მესალინას წაღები - კვირის პალიტრა

მესალინას წაღები

უნებისყოფო კლავდიუსს იოლად მართავდნენ მის გარშემო მრავლად მოფუსფუსე მედროვეები. მედროვეებს რა უშავდათ, თავად მისი ცოლი - ვალერია მესალინა

მბრძანებლობდა, ის განაგებდა ფაქტობრივად რომის იმპერიას. მესალინას იდეალი კლეოპატრა იყო, სწორედ მას ეჯიბრებოდა მაშინ, როცა თავგადასავლებს ეძებდა.

რომში კი, თავგადასავლების ქალაქში, აბა, სასიყვარულო ისტორიებს რა გამოლევდა... აქ მართლაც რომ ჩქეფდა ცხოვრება, პატრიციების აღვირახსნილობას საზღვარი არ ჰქონდა, მათ არც ქალები ჩამორჩებოდნენ. ერთი სიტყვით, აიშვა არტახები მესალინამ. ვინ მოთვლის, ცოლის მოტრფიალე რამდენი რომაელი ჭაბუკი მოაკვლევინა კლავდიუსმა, მაგრამ თანამეცხედრეს ავხორცობა ვერ მოაშლევინა.

მესალინა მლიქვნელთათვის თაყვანისცემისა და შთაგონების ობიექტიც იყო. შემორჩენილია საინტერესო ეპიზოდი, რომელიც მოგვითხრობს, თუ როგორ ეკიდა კისერზე ერთ წარჩინებულს მესალინას ნაჩუქარი გაცვეთილი წაღი, რომლის ლანჩასაც დროდადრო სხვათა დასანახად მოწიწებით კოცნიდა, - ამით მლიქვნელი იმპერატორისაკენ მიმავალ გზას იიოლებდა.

როგორ გაუკვალა გზა იმპერატორობისაკენ ნერონს სოკომ

კლავდიუსს ბედმა მწარედ დასცინა, - რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, უნებისყოფო და მძინარა იმპერატორი საყვარელმა სოკოს კერძმა იმსხვერპლა. თუმცა, მანამდე ტრაგიკულად დასრულდა აღვირახსნილი მესალინას ზეობა.

ქალს კლავდიუსის იმპერატორობა ხიბლავდა და არა მისი მოქანქარე თავი, ამიტომაც უამრავი მომხრე შემოიკრიბა, სახელმწიფო გადატრიალება შეამზადა და ერთ რომაელ ჭაბუკზეც იქორწინა. მესალინამ ბევრი რამ ვერ გათვალა, კლავდიუსის მომხრეებმა ვერ გაიმეტეს თავისი იმპერატორი, დედოფლის უზნეობას მახვილით უპასუხეს, მექორწილეები დახოცეს და იმპერატორს კონკურენტი ჩამოაცილეს.

მგლოვიარე კლავდიუსი დიდხანს არ დარჩენილა უცოლოდ, ძმისშვილს, აგრიპინას დაადგა თვალი და სასახლეში მიაყვანინა შვილთან ერთად. შვილი კი, არც მეტი, არც ნაკლები, სისხლისმსმელი ნერონი გახლდათ. დიდხანს არ გაგრძელებულა "მამაშვილური" იდილია. აგრიპინა მესალინასავIით პატივმოყვარე ქალი იყო და თავისი ვაჟის გაიმპერატორება სურდა.

კიდევ ერთი ტრაგიკომედია გათამაშდა კლავდიუსის ცხოვრებაში. ახ. წ. 54 წელს აგრიპინამ თავის ბიძა-მეუღლეს სოკოს კერძში საწამლავი ჩაუყარა და იმ ქვეყანას გაისტუმრა, ტახტზე კი თავისი ვაჟი - ნერონი აიყვანა. ნერონმა სოკოს კერძით კი მოიპოვა იმპერატორობა, მაგრამ თავად აღარასოდეს გაჰკარებია, ეშინოდა, კლავდიუსის ბედი არ გავიზიაროო.

მამუკა ნაცვალაძე