ვარსკვლავური წყვილი საბოლოოდ "დაიშალა"? - კვირის პალიტრა

ვარსკვლავური წყვილი საბოლოოდ "დაიშალა"?

ჰოლივუდში ალბათ დიდხანს არ დაავიწყდებათ ოჯახური კონფლიქტი, რომელიც თითქმის სამი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ცნობისმოყვარენი ყურადღებით ადევნებდნენ თვალს  სახელგანთქმული მსახიობის, შონ პენისა და მისი მეორე ცოლის, რობინ რაიტის ოჯახს.

ცოლ-ქმარმა 13 წელი გაატარა ერთად, მაგრამ ბოლო წლები მათთვის ბედნიერი ნამდვილად არ ყოფილა. წყვილი კარგა ხნის განმავლობაში მალავდა ურთიერთობაში გაჩენილ ბზარს, თუმცა ჭირმა თავი არ დამალაო, სწორედ მათზეა ნათქვამი.

შონმა და რობინმა სამჯერ სცადეს განქორწინება. პირველად სასამართლოს 2007 წელს მიმართეს, თუმცა რამდენიმე თვეში შერიგდნენ და საბუთები უკან გაიტანეს. 2009 წლის აპრილში კვლავ დაშორდნენ და გადაწყვიტეს, ეს განშორება უკვე ოფიციალურად გაეფორმებინათ. ერთი თვის შემდეგ ისევ შერიგდნენ.

ვარსკვლავური წყვილი საბოლოოდ 2009 წლის აგვისტოში "დაიშალა", მაშინ უკვე რობინ რაიტმა შეიტანა საბუთები სასამართლოში. ქალს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი აღარ დაბრუნებულიყო "ოსკაროსან" მეუღლესთან. მესამე ცდა "წარმატებით" დასრულდა და ამ ზაფხულს ისინი ოფიციალურად, სასამართლოს ძალით გაიყარნენ.

შეგახსენებთ, რომ რობინ რაიტი შონ პენის მეორე ცოლი იყო. მისი პირველი მეუღლე სახელგანთქმული მომღერალი მადონა გახლდათ, რომელიც ამტკიცებდა, რომ შონი უხეშად ექცეოდა და ფიზიკურ შეურაცხყოფასაც  აყენებდა.

ხათუნა ჩიგოგიძე