"მჯერა, რომ მამაჩემი იქნება ისეთი პრეზიდენტი, როგორიც ყველას უნდა" - ვინ არიან და რას საქმიანობენ პრეზიდენტობის კანდიდატების შვილები - კვირის პალიტრა

"მჯერა, რომ მამაჩემი იქნება ისეთი პრეზიდენტი, როგორიც ყველას უნდა" - ვინ არიან და რას საქმიანობენ პრეზიდენტობის კანდიდატების შვილები

საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთ დღეა დარჩენილი და კანდიდატების საარჩევნო კამპანიაც სულ უფრო აქტიურია. ისინი დადიან ქვეყნის მასშტაბით, ხვდებიან ამომრჩევლებს, აცნობენ თავიანთ დაპირებებს და ა.შ.

თუმცა, საზოგადოებაში ინტერესს იწვევს არა მხოლოდ საპრეზიდენტო კანდიდატები და მათი საარჩევნო გეგმა, არამედ მათი პირადი ცხოვრება და ოჯახი.

წარმოგიდგენთ საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობ საპრეზიდენტო კანდიდატებს და მათ შვილებს, ვინ არიან ისინი და რას საქმიანობენ.

ფოტოგალერეა

გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს ორი შვილი ჰყავს, ნოდარი და ელენე. ელენე გრიგოლ ვაშაძისა და პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილის შვილია. 12 წლის ელენე სკოლის მოსწავლეა.

"ჩემი აზრით, მამა ძალიან ჭკვიანია, ამას არ ვამბობ იმიტომ, რომ მამაჩემია, მართლა ყველაფერი ახსოვს, ყველა ფაქტი იცის რაც მომხდარა, ადამიანებთან მოლაპარაკების უნარი აქვს", - თქვა 12 წლის ელენემ გადაცემა "იმედის კვირაში".

რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძის ვაჟს, 38 წლის ნოდარ ვაშაძეზე საქართველოში ბევრი არაფერია ცნობილი.

ორი ქალიშვილის მამაა "ევროპული საქართველოს" საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე. 19 წლის ეკატერინემ სკოლა გასულ წელს დაამთავრა და ამჟამად აშშ-ში სწავლობს, ხოლო 14 წლის ნინო სკოლის მოსწავლეა. ორი შვილი ჰყავს "ქართული ოცნების" მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილსაც. ქეთევან და თეიმურაზ გორჯესტანები საზღვარგარეთ მოღვაწეობენ.

ამ ცოტა ხნის წინ, ზურაბიშვილის შვილებმა დედაზე და მის პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე გადაცემაში "რა დროს ძილია" ისაუბრეს. სალომე ზურაბიშვილის შვილები - თეიმურაზ და ქეთევან გორჯესტანები

ქეთევან გორჯესტანი: "მამაჩემმა და დედაჩემმა თავიდანვე გადაწყვიტეს, რომ უნდა გვესწავლა ქართული და სახლში მარტო ქართულად ვლაპარაკობდით, მახსოვს ბავშვობაში, დედა ზღაპრებს ქართულად გვიყვებოდა. საქართველოში რომ ჩამოვდივარ თავს სახლში ვგრძნობ და არა უცხოელად. ამაში დიდი წვლილი ჟანრიმაც შეიტანა, მასთან სულ ქართულად ვლაპარაკობდით.

სპორტის ჟურნალისტი ვარ, მე არ მინდოდა დიპლომატია, მაგრამ ავარჩიე ისეთი პროფესია, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ  ბევრი იმოგზაურო და სხვადასხვა ადგილები ნახო. მე, ჩემს ძმასა და დედაჩემს, გვინდოდა პროფესია, სადაც არ ვიქნებოდით ჩაკეტილი ერთ ადგილას, ერთ ქვეყანაში და შეგვეძლებოდა სხვადასხვა ადგილას წასვლა...

ხალხი დედას უყურებს როგორც პოლიტიკოსს და მასზე სხვა არაფერი იციან. ის სულ სხვებზე ფიქრობს - ოჯახზე, მეგობრებზე საქართველოზე, სულ იმას ამბობდა, რომ ორი ქვეყანა "მყავს", როგორც ორი შვილი. შეიძლება ამ დროში ერთს უფრო სჭირდება, იმას უფრო უნდა მიხედვა ვიდრე მეორეს, რომელიც უფრო კარგად არის და მგონი სწორედ ამის გამო დატოვა საფრანგეთი და დაბრუნდა საქართველოში, ეგონა, რომ საქართველოს უფრო სჭირდებოდა მისი დახმარება".

თეიმურაზ გორჯესტანი: "ჯერ არის ჩემთვის დედა, შემდეგ პოლიტიკოსი. როგორც ყველა დედა, ისიც იყო რბილი. რაც არ უნდა საქმე ყოფილიყო, ჩვენთან ყოველთვის ახლოს იყო. მერე უკვე არის დედა პოლიტიკოსი და დიპლომატი, მისი მიღწევები ჩემთვის მაგალითია...

დღეს ვარ საფრანგეთის დიპლომატი, ამჟამად პირველ მრჩევლად ვმუშაობ დიდ ბრიტანეთში საფრანგეთის საელჩოში.

ორი მცირეწლოვანის მამაა "გირჩის" საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე.

"შენების მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატს, დავით უსუფაშვილს 2 ვაჟი ჰყავს, სანდრო და გიგა უსუფაშვილები.

დავით უსუფაშვილი შვილებთან ერთად

"გაპრეზიდენტების შემთხვევაში მამა არ იფიქრებს იმაზე, ნეტა რამდენს ავიღებ ხელფასს და პრემიასო, პირიქით, იმას იფიქრებს, რომ ნეტა რამდენს მივცემ ხალხსო, მართლა მჯერა, რომ მამაჩემი იქნება ისეთი პრეზიდენტი, როგორც ყველას უნდა", - ამბობს 12 წლის გიგა უსუფაშვილი გადაცემა "იმედის კვირაში".

ორი შვილის მამაა "ლეიბორისტული პარტიის" კანდიდატი შალვა ნათელაშვილი. 23 წლის დარეჯანი და 24 წლის ბექა ნათელაშვილები მამას აქტიურად უჭერენ მხარს.

ბექა ნათელაშვილი დუშეთის საკრებულოს წევრია, ის ფრაქცია "დუშეთის მომავლისთვის" თავმჯდომარეა.

იხილეთ ფოტოგალერეა

(სპეციალურად საიტისთვის)