სტივი არ აღიარებდა, მაგრამ აშკარაა, რომ მთელი ცხოვრება ბიოლოგიურ მშობლებს უმტკიცებდა, ვისზე თქვეს უარი - მესია ჯინსებით - კვირის პალიტრა

სტივი არ აღიარებდა, მაგრამ აშკარაა, რომ მთელი ცხოვრება ბიოლოგიურ მშობლებს უმტკიცებდა, ვისზე თქვეს უარი - მესია ჯინსებით

2011 წლის 5 ოქტომბერს კომპანია Apple -მა დაკარგა შემოქმედებითი გენია, კაცობრიობამ კი გამორჩეული ნოვატორი - სტივ ჯობსი. იგი მძიმე ავადმყოფობის შედეგად 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. კომპიუტერული სამყაროს ავტორიტეტებს პერსონალური კომპიუტერი მოჰიპო ტიპების სათამაშოდ მიაჩნდათ, ეს ავტორიტეტები კი გახლდნენ "აიბიემის", "ჰიულეტ-პაკარდის", "ინტელის" საუკეთესო სპეციალისტები. რომ არა ჯობსის რკინის ნება, პერსონალური კომპიუტერის გარეშე დღეს გარემომცველი სამყარო სხვაგვარი იქნებოდა.

სტივ ჯობსის ხასიათის სიხისტესა და სიმტკიცეზე ლეგენდები დადიოდა. ადრეული ფოტოგრაფიებიდან თავდაჯერებული სტივი იყურება, რომელსაც სწამს, რომ მას დედამიწაზე განსაკუთრებული მისია აქვს და რომ მას სამყაროს შეცვლა ძალუძს. ჯობსის უპირველესი თანამოაზრე სტივ ვოზნიაკი იხსენებდა - "მას ყოველთვის სჯეროდა, რომ შეეძლო, მთელი კაცობრიობა აეყოლიებინა".

"სხვისი შვილი"

კომპიუტერული ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, პერსონალური კომპიუტერის მამა - სტივ ჯობსი 1955 წლის 24 თებერვალს დაიბადა სან-ფრანცისკოში. ბედის ირონიით, ის სასურველი შვილი არ აღმოჩნდა. ასპირანტებმა, სირიელმა აბდულფათაჰ ჯანდალიმ ა ჯოანა შიბლმა ჯერ კიდევ ბავშვის დაბადებამდე გადაწყვიტეს მისი გაშვილება, ოღონდ ერთი პირობით - მშვილებლები ბავშვს აუცილებლად მიაღებინებდნენ უმაღლეს განათლებას.

პოლ ჯობსი პატარა სტივთან ერთად

ბიჭუნა პოლ და კლარა (ქალიშვილობის გვარი აკოფიანი) ჯობსებმა იშვილეს და სტივენ პოლ ჯობსი დაარქვეს. კლარა საბუღალტრო ფირმაში მუშაობდა, პოლ ჯობსი კი ლაზერული დანადგარების მწარმოებელ ფირმაში მექანიკოსად. მამამისს ტექნიკური ნიჭი და "ოქროს ხელები" ჰქონდა. ძველ, დამტვრეულ მანქანებს $50-ად ყიდულობდა, შეაკეთებდა და სტუდენტებზე ყიდდა. ფული სტივის კოლეჯში სწავლას ხმარდებოდა. როდესაც ერთხელ სტივ ჯობსს ჰკითხეს, რას გადასცემდა თავის შვილებს, "კომპიუტერთა მეფემ" უპასუხა: "უბრალოდ ვეცდები, ისეთივე კარგი მამა ვიყო მათთვის, როგორიც მამაჩემი იყო ჩემთვის".

სტივს ეჭვიც არ შეჰპარვია, რომ ჯობსები მისი ღვიძლი მშობლები არ იყვნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში სტივმა შეიტყო, რომ ნაშვილები იყო. მოზარდმა ბიჭუნამ ბიოლოგიური მშობლების ძებნა დაიწყო. ის-ის იყო, მათი პოვნის იმედი გადაეწურა, როცა 27 წლის ასაკში გაიგო, რომ ჯოანა შაბლი და აბდულფათაჰ ჯანდალი დაქორწინებულან და ქალიშვილიც შესძენიათ. მისი და ნიუ-იორკელი მწერალი მონა სიმპსონი აღმოჩნდა. ჯობსს დასთან გულითადი ურთიერთობა ჰქონდა და საუკეთესო მეგობრად მიიჩნევდა, მისი ბიოლოგიური მამა პოლიტოლოგიის პროფესორი იყო, დედა კი ლოგოპედი, თუმცა ისინი რამდენიმე წლის შემდეგ გაიყარნენ. სტივი არ აღიარებდა, მაგრამ მისი ბიოგრაფის თქმით, აშკარაა, რომ მთელი ცხოვრება ბიოლოგიურ მშობლებს უმტკიცებდა, ვისზე თქვეს უარი...

გარაჟში - "ცისფერი კოლოფებისთვის"

სკოლის დამთავრების შემდეგ, 1972 წელს, სტივი პორტლენდში, რიდის კოლეჯში შევიდა. მაგრამ პირველი სემესტრის შემდეგვე მიხვდა, რომ მშობლების მიერ რუდუნებით ნაგროვები ფული ქარს მიჰქონდა - კოლეჯში მისთვის საინტერესო არაფერი ისწავლებოდა, სწავლა კი თითქმის იმდენივე ღირდა, რაც სტენფორდში. სტივმა კოლეჯი მიატოვა და თავისუფალ სტუდენტად დარჩა. საერთო საცხოვრებელში ოთახი არ ჰქონდა და მეგობრებთან იძინებდა იატაკზე, ლუკმა-პურისთვის "კოკა-კოლას" ბოთლებს აბარებდა, კვირაობით შვიდ მილს ფეხით გადიოდა, რათა კრიშნაიდების ტაძარში ნორმალურად ესადილა. სტივ ჯობსი ორ წელიწადში ჯობსი კალიფორნიაში დაბრუნდა, სადაც ძველ მეგობარსა და ტექნიკის გენია სტივენ ვოზნიაკს შეხვდა. მისი რჩევით ჯობსი პოპულარული ვიდეოთამაშების ფირმა "ატარიში" მოეწყო ტექნიკოსად. მაშინ სტივის ოცნება ინდოეთში მოგზაურობა იყო. თუმცა ინდოეთისა და ჰიპობის გარდა, ძალიან აინტერესებდა ელექტრონიკაც. ვოზნიაკთან ერთად პალო-ალტოს კომპიუტერულ კლუბში მივიდა, რომლის წყალობით სატელეფონო გიგანტ AT&T-სთან დაიწყეს "თანამშრომლობა". ამერიკელმა რადიომოყვარულებმა აღმოაჩინეს, რომ სატელეფონო ქსელთან არალეგალური შეერთებით შესაძლებელი იყო ხანგრძლივი უფასო საუბარი შორ მანძილზეც კი. ჯობსი და ვოზნიაკი შეხვდნენ ჯონ დრეიპერს, ამ გამოგონების აქტიურ გამავრცელებელს და გადაწყვიტეს, ე.წ. ცისფერი კოლოფები დაემზადებინათ - მოწყობილობა შორ მანძილზე უფასო საუბრისთვის, თითოეულს კი $150-ად ყიდდნენ. ასე დაიწყო სტივენ ჯობსის მშობლების გარაჟში ჯობს-ვოზნიაკის ერთობლივი ელექტროსაქმიანობა.

"მითხარი, ვინ არის შენი მეგობარი"...

სტივმა ოცნება აისრულა და ინდოეთში გაემგზავრა, საიდანაც შთაბეჭდილებებით აღსავსე, გადაპარსული და ინდური ტრადიციული სამოსით დაბრუნდა. მალე "ატარიში" ჯობსს ვიდეოთამაშებისთვის ელექტროსქემის შექმნა დაავალეს და ჩიპების მინიმალიზაციაც შესთავაზეს. თითო "გამქრალი" ჩიპის სანაცვლოდ $400-ს გადაუხდიდნენ. ჯობსი მაინცდამაინც ვერ ერკვეოდა ელექტროპლატის აგებულებაში, ამიტომ ვოზნიაკს საქმეში შესვლა და პრემიის თანაბრად გაყოფა შესთავაზა. კომპანიაში გაოცება ვერ დამალეს, როცა ჯობსმა 50 ჩიპით შემცირებული პლატა წარადგინა... ჯობსმა ვოზნიაკს უთხრა, რომ მხოლოდ $700-ს გადაუხადეს (და არა $5000, რაც სინამდვილეში აიღო) და $350 გადასცა.

ორი სტივი - ჯობსი და ვოზნიაკი

და მაინც - ჯობსი გაცნობის დღიდან აღფრთოვანებული იყო ვოზნიაკით, რომელმაც უდავოდ დიდი როლი ითამაშა მეგობრის ცხოვრებაში. მისი ინჟინრული გენიის გარეშე არც "Apple" იარსებებდა და არც ჯობსის ტრიუმფი შედგებოდა. თუმცა ჯობსის ინიციატივა და კომერციული ხედვა არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო... 20 წლის ასაკში ჯობსმა პირველად დაინახა კომპიუტერი, რომელიც ვოზნიაკს თავისთვის აეწყო. სწორედ მაშინ მოუვიდა აზრად პერსონალური კომპიუტერის შექმნის იდეა და ვოზნიაკი დაარწმუნა, კომპიუტერები გასაყიდად დაემზადებინა.

ჯობსმა საქმეში შემოიყვანა მხაზველი რონალდ უეინი, ვისთანაც "ატარიში" მუშაობდა. 1976 წლის 1-ელ აპრილს ჯობსმა, ვოზნიაკმა და უეინმა დააარსეს კომპანია Apple Computer Co. ჭეშმარიტად, მხოლოდ ახალგაზრდებს მოუვიდოდათ აზრად, კომპიუტერული კომპანიისთვის "ვაშლი" ეწოდებინათ. იდეა ჯობსს ეკუთვნოდა, რომელიც ხშირად სტუმრობდა ჰიპების კომუნას და თავისი უსაყვარლესი ხილის, ვაშლის გაშენებაშიც ეხმარებოდა მათ.

საქმეში "150%-ით"

სტივ ვოზნიაკი ბერკლის უნივერსიტეტში საინჟინრო ფაკულტეტზე სწავლობდა, მაგრამ 70-ანების დასაწყისში სწავლა მიატოვა, ცოლი შეირთო და სამუშაოდ "ჰიულეტ-პაკარდში" მოეწყო. სტივ ჯობსს კი მხოლოდ რიდ-კოლეჯის ერთსემესტრიანი განათლება ჰქონდა და ვერაფრით დაარქმევდით ტექნიკურ ექსპერტს.  Apple - ის შექმნისას მათ ბიზნესის მართვის არავითარი გამოცდილება არ ჰქონდათ. საწყისი კაპიტალისთვის ჯობსმა თავისი მიკროავტობუსი გაყიდა, ვოზნიაკმა კი თავისი უსაყვარლესი, "ჰიულეტ-პაკარდის" დაპროგრამებული კალკულატორი. ჯობსმა დაიყოლია ვოზნიაკი, "ჰიულეტ-პაკარდი" მიეტოვებინა და Apple - ის ვიცე-პრეზიდენტი გამხდარიყო.

ჯობსის მშობლების გარაჟში ვოზნიაკი ჩვეულ საქმეს შეუდგა - მიკროსქემების გამარტივებას, მოწყობილობის ზომების შემცირებასა და ელექტროსქემებში დეტალების მინიმალიზაციას. სწორედ ეს იყო საჭირო კომპაქტური და იაფი კომპიუტერების დასამზადებლად. პირველი მოდელი 1976 წელს შეიქმნა. იმავე წელს მიიღეს პირველი მსხვილი დაკვეთა ელექტრონიკის მაღაზიიდან - 50 კომპიუტერი. შეკვეთის შესასრულებელი თანხა არ გააჩნდათ და შემკვეთისგან საჭირო დეტალები და 30-დღიანი კრედიტი მოითხოვეს. ათ დღეში შეკვეთა მზად იყო. მაღაზიაში კომპიუტერი $666,66 ღირდა - ვოზნიაკს მოსწონდა ერთციფრიანი რიცხვები. თუმცა უეინს წარმატების იმედი გაუქრა, თავისი წილი, $800 აიღო და კომპანია დატოვა.

ვოზნიაკმა "Apple II"-ის პროტოტიპზე მუშაობა დაიწყო. ეს იყო პირველი მასური პერსონალური კომპიუტერი მსოფლიოში. მას ჰქონდა პლასტმასის კორპუსი, დისკეტის წაკითხვის მოწყობილობა და ფერადი გრაფიკა. ჯობსმა სარეკლამო კამპანია გააჩაღა. კომპიუტერების შეფუთვაზე თვალში საცემი იყო კომპანიის ახალი ლოგოტიპი - კაშკაშა, ჩაკბეჩილი ვაშლი!

ტექნიკა ონლაინ

"Apple II"-ის გამოსვლისთანავე 5 მლნ კომპიუტერი გაიყიდა. 1980 წლის ბოლოს, ფირმის აქციების გაყიდვით ჯობსი 25 წლის ასაკში მილიონერი გახდა. ერთი წლის შემდეგ აქციების ფასი ბევრად გაიზარდა. ის იმდენად ჩაფლული იყო საქმეში, რომ ქალიშვილის, ლიზას დაბადებაც "ძლივს შენიშნა". მისივე თქმით, მაშინ სამუშაოს თავისი დროის "150%-ს" უთმობდა და სხვა ლიზა იტაცებდა - ახალი კომპიუტერი "ლიზა".

1979 წელს კომპანია "ქსეროქსის" სამეცნიერო ცენტრში ჯობსმა პირველად ნახა კომპიუტერი "ალტო". მომხმარებელი კურსორის დახმარებით მონიტორზე გრაფიკულ ობიექტებს "ბრძანებებს" გადასცემდა. ნანახმა სტივი შეძრა და გადაწყვიტა, რომ მის მომავალ კომპიუტერებს ეს სიახლე აუცილებლად ექნებოდა. მომდევნო წელს ჯობსი ცდილობდა, "ლიზაში" განეხორციელებინა ეს რევოლუციური სიახლე, მაგრამ Apple-ის პრეზიდენტმა მაიკლ სკოტმა უარი უთხრა და პროექტის ხელმძღვანელად სხვა დანიშნა. რამდენიმე თვის შემდეგ ჯობსმა დაიყოლია სკოტი, რომ მისთვის ახალი პროექტი, კომპიუტერ ‘მაკინტოშის" შექმნა დაეთმო. 1983 წელს გამოსული "ლიზა" პირველი კომპიუტერი იყო გრაფიკული ინტერფეისით, მაგრამ მაღალი ფასის გამო ($9995) პროექტი კომერციული თვალსაზრისით ჩავარდა. ხოლო ‘მაკინტოშმა" გადატრიალება მოახდინა და მისი საოპერაციო სისტემის ინტერფეისი სტანდარტად იქცა.

სტივ ჯობსი მეუღლესთან ერთად

1983 წელს ჯობსი არწმუნებდა ჯონ სკალის, წამოსულიყო "პეპსი-კოლადან". "მთელი ცხოვრება აპირებ, ტკბილი წყალი ყიდო თუ გსურს, სამყარო შეცვალო?" - ამ სიტყვებით ჯობსმა სკალი დაიყოლია. მაგრამ მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მათი ხედვები კომპიუტერულ ბიზნესში მკვეთრად განსხვავდებოდა. კონფლიქტი იქამდე გამწვავდა, რომ ავტორიტარული სტილის ‘წყალობით" ჯობსი Apple- დანაც დაითხოვეს და პროექტების ხელმძღვანელობასაც ჩამოაშორეს.

მარტოხელა მგელი

ჯობსი სულით არ დაცემულა. 30 წლისამ კომპიუტერული კომპანია NeXT-ი ჩამოაყალიბა, თუმცა მისი რთული კომპიუტერების ბაზარი მეტისმეტად ვიწრო იყო. გაცილებით წარმატებული აღმოჩნდა გრაფიკული სტუდია The Graphic Group-ის შესყიდვა Lucasfilm-ისგან, თანაც რეალურზე ორჯერ იაფად, $5 მილიონად. მისი მფლობელი, რეჟისორი ჯორჯ ლუკასი ცოლს ეყრებოდა და ფული სჭირდებოდა. ჯობსმა სტუდიას Pixar-ი უწოდა. მისი ხელმძღვანელობით სტუდიამ რამდენიმე სუპერსაკასო ანიმაციური ფილმი გამოუშვა. მათ შორის "მონსტრების კორპორაცია" და "სათამაშოების ისტორია". 2006 წელს Pixar-ი "უოლტ დისნეის" მიჰყიდეს $7,5 მილიარდად, პლუს ჯობსმა "დისნეის" აქციების 7% მიიღო.

Apple-ში ჯობსი 1997 წელს დაბრუნდა. კომპანიას ბრძოლა პერსონალური კომპიუტერების ბაზრისთვის პირწმინდად ჰქონდა წაგებული "აიბიემთან" და "მაიკროსოფტთან". ჯობსმა რამდენიმე წამგებიანი ხაზი დახურა, წარმატებით დაასრულა მუშაობა ახალ კომპიუტერ iMac-ზე და კომპანიის საქმეებიც აღმა წავიდა. მალე კი Apple ტექნოლოგიურ ბაზარზე მოდის კანონმდებლად იქცა. ქვეყანას მოევლინა მობილური ტელეფონი iPhone, პლეერი iPod-ი, პლანშეტური კომპიუტერი iPad-ი, რომელიც შარშან გამოჩნდა ბაზარზე. "Apple" მსოფლიოში კაპიტალიზაციის მხრივ მესამე კომპანია შეიქნა.

2003 წელს სტივ ჯობსს კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნე აღმოაჩნდა, იშვიათი ფორმით, რომელიც ოპერაციით იკურნება. 2008 წელს კი ჰორმონული დისბალანსი დაუდგინეს და ღვიძლი გადაუნერგეს. 2011 წლის 2 მარტს იგი სიტყვით გამოვიდა ახალ პლანშეტ iPad2-ის პრეზენტაციაზე. მაგრამ მისი მდგომარეობა თანდათან გაუარესდა და "კომპიუტერების მეფე" 2011 წლის 5 ოქტომბერს გარდაიცვალა.

ფასდაკლებით შეიძინეთ კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ტექნიკა  ონლაინ

მოამზადა ნატა ენუქიძემ