საჯაროდ გაკრიტიკებული მამა და ხმაურიანი რომანი ფეხბურთელთან - ვინ არის სილვიო ბერლუსკონის მშვენიერი ქალიშვილი - კვირის პალიტრა

საჯაროდ გაკრიტიკებული მამა და ხმაურიანი რომანი ფეხბურთელთან - ვინ არის სილვიო ბერლუსკონის მშვენიერი ქალიშვილი

იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის, მედიამაგნატის, საფეხბურთო კლუბ "მილანის" ყოფილი პრეზიდენტისა და იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, სილვიო ბერლუსკონის ქალიშვილი, ბარბარა ბერლუსკონი მამას პოპულარობით არ ჩამოუვარდება. თუმცა ექსცენტრიკული მამისგან განსხვავებით, ქალიშვილი ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს.

ფოტოგალერეა

34 წლის იტალიელი ბიზნესლედი, კომპანია FinInvest-ის დირექტორთა საბჭოს წევრი და საფეხბურთო კლუბ "მილანის" დირექტორთა საბჭოს წევრია.

ბარბარა ბერლუსკონი 1984 წლის 30 ივლისს არლეშეიმში, შვეიცარიაში დაიბადა. ის სილვიო ბერლუსკონისა და მისი მეორე ცოლის, ვერონიკა ლარიოს ქალიშვილია. ბარბარას ნათლია იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბეტინო კრახია.

დაწყებითი განათლება გოგონამ მილანში, შტეინერის სკოლაში მიიღო. ბავშობაში გოგონა უკრავდა პიანინოზე, გატაცებული იყო სიმღერითა და ხელოვნებით. რადგანაც მამა შვილებს ტელევიზორის ყურებას სასტიკად უკრძალავდა, ბარბარა თავისუფალ დროს შემოქმედებასა და თამაშებში ატარებდა. ლიცეუმში სწავლის პარალელურად ბარბარამ სამსახიობო კურსი მილანის თეატრ "პიკოლოში" გაიარა. მოგვიანებით ბარბარა ფილოსოფიამ გაიტაცა და სწავლა მილანის სან-რაფაელის უნივერსიტეტში განაგრძო. 2003 წლის სექტემბერში ბარბარა FinInvest-ის დირექტორთა საბჭოს წევრი ხდება, 2011 წლიდან კი კლუბ "მილანის" დირექტორთა საბჭოს წევრი.

მისი საქმიანობისგან განსხვავებით, მედიის ყურადღების ცენტრში უფრო ხშირად ბარბარას პირადი ცხოვრება ხვდება. ბერლუსკონის ქალიშვილი ოთხი შვილის დედაა. ბიზნესმენ ჯორჯო ვალაგუცასთან ქორწინებიდან ბარბარას 2 ვაჟი - ედუარდო და ალესანდრო ჰყავს. კიდევ ორი შვილი ლეონე და ფრანჩეკსო კი ლორენცო გუერიერისგან ჰყავს.

ბიზნესმენ ჯორჯო ვალაგურცთან ათწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, წყვილმა დაშორების გადაწყვეტილება მიიღო.

"ეს ორივე ჩვენთაგანისთვის მტკივნეული მომენტი იყო. ვეცადეთ ურთიერთობის შენარჩუნებას. თუმცა ერთობლივი ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდა. როდესაც ერთმანეთი გავიცანით, მე 16 წლის ვიყავი, ჯორჯო კი 22-ის. დროთა განმავლობაში ჩვენი ხასიათი და ამბიციები ძალიან შეიცვალა. ათწლიანი თანაცოხვრების შემდეგ ერთმანეთისგან უფრო გავუცხოვდით, ვიდრე ვიდრე თანაცხოვრების დასაწყისში". ალეშანდრე პატოსთან ერთად

ბარბარას რომანი ჰქონდა "მილანის" ყოფილ ფეხბურთელთან ბრაზილიელ ალეშანდრე პატოსთანაც. ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც ბარბარა პატოს ხვდებოდა მასთან ურთიერთობაზე Vanity Fair-თან გულახდილად ისაუბრა. როგორც მაშინ იტალიური მედია წერდა, ბევრისთვის მოულოდნელი იყო, რომ იტალიელი მედიამაგნატის, ერთ-ერთი მდიდარი ადამიანის ქალიშვილმა, განათლებულმა ტოპ-მენეჯერმა რომანი გააბა 6 წლით უმცროსს, 21 წლის ფეხბურთელთან.

"ჩვენი ურთიერთობა არ გავდა მოულოდნელ ქარიშხალს. რომ არ მყვარებოდა, პატოსთან ჩემი დროის გარკვეულ ნაწილს არ გავატარებდი. ალეშანდრე ზუსტად ის ადამიანია, რომელთან ერთადაც შემიძლია ყველა პრობლემასთან გამკლავება. სიმართლე გითხრათ, განქორწინების შემდეგ ახალი ურთიერთობისთვის მზად არ ვიყავი, მაგრამ ბედმა ახალი სიყვარული მარგუნა. გადავწყვიტე საკუთარ გულს მოვუსმინო".

წყვილი ერთმანეთს 2013 წელს დაშორდა.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბარბარა მამას თამამად აკრიტიკებს და შენიშვნებსაც აძლევს. მაგალითად, 2009 წელს როდესაც სილვიო ბერლუსკონი იტალიის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა, ბარბარამ საჯაროდ გააკრიტიკა მამის ქმედება. მიზეზი 72 წლის პოლიტიკოსის 18 წლის მოდელთან, ნოემი ლეტიციასთან კავშირი გახდა. მწვავე სკანდალის შემდეგ ბერლუსკონის ცოლმა ვერონიკა ლარიომ განქორწინება მოითხოვა. ბარბარამ იტალიურ Vanity Fair-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ პოლიტიკოსებმა პირად ცხოვრებაში იგივე პრინციპებით უნდა იმოქმედონ, როგორითაც საზოგადოებრივ საქმიანობაში მოქმედებენ.

"პოლიტიკოსების ვალია ეფექტური მართვა. მათ ხელი უნდა შეუწყონ საზოგადოების კეთილდღეობას და დაიცვან ის ღირებულებები, რომელზეც საჯაროდ საუბრობენ. ამიტომ არ მიმაჩნია, რომ პოლიტიკოსმა ზღვარი უნდა გაავლოს მის პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებას შორის".

იხილეთ ფოტოგალერეა

მოამზადა თაკო ესებუამ