"ერთი დღე გავატარე მასთან ერთად... ნუგ, ასე მომმართავდა" - სად და რატომ შეხვდა ნუგზარ რუხაძე ოდრი ჰეპბერნს? - კვირის პალიტრა

"ერთი დღე გავატარე მასთან ერთად... ნუგ, ასე მომმართავდა" - სად და რატომ შეხვდა ნუგზარ რუხაძე ოდრი ჰეპბერნს?

ფოტოს უამრავი ამბის მოყოლა შეუძლია - უცნობ, უნიკალურ ისტორიებს ინახავს და ფირზე სამუდამოდ აღბეჭდავს. ზოგიერთი წინასწარ დაგეგმილი, მომზადებული და კარგად ნაფიქრია, ზოგიც დაუგეგმავი და ექსპრომტად გადაღებული, თუმცა მთავარი ისაა, რომ ეს კადრები რჩება და ისინი დაუვიწყარ ისტორიებს ყვებიან.

ყველასათვის კარგად ცნობილი ჟურნალისტის, მთარგმნელისა და პედაგოგიკის დოქტორის ნუგზარ რუხაძის ალბომი ათასობით ფოტოს ინახავს. როგორც გაგვიმხილა, ფოტოებთან დაკავშირებით სევდანარევი დამოკიდებულება აქვს და მაინცდამაინც არ უყვარს იმ სკივრის გახსნა, სადაც მისი ფოტოარქივი ინახება. თუმცა, მის სამუშაო ოთახში, კედლებზე გამოფენილ რამდენიმე ფოტოსთან ერთად, განსაკუთრებულ ყურადღებას ერთი იქცევს: ფოტოზე ნუგზარ რუხაძე სილამაზის ეტალონად აღიარებულ მსახიობთან, ლეგენდარულ ოდრი ჰეპბერნთან ერთადაა.

"ცხადია, ფოტოგრაფიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. კაცობრიობის განვითარების ისტორიაში ფოტოებმა შემოგვინახა თვალხილული ისტორია, ის კი არა და სადღაც თაროზე მიდევს წიგნი სახელწოდებით „ისტორია ფოტოებში“ და ჩემს ცხოვრებაშიც რაღაც როლი აქვს ნათამაშები ამას, მაგრამ მე თავად უნდა გითხრათ, რომ ფოტოს მიმართ ცოტა სევდიანი განწყობა მაქვს. თითქოს ფოტოზე ასახული ბედნიერი მოგონებებიც კი, რაღაც სევდას მგვრის და ცუდ ხასიათზე მაყენებს, განსაკუთრებით მაშინ როცა წარმოვიდგენ ეს ათასობით ფოტო, რომელიც შემორჩენილია ძველი დროიდან, ახლა კიდევ ეს ელექტრონული ფოტოები, რომლითაც სავსეა ინტერნეტი და ჩემი კომპიუტერი, მომენტალურად დაკარგავენ მნიშვნელობას, როცა მე აღარ ვიქნები...

ასე წარმოვიდგენ ხოლმე: რა საჭიროა ეს ფოტოები? ხომ არ გავანადგურო, ცეცხლს ხომ არ მივცე? ვინ იქნება ამის პატრონი? რას უზამენ რომ აღარ ვიქნები? მაგრამ ისიც არის, რომ ზოგიერთი ფოტო მართლაც მნიშვნელოვანია, გადაღებულია ადამიანებთან, რომლებსაც რაღაც გავლენა ჰქონდა შენს ცხოვრებაზე და გინდა რომ ეს ყველაფერი შეინახო.

კედელზე მაქვს ის ფოტოები, რომლებიც ძვირფასია ჩემთვის, თვალი შევაჩვიე და აღარ მგვრის ნაღველს. მაგალითად, დედის და მამის სურათები მაქვს კედელზე და ზოგჯერ როცა გავიხედავ უკან და დავინახავ იმდენი რაღაც უკავშირდება ამას, გაგიჟდები. საინტერესო ფოტოა, როცა ამერიკაში რეგიონალური "ემი" მივიღე, მაშინ აშშ-ში თეთრი ჩოხა მქონდა წაღებული და ის ჩავიცვი დაჯილდოებაზე, მახსოვს დიდი ყურადღება მიიქცია.

რაც შეეხება ფოტოს ოდრი ჰეპბერნთან ერთად... სიმართლე გითხრათ, არაერთ ცნობილ ადამიანთან მაქვს სურათები გადაღებული, მაგრამ კედელზე დავკიდე მხოლოდ ეს, იმიტომ რომ ეს სურათი იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას, იმიტომ რომ ოდრი ჰეპბერნი ოდრი ჰეპბერნია! მე მართლაც, ერთი სამუშაო დღის გატარება მომიხდა მასთან ერთად, როდესაც ის ატლანტაში ჩამოვიდა, როგორც UNICEF-ის წარმომადგენელი. მე ამერიკის ტელევიზიის სტუდიამ გამაგზავნა მასზე სიუჟეტის მოსამზადებლად. უკვე ხანში იყო შესული, თუმცა ის სინათლე და სათნოება სახეში და თვალებში მაინც შემორჩენილი ჰქონდა.

ეს იყო აბსოლიტურად დაუვიწყარი დღე! ისე თბილად მომექცა, იქამდე მივიდა საქმე, რომ სახელითაც მომმართავდა - ნუგ, ასე მეძახდა. ვერ გაიმეორებდა ჩემს ქართულ სახელს და შემოკლებით ვუთხარი, როგორც მეძახდნენ ტელევიზიაში. ფოტო შემთხვევით გადაიღო უცნობმა ფოტორეპორტიორმა და რამდენიმე კვირის შემდეგ მომიტანა - მომცა კონვერტით, როგორც სიურპრიზი. გაგრძელება

იხილეთ ასევე: ოდრი ჰეპბერნი - მსოფლიო კინოს მარადიული პრინცესა და "მიწიერი ანგელოზი"