"როცა ჯანრი გავიცანი, ამ დროს პირველ ქორწინებაში ვიმყოფებოდი" - რას ჰყვება სალომე ზურაბიშვილი ცხოვრების დიდ სიყვარულზე? - კვირის პალიტრა

"როცა ჯანრი გავიცანი, ამ დროს პირველ ქორწინებაში ვიმყოფებოდი" - რას ჰყვება სალომე ზურაბიშვილი ცხოვრების დიდ სიყვარულზე?

დღეს სალომე ზურაბიშვილი ოფიციალურად შეუდგება ქვეყნის პრეზიდნეტის უფლებამოსილების შესრულებას. გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან, რომელშიც ის ოჯახსა და ცხოვრების ყველაზე დიდ სიყვარულზე ლაპარაკობს:

სალომე ზურაბიშვილი: "როდესაც ოჯახზე ვლაპარაკობ, ყოველთვის მინდა, საუბარი ჯანრითი დავიწყო, მაგრამ როგორ გამომივა, არ ვიცი... როდესაც ჯანრიმ, როგორც თავად ამბობდა, თავისუფლება არჩია და საფრანგეთს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა, მაშინ იქაურ საგარეო საქმეთა სამინისტროში ვმუშაობდი და მთხოვეს გამერკვია, სად უნდა მიეტანა საბუთები. მაშინ გავიცანი ჯანრი, მაგრამ როდესაც „ქართულ-ევროპული ინსტიტუტი“ დააარსა, უფრო დავუახლოვდით ერთმანეთს... ამ დროს პირველ ქორწინებაში ვიმყოფებოდი. შემდეგ მეუღლესთან ერთად ამერიკაში წავედი. პირველი მეუღლე სპარსეთში, თეირანში დაბადებულ-გაზრდილი ქართველი იყო, გვარად გუგუშვილი. მისგან ორი შვილი მყავს, გოგონა და ბიჭი... მე და ჩემი მეუღლე რომ დავშორდით, დიპლომატიური მისიით აფრიკაში, ჩადში წავედი. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ღარიბი ქვეყანა. მე და ჩემი შვილები იქ სამი წელი ვცხოვრობდით. მაშინ იქ ომიც იყო. ქუჩები, ფაქტობრივად, არ არსებობდა, ქვიშა იყო ყველგან. სალომე ზურაბიშვილი და ჯანრი კაშია

იქიდან რომ დავბრუნდი, მერე გავყევი ჯანრის. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში უდიდესი სიყვარული. დიდი ტკივილის მიუხედავად, მაინც ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ადამიანის გვერდით ვცხოვრობდი. ის მხოლოდ მეუღლე კი არა, ჩემი უახლოესი მეგობარი და თანამებრძოლი იყო... საერთო შვილი არ გვყავს, მაგრამ მის შვილებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, სულ ვამბობდით, რომ გაფართოებული ოჯახი გვქონდა... მის გარეშე ცხოვრება ძალიან გამიჭირდა. ასე მეგონა, ცხოვრების ძალა და მოტივაცია დავკარგე. ხშირად ვკამათობდით კიდეც, რადგან საჭიროა, ვიღაცამ წინააღმდეგობა გაგიწიოს და შენ დაუმტკიცო, რომ ასე არ არის, ან პირიქით, დაეთანხმო. მის თანადგომას და რაც მთავარია, სიყვარულს ყოველთვის ვგრძნობდი. ხანდახან ჯიუტად არ მინდა მასზე წარსულში ლაპარაკი, რადგან ვგრძნობ, ჩემ გვერდით არის", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში. იხილეთ სრულად

იხილეთ ფოტოგალერეა