"ნაცმოძრაობის" დროს ყველგან დაბლოკილები ვიყავით... ბიძაჩემი ორჯერ დაიჭირეს" - შეპირდნენ თუ არა თანამდებობას ნინი ქარსელაძეს? - კვირის პალიტრა

"ნაცმოძრაობის" დროს ყველგან დაბლოკილები ვიყავით... ბიძაჩემი ორჯერ დაიჭირეს" - შეპირდნენ თუ არა თანამდებობას ნინი ქარსელაძეს?

მომღერალი ნინი ქარსელაძე ბოლო პერიოდში პოლიტიკურად ძალიან გააქტიურდა - მისი ფეისბუქპოსტები პოლიტიკური შინაარსისაა, არ ერიდება პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას ჟურნალისტებთან და პოლიტიკურ შოუებშიც მონაწილეობს. წინასაარჩევნო პერიოდშიც აქტიურად ჩანდა საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის გვერდით, მის მხარდამჭერ კლიპშიც მიიღო მონაწილეობა და რეგიონებში კონცერტებზეც გამოვიდა "ქუჩის ბიჭებთან" ერთად.

საზოგადოებისგან ნინიმ ამის გამო კრიტიკაც დაიმსახურა, გავრცელდა ჭორებიც, რომ მომღერალს ამ მხარდაჭერის გამო, თანამდებობასაც დაპირდნენ და რომ ნინი ქალაქში პირადი დაცვით გადაადგილდება და ა.შ.

AMBEBI.GE ნინი ქარსელაძეს დაუკავშირდა. მომღერალმა ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილისთვის მილოცვით დაიწყო:

"პირველ რიგში კიდევ ერთხელ ვულოცავ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებას. ასეც ვიცოდი, რომ ის გაიმარჯვებდა! ამ ქალბატონის საქმიანობას ყოველთვის თვალს ვადევნებდი და უდიდეს პატივს ვცემ იმის გამო, რასაც ჩვენი ქვეყნისთვის აკეთებდა. დიდი ხანია ის უამრავ კარგ საქმეს აკეთებს ქვეყნისთვის და ჩემს დიდ პატივისცემასაც ამიტომ იმსახურებს.

- ნინი, შენი ოჯახი სააკაშვილის დროს იყო შევიწროვების მსხვერპლი, ამის გამო უპირისპირდები ასე "ნაციონალურ მოძრაობას"?

- ძალიან რთული პერიოდი გამოიარა ჩემმა ოჯახმა წინა ხელისუფლების მმართველობის დროს - ბიძაჩემი ორჯერ დაიჭირეს, ასეთი რამ ისტორიაში არ არსებობს, ერთი ადამიანი ორჯერ დაეჭირათ. ყველგან დაბლოკილები ვიყავით, 8 წელი არსად მიმღერია არც მე და არც "ქუჩის ბიჭებს", გვეუბნებოდნენ, ზურას მიტინგზე გამოსვლის შემდეგ, შენ და "ქუჩის ბიჭები" "ზემოთ" დაგბლოკესო. ვინ იყო ის "ზემოთ", წარმოდგენა არ გვაქვს.

- მაშინ მთავარ კონცერტებს სტეფანე და კახა ცისკარიძე ატარებდნენ, რომლებთანაც ვიცი, რომ მეგობრობს თქვენი ოჯახი...

- მე მქონდა კახუჩელასთანაც და სტეფანესთანაც საუბარი ამ თემაზე, მაგრამ ზუსტად ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანები ვერ მიიღებდნენ გადაწყვეტილებას. მათ არ ჰქონდათ უფლება ზემოთ დაბლოკილი "ქუჩის ბიჭები" და ნინი ქარსელაძე კონცერტში ჩაესვათ.

- გავრცელდა ასეთი ინფორმაცია, რომ სოფო ხალვაშის მსგავსად, თქვენც დაგიფასდებათ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა და თანამდებობაზეც დაინიშნებით...

- ცხოვრებაში არ მიფიქრია პოლიტიკაში ყოფნაზე. დიდი ადრენალინი ჰქონია ამ პროცესებში ჩართვას, მაგრამ არ ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას. ანასტასიას გეფიცებით, არანაირი დაპირება არ მიმიღია "ქართული ოცნებისგან", სამსახურიც არ მჭირდება. მე უკან მყავს ოჯახი, რომელიც საქართველოში არ მოღვაწეობს. ჩემთვის თანხაც კი არავის გადაუხდია.

მხოლოდ ჩემი კეთილი ნება იყო, ქალბატონი სალომეს მხარდასაჭერ კონცერტებში მიმეღო მონაწილეობა. თქვეს 500 ლარი გადაუხადესო, ეს მხოლოდ ფორმალობა იყო, რადგან კანონით არ გვაქვს უფლება საარჩევნო კონცერტებში უფასოდ გვემღერა. რაც შეეხება სოფო ხალვაშს, მინდა თქვენი მეშვეობით მივულოცო მას ბათუმის მერის მოადგილის თანამდებობა. ამას იმსახურებს, ის დიდ წვლილს შეიტანს ბათუმის კულტურის განვითარებაში. გაგრძელება

იხილეთ ასევე: "ზურას ანასტასიას პამპერსში ნარკოტიკების ჩადებით ემუქრებოდნენ, ნინის პატრული დასდევდა დასაჭერად"