ღარიბი ცინცინატუსი - კვირის პალიტრა

ღარიბი ცინცინატუსი

ძველი რომის დიდება ფუფუნებასა და მმართველთა ფუქსავატობაში ჩაიფერფლა. არადა, რა დიდი განსხვავება იყო ამ ბოლო პერიოდისა და მესამე-მეორე საუკუნეების

რომს შორის. ოჯახის მთავარი ნივთი იყო გრძელი და ფართო სკამლოგინი, სადაც იძინებდნენ, სადილობდნენ, წერდნენ და კითხულობდნენ  კიდეც. რომაელებისთვის უცხო იყო პური. მათი რაციონი შედგებოდა კომბოსტოს, ჭარხლის, ნივრისა და პრასისგან, მიირთმევდნენ რძეს, ყველს, ზეთისხილს. პური პირველად ძვ. წ. 187 წელს გამოჩნდა, როცა გალებზე გამარჯვების აღსანიშნავად დიდი წვეულება გაიმართა.

ადრეულ საუკუნეებში თითქმის განსხვავება არ იყო მდიდარი და ღარიბი რომაელების სუფრებს შორის. კონსულები და დიქტატორები ისევე მოკრძალებულად ცხოვრობდნენ, როგორც გლეხები. ამის კარგი მაგალითია დიქტატორი ლუციუს კვინქციუს ცინცინატუსი, რომელიც მიწის ნაკვეთს თავად ხნავდა და თესავდა. ის დიქტატორის მოვალეობის შესრულებაზე უარს ამბობდა საკმაოდ არგუმენტირებული მიზეზით, რომელიც დღევანდელ ბევრ სახელმწიფო მოხელეში მხოლოდ ირონიულ ღიმილს თუ აღძრავს: სახელმწიფო სამსახურის გადამკიდე ჩემი ისედაც ღარიბული მეურნეობა კიდევ უფრო გამიპარტახდება და ცოლ-შვილი მშიერი დამრჩებაო.

მამუკა ნაცვალაძე