ავსტრალიაში "ტარზანი" გარდაიცვალა, რომელიც, ერთ-ერთი ვერსიით, ელისაბედ მაჩაბლის ვაჟი იყო - კვირის პალიტრა

ავსტრალიაში "ტარზანი" გარდაიცვალა, რომელიც, ერთ-ერთი ვერსიით, ელისაბედ მაჩაბლის ვაჟი იყო

ბრიტანული გამოცემა «Daily Mail» აქვეყნებს სტატიას, რომელიც გვაუწყებს, რომ ავსტრალიაში მიხეილ ფომენკო, მეტსახელად,"ტარზანი" გარდაიცვალა, რომელიც, ერთ-ერთი ვერსიით, ქართველი თავადის ასულის ელისაბედ მაჩაბლის ვაჟი იყო

ბენ ჰილის სტატიაში ვკითხულობთ:

"ავსტრალიაში მიხეილ ფომენკო, მეტსახელად, "ტარზანი", 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი თავადის ასულის შვილი იყო, მაგრამ მას უფრო მოგზაურობა და ტროპიკული ტყეები იზიდავდა, ჰომეროსის "ოდისეას" წაკითხვის შემდეგ. იგი 60 წლის განმავლობაში გაურბოდა თანამედროვე ცივილიზებულ საზოგადოებას, ჯუნგლებში შიშველი ხელებით ნადირობდა, გარეულ ღორებსა და ნიანგებს ხოცავდა.

როგორც ამბობენ, მიხეილ ფომენკო თავადის ასულ ელისაბედ მაჩაბელისა და სპორტსმენ დანიელ ფომენკოს ვაჟი იყო, თუმცა ამ თეორიას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. იგი თურმე 1930 წელს საქართველოში დაბადებულა, რომელიც იმ დროს საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა. რამდენიმე წლის შემდეგ ოჯახს იაპონიაში გაქცევა მოუხერხებია, მაგრამ როცა 1937 წელს იაპონია ჩინეთში შეიჭრა და წყნარი ოკეანის ნაპირებზე ომი დაიწყო, მიხეილ ფომენკოს დედ-მამა ისევ გაიქცა და ვაჟი ავსტრალიაში, სიდნეიში წაიყვანეს.

მიხეილ ფომენკო ახალგაზრდობაში იმედისმომცემი სპორტსმენი იყო - ათჭიდში მან მედლებიც კი მოიპოვა და 1956 წელს მელბურნის ოლიმპიურ თამაშებშიც უნდა მიეღო მონაწილეობა, მაგრამ... ვიდრე წრთვნები დაიწყებოდა, იგი ნორტბრიჯში მდებარე სახლიდან გაიქცა, ცივილიზებულ საზოგადოებას განუდგა და ავსტრალიის ჩრდილოეთ ნაწილში არსებულ ჯუნგლებში მარტოდმარტო ცხოვრობდა.

მას, თითქმის მთლიანად შიშველს, ხშირად ხედავდნენ ძირითად ავტომაგისტრალთან ახლოს მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობა. 1964 წელს პოლიციამ მისი დაკავება შეძლო და ვიდრე სულით ავადმყოფად გამოაცხადებდნენ, ბრალად მაწანწალობა და ამორალური ქმედება წაუყენეს. მოგვიანებით კი ფსიქიატრიულ სავადმყოფოში მოათავსეს და მკურნალობდნენ. მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ მიხეილ ფომენკო ისევ ველურ ბუნებას დაუბრუნდა, ავსტრალიელ აბორიგენებტან ერთად ცხოვრობდა 2012 წლამდე, როცა უკვე სრულიად უმწეო გახდა.

მიხეილ ფომენკომ სიცოცხლის ბოლო წლები კვინსლენდის შტატში მდებარე ბაბინდის მოხუცთა თავშესაფარში გაატარა.

მოამზადა სიმონ კილაძემ