ჯონ ლენონის მკვლელის უცნაური აღსარება - კვირის პალიტრა

ჯონ ლენონის მკვლელის უცნაური აღსარება

ლეგენდარული ჯგუფის, "ბითლზის" დამაარსებლის, ჯონ ლენონის მკვლელმა უკვე მეექვსეჯერ მოითხოვა ვადამდე ადრე გათავისუფლება. მარკ დევიდ ჩეპმენმა ამ უფლებით პირველად 2000 წელს ისარგებლა, ის ამტკიცებს, რომ უკვე დასძლია ფსიქოლოგიური პრობლემები და საზოგადოებისათვის საშიში აღარ არის. მკვლელს შეწყალებაზე ხუთჯერ უთხრეს უარი.

ლენონის ქვრივი იოკო ონო დამნაშავის ციხეში დატოვებას მოითხოვს. მისი მტკიცებით, ვერც ის და ვერც მისი შვილები მშვიდად ვერ იცხოვრებენ, თუ ლენონის მკვლელს ციხიდან გამოუშვებენ. თვითონ ჩეპმენი დარწმუნებულია, რომ მომღერალი ცოცხალი რომ იყოს, ყველაფერს დიდსულოვნად აპატიებდა.

ამ აღიარებით მარკ ჩეპმენმა ლენონის ათასობით თაყვანისმცემლის რისხვა გამოიწვია. ცნობილი მომღერლის ფანები მოითხოვენ საერთოდ წაართვან მკვლელს შეწყალების უფლება: "ჩეპმენი უნდა აწამონ, თუ ამას არ გააკეთებენ, მე თვითონ გავუსწორდები!" - წერს ერთი ფინეთიდან. "ის მკვლელია და მთელი ცხოვრება ციხეში უნდა იჯდეს" - ამტკიცებს მეორე.

"ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჩეპმენი ერთ დღესაც ვერ იცოცხლებს, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი ემუქრება!" - ამბობს მესამე.… ნიუ-იორკის პოლიციაც ვერ იღებს თავის თავზე ყოფილი დამნაშავის დაცვას, ამიტომაც, ის  კვლავ ციხეში ზის.

ჩეპმენმა ჯონ ლენონი 1980 წლის დეკემბერში მოკლა, რისთვისაც სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ექსპერტიზის დასკვნით, მარკ ჩეპმენი ფსიქიკურად იყო დაავადებული.

ჩეპმენი 1955 წლის ოქტომბერში ჩრდილოეთ კაროლინის შტატში დაიბადა. 15 წლის ასაკში თავის დამკვიდრების მიზნით თმა მოუშვა და მარიხუანას მოწევა დაიწყო. გატაცებული იყო მუსიკით და კარგად უკრავდა გიტარაზე. ჩეპმენის კერპები იყვნენ ჯიმი ჰენდრიკსი, ბობ დილანი და ჯონ ლენონი. 1977 წლიდან მარკს უმწვავესი დეპრესია დაეწყო, რადგან არც კარიერაში უმართლებდა და არც პირად ცხოვრებაში.

ამავე წლებში გული აიცრუა ლენონზე, რადგან მიიჩნევდა, რომ ჯონმა თავისი იდეალები სიმდიდრეზე გაცვალა. მკვლელი მომღერალს "გამყიდველს" ეძახდა, თუმცა ამავე დროს, ყველაფერში ჰბაძავდა.

სასამართლოზე ჩეპმენმა აღიარა, რომ 1980 წლის 27 ოქტომბერს პისტოლეტი შეიძინა და ნიუ-იორკში ხეტიალი დაიწყო. თანაც სულ თავისი ჩანაფიქრის განხორციელებაზე ფიქრობდა და ეს მხოლოდ 8 დეკემბერს შეძლო. იმ დღეს კი მოვლენები ამგვარად განვითარდა:

KvirisPalitra.Geჯონ ლენონმა ჟურნალისტებს უკანასკნელი ინტერვიუ მისცა. საღამო ხანს მარკ ჩეპმენმა, რომელმაც სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე ლენონისაგან ავტოგრაფიც კი აიღო, მომღერალს საკუთარ სახლთან ხუთი ტყვია ესროლა. პოლიციამ რამდენიმე წუთში ლენონი რუზველტის ჰოსპიტალში მიიყვანა, მაგრამ დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვის გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სასამართლოზე მკვლელმა აღიარა ისიც, რომ ლენონის მკვლელობა შინაგანმა ხმამ უკარნახა და რომ მას "პატარა კაცუნები" არიგებდნენ, როგორ უნდა მოქცეულიყო. სასამართლო პროცესი მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. 1981 წელს მარკ ჩეპმენს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ მკვლელმა უკანასკნელი სიტყვა წარმოთქვა და განაცხადა: "ღმერთო, ლენონმა ხომ იცოდა, რომ ორნი ვიყავით.…მე მასში საკუთარი ორეული მოვკალი"!