ვინ არის ავსტრიელი მინისტრი, რომლის ქორწილშიც განქორწინებულმა პუტინმა მოილხინა? - კვირის პალიტრა

ვინ არის ავსტრიელი მინისტრი, რომლის ქორწილშიც განქორწინებულმა პუტინმა მოილხინა?

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, 53 წლის კარინ კნაისლის გათხოვებას ალბათ ყურადღებას ბევრი არავინ მიაქცევდა, ერთი გარემოება რომ არა - 18 აგვისტოს, ქორწილში, სტუმართა შორის, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც მიიწვიეს.

რუსი ლიდერის ავსტრიაში ვიზიტი - უკვე მეორე ამ ზაფხულის განმავლობაში - მოულოდნელი იყო. მასმედიას არასდროს არაფერი დაუწერია იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ასე ახლოს მეგობრობს კარინთან და მისი გულის რჩეულთან, 65 წლის ბიზნესმენ ვოლგანგ მაილინგერთან.

მსგავს მიწვევებზე ვლადიმერ პუტინი არცთუ ისე ხშირად თანხმდება - მაგალითად, 2015 წელს იგი არ წავიდა თავისი პრეს-მდივნის დიმიტრი პესკოვის ქორწილში, მიუხედავად იმისა, რომ მისი მეუღლე ტატინა ნავკა ამბობდა, რომ პრეზიდენტი მივიწვიეთო.

ქორწილში, შაბათს, ავსტრიის ფედერალურ მხარეში - შტირიაში გაიმართა, სადაც პუტინმა ბერლინისაკენ მიმავალმა გადაუხვია, გერმანიის დედაქალაქში კი მას კანცლერი ანგელა მერკელი მოსალაპარაკებლად ელოდა.

როგორც ამბობენ, პუტინის სტუმრობის გამო, ქორწილში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღეს, ავსტრიის სპეცსამსახურები საგანგებოდ ემზადებოდნენ და შესაბამის წრთვნებს ატარებდნენ ქორწილის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მეტიც, პუტინის ესკორტის გამო ავტობანიც კი გადაკეტეს.

კარინ კნაისლი ავსტრიის საგარეოპოლიტიკურ უწყებას გასული წლის ზამთრიდან ხელმძღვანელობს. მას ვენიდან სამხრეთით პატარა ფერმა აქვს, მშვენივრად ერკვევა ახლო აღმოსავლეთის პრობლემებში (დაიბადა ვენაში, მაგრამ გაიზარდა ამანში, იორდანია) და არაერთხელ მოუწოდებია ყველასთვის რუსეთთან დიალოგზე წასვლა - მოსკოვ-დასავლეთის კონფრონტაციის ფონზე. კარინ კნაისლმა დაამთავრა ვენის უნივერსიტეტი, ფლობს შვიდ ენას - არაბულს, ინგლისურს, ფრანგულს, იტალიურს, უნგრულს, ჩინურს და ივრითს, ხოლო მშობლიურმა გერმანულმა ენამ მას, სვარაუდოდ, საშუალება მისცა ქორწილის დროს ესაუბრა ვლადიმირ პუტინთან, რომელიც თავისუფლად ლაპარაკობს გერმანულად.

ბოლო წლებში ავსტრიის ხელისუფლებას, ევროკავშირის სხვა წევრ-ქვეყნებისაგან განსხვავებთან, რუსეთთან ზომიერი დამოკიდებულება აქვს, ხოლო მინისტრთა ახალი კაბინეტის ჩამოყალიბების შემდეგ, რომელშიც კარინ კნაისლიც შედის, ვენიდან სულ უფრო ხშირად გაისმის ხმები რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავების თაობაზე.

ავსტრია ევროკავშირის ერთადერთი დიდი ქვეყანაა, რომელმაც არ გააძევა რუსი დიპლომატები სოლსბერის ინციდენტთან ("სკრიპალების საქმე") დაკავშირებით. "სწორედ მძიმე დროსაა აუცილებელი დიალოგის შენარჩუნება“, - განაცხადა მაშინ კარინ კნაისლმა. იმავე წლის მარტში მინისტრმა მზადყოფნა გამოხატა შუამავლობისათვის ლონდონსა და მოსკოვს შორის. კარინ კნაისლი ასევე მოუწოდებს დასავლეთს მჭიდროდ ითანამშრომლონ რუსეთთან ახლო აღმოსავლეთის რეგიონში: "ჩვენ აუცილებლად გვჭირდება რუსეთთან თანამშრომლობა სირიასთან, იემენთან, ირანთან მიმართებით. იმედი გვაქვს, რომ რუსეთს ირანზე გავლენის მოხდენა შეუძლია, განსაკუთრებით ირანის სამხედრო ყოფნაზე სირიაში, ისრაელის საზღვართან", - ამბობდა კარინი ავსტრიის ტელევიზიით გამოსვლისას.

ნიშანდობლივია, რომ ვენა ვლადიმერ პუტინ-დონალდ ტრამპის შეხვედრის ერთ-ერთ სავარაუდო ადგილად სახელდებოდა, თუმცა მხარეებმა საბოლოოდ ჰელსინკი აირჩიეს. სწორედ ავსტრიაში ვიზიტი იქცა პირველ ვიზიტად პუტინის პრეზიდენტობის ახალი ვადის დასაწყისში, როცა იგი ვენაში ფედერალურ პრეზიდენტ ალექსანდრე ბელენს და კანცლერ სებასტიან კურცს შეხვდა. შემდეგ რუსმა ლიდერმა გვირგვინით შეამკო ფაშიზმისაგან ავსტრიის გასათავისფლებლად დაღუპული საბჭოთა მეომრების ძეგლი. მას იმ დროს თან კატრინ კნაისლი ახლდა. სწორედ მაშინ მიიწვია პრეზიდენტი მინისტრმა ქორწილში.

კატრინ კნაისლი ცნობილია ლტოლვილებისადმი მკაცრი დამოკიდებულებით. 2015 წელს იგი აცხადებდა, რომ ლტოლვილები ევროპაში ომის მიზეზით კი არა, ეკონომიკური მიზეზების გამო მოდიანო. მისი თქმით, "მიგრანტების დიდი ნაწილი ტესტოსტერონიანი ახალგაზრდები არიან, რომლებთაც ცოლები სამუშაოსა და სახლის უქონლობის გამო ვერ მოუყვანიათ, ანუ თავიანთ ტრადიციულ საზოგადოებაში სტატუსი ვერ უპოვიათ".

არალეგალური მიგრანტების თაობაზე თურქეთთან დადებულ შეთანხმებას კარინ კნაისლმა "აბდაუბდა" უწოდა, ხოლო მუსლიმ ლტოლვილებთან გადაღებული სელფის გამო ანგელა მერკელი "შეახურა“ და მისი მოქმედება წინდაუხედაობად მიიჩნია.

იხილეთ ასევე: ვლადიმირი მთელი ჩვენი თანაცხოვრების მანძილზე მცდიდა – ლუდმილა პუტინა პირად ცხოვრებაზე

"ქალიშვილებს თვეში ერთი - ორჯერ ვნახულობ" - პუტინის ქალიშვილების საიდუმლოებით მოცული ცხოვრება

მოამზადა სიმონ კილაძემ