მაკა ჩიჩუა, მელანია ტრამპი და ბრიჯიტ მაკრონი - მსოფლიოს პირველი ქალბატონები ვერსალში
საქართველოს პირველ ლედის მაკა ჩიჩუას, რომელიც პარიზში პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავის საიუბილეო ღონისძიებებს ესწრება, ბრიჯიტ მაკრონმა მსოფლიო ლიდერების მეუღლეებთან ერთად ვერსალის სასახლეში სადილზე უმასპინძლა. სტუმრებმა ვერსალის სასახლე დაათვალიერეს, რის შემდეგაც ოფიციალური სადილი გაიმართა, რომელზეც ბრიჯიტ მაკრონმა მსოფლიო ლიდერების მეუღლეებს სიტყვით მიმართა.
ბრიჯიტ მაკრონმა სტუმრებს მადლობა გადაუხადა საფრანგეთში სტუმრობისა და საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილეობისათვის. მისი განცხადებით, დღეს საფრანგეთში სტუმრობა განიხილება, როგორც ძლიერი მეგობრობის ნიშანი და მზადყოფნა ვაშენოთ მშვიდობა და შევუქმნათ მსოფლიოს მშვიდობიანი მომავალი. "სწორედ ვერსალია ის ადგილი, სადაც 100 წლის წინ, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ერთა შორის მშვიდობისათვის შეთანხმება შეიქმნა", - აღნიშნა ბრიჯიტ მაკრონმა.
ოფიციალური სადილის შემდეგ მაკა ჩიჩუა ვერსალში ვენის ფილარმონიის ორკესტრის კონცერტს დაესწრო. ფოტოებს სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.