიას დედა 1990 წელს ონკოლოგიური დაავადებისგან გარდაიცვალა.

როდესაც ლიამ სკოლა დაამთავრა, მამამ დაიჟინა, რომ მას მოსკოვის ინსტიტუტში არასამეწარმეო ლითონებისა და ოქროს შემსწავლელ ფაკულტეტზე ჩაებარებინა. ლია მამას დამორჩილდა, მაგრამ ერთწლიანი სწავლის შემდეგ გოგონასთვის ნათელი გახდა, რომ გზას, რომელზეც ის მიდოდა, არსად მიჰყავდა, ამიტომ მიატოვა უნივერსიტეტი და მოსკოვის თეატრალურ უნივერსიტეტში ჩააბრა.

თეატრი და კინო თეატრალური უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, მთელი ათი წლის განმავლობაში ლია საბავშვო სპექტაკლებში თამაშობდა.

1977 წელს ლია ახეჯაკოვამ თეატრ "თანამედროვეს" დასთან ერთად დაიწყო მუშაობა. იქ, მან თავისი ცხოვრების ნახევარი გაატარა.

ის პროფესიონალურად ასრულებდა რთულ და მარტივ როლებს, ამის გამო მსახიობმა კოლეგებისა და რეჟისორების პატივისცემა დაიმსახურა. მაღალი პროფესიონალიზმი და თეატრისადმი ერთგულება მას მაყურებელმა დაუფასა. თეატრის პარალელურად მის ცხოვრებაში კინოც გამოჩნდა...

მსახიობის პროფესიული ცხოვრება თავდაყირა დააყენა ელდარ რიაზანოვის ფილმებში მონაწილეობამ, საკულტო საახალწლო ფილმებმა "ბედის ირონია ანუ გაამოთ" და "სამსახურებრივი რომანი" ლია ახეჯაკოვა საბჭოთა ლეგენდად აქცია. რიაზანოვის ხელით ის ეროვნული კინოს ვარსკვლავი გახდა. კადრი ფილმიდან სამსახურებრივი რომანი

ყოველი ახალი წლის დადგომისას ამ ფილმებს ოჯახებში საახალწლო განწყობა შეჰქონდათ და შეაქვთ დღესაც. რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, ლია იშვიათად იღებდა მთავარ როლებს, მაგრამ ამას მისი პოპულარობისთვის ხელი არ შეუშლია.

აღსანიშნავია, რომ ფიზიკურად პატარა, თუმცა მეტად ენერგიული ქალბატონი ელდარ რიაზანოვის საყვარელი მსახიობი იყო და თითქმის მის ყველა შედევრში მონაწილეობს.

პოლიტიკური შეხედულებები ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მსახიობი აქტიურად იღებს მონაწილეობას.  წარმოშობით უკრაინელმა მსახობმა არაერთხელ გააკრიტიკა ყირიმის ანექსია.

"დაე, შეურაცხმყონ, ქვები მესროლონ, მაგრამ მე პირადად უკრაინას არ ვუღალატებ! არავითარ შემთხვევაში! სასტიკადაც რომ შეურაცხმყონ და დამამცირონ", - განაცხადა მსახიობმა "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

პოლიტიკური პროცესი უწოდა მიხაელ ხადარკოვსკის სასამართლო პროცესს, მონაწილეობა მიიღო 2013 წელს "ბალოტნაია პლოშჩადზე" გამართულ ოპოზიციის მიტინგზე. მანვე მხარდაჭერა გამოუცხადა ნადეჟდა სავჩენკოს.

2015 წლის ზაფხულში ლია ახეჯაკოვამ ინტერვიუ მისცა ოპოზიცურ არხს "დოჟდს", სადაც მან რუსი ხალხის სახელით ბოდიში მოუხადა სომეხ ხალხს რუსული აგრესიის გამო.

2016 წლის ნოემბერში საზოგადოება ახალმა სკანდალმა მოიცვა. "დოჟდის" ჟურნალისტმა პაველ ლობკოვმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ლია ახეჯაკოვას მიმართვა, სადაც ის დონალდ და მელანია ტრამპებს თავისი მონაწილეობით ფილმების ყურებას უკრძალავდა. მომხმარებელთა ნაწილმა ეს მიმართვა დაგმო, ნაწილმა კი მოიწონა. საბოლოოდ გაირკვა, რომ მიმართვის ავტორი ლია ახეჯაკოვა არ ყოფილა.

პირადი ცხოვრება

მიუხედავად იმისა, რომ ლია განსაკუთრებული გარეგნობით არ გამოირჩეოდა, ამბობენ, რომ საპირისპირო სქესში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ლია ახეჯაკოვა სამჯერ იყო გათხოვილი. პირველი ქმარი ვალერი ნოსიკი თეატრში, სტუდენტობისას გაიცნო. წყვილის სიყვარულის ისტორია ხელის თხოვნითა და ქორწინებით დასრულდა. წყვილი ლიას ბინაში დასახლდა.

თეატრალურ წრეებში პოპულარული ნოსიკი შინ უფროდაუფრო ხშირად მიდიოდა ნასვამი. თავდაპირველად ლია ამას ნაკლებ ყურადღებას აქცევდა, მაგრამ სიტუაცია არ გამოსწორებულა... მათ ურთიერთობას წერტილი ვალერის რომანმა დაუსვა, რომელიც სამსახურში ფარულად გააბა. ლიამ ბარგი შეკრა და სახლიდან წამოვიდა. ის იმდენად შეურაცხყოფილი იყო, რომ იმაზეც არ უფიქრია თუ ვის სახლს ტოვებდა - თავისას თუ ქმრისას.

სულ მალე, ახალგაზრდა, მხიარულმა შავგვრემანმა პატარა ქალბატონმა ახალი ბედნიერება იპოვა. მსახიობის მეორე ქმარი იმ დროისთვის ჯერ არც ისე პოპულარული მხატვარი ბორის კოჩეიშვილი გახდა.

ორი ხელოვანის ურთიერთობა თითქოს ცეცხლოვანი უნდა ყოფილიყო, თუმცა არ ჩანდა ვნება. ლია ვერ გრძნობდა ქმრისგან სითბოს. იმ დროისათვის ის უკვე ძალიან პოპულარული იყო. თეატრიდან თუ გადაღებებიდან დაბრუნებული ქალი სამზარეულოში ტრიალებდა, რათა ქმრისათვის გემრიელი კერძები დაეხვედრებინა, ვიდრე ბორისი ხატავდა, სახლის ყველა საქმეს ლია საკუთარ თავზე იღებდა.

თუმცა ბორისის მუშაობა დიდად წარმატებული ვერ გამოდგა, გამოფენებისა და ნახატების გაყიდვის რაოდენობა მცირდებოდა, ამის გამო დეპრესიამდე მისული ქმრისათვის ლიამ ყველაფერი გააკეთა, ვინღა არ შეაწუხა, რომ მისი გამოფენები საზღვარგარეთ დაგეგმილიყო. ამას მიაღწია კიდეც - ბორისის ნახატები ევროპაში გავიდა, რამაც მხატვრის პოპულარობა და შემოსავლები გაზარდა. ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა არც ამის შემდეგ დამთბარა. ასეთ კავშირს ლიამ ვერ გაუძლო და განქორწინება მოითხოვა.

მეორე უიმედო ქორწინებამ ლიას ხელი ააღებინა სიყვარულსა და გათხოვებაზე ფიქრზე, თუმცა ლიას გარშემომყოფები ამბობენ, რომ  ის მამაკაცებს მუდამ მოსწონდათ, ჰქონდა მოკლეხნიანი რომანებიც...

ერთ-ერთ ღონისძიებაზე ბედმა ის ფოტოგრაფ ვლადიმირ პერსიანინოვს შეახვედრა.

ლია 63 წლის იყო, როდესაც საყვარელმა მამაკაცმა ცოლობა სთხოვა. ქალის აზრით, ამ ასაკში მისი ქორწინების ამბავი სკანდალს  გამოიწვევდა, ამიტომ ახლობლებს არაფერი უთხრა, მათ შორის საკუთარ მამასაც და ისე იქორწინა...

მესამე ქმარი კი ისეთი აღმოჩნდა, როგორსაც ლია მთელი ცხოვრება ეძებდა - მზრუნველი, მოსიყვარულე, გამგები. ვლადიმირი მეუღლის გარდა ლიას აგენტი და დამხმარეა საზოგადოებრივ საქმიანობაში. ერთ-ერთი ინტერვიუში მსახიობმა აღიარა, რომ მხოლოდ მესამე ქორწინებისას იგრძნო თავი ქალად.

იხილეთ ფოტოგალერეა

მოამზადა თეა ბეჟიტაშვილმა