გამორჩეული სიყვარულის ისტორია და სამეფო ოჯახის 18 წევრის ნათლია - ვინ არის შვედეთის პრინცესა ვიქტორია? - კვირის პალიტრა

გამორჩეული სიყვარულის ისტორია და სამეფო ოჯახის 18 წევრის ნათლია - ვინ არის შვედეთის პრინცესა ვიქტორია?

რატომ ითვლება პრინცესა ვიქტორია შვედეთის სამეფო ოჯახის ყველაზე პოპულარულ წევრად?

პრინცესა ვიქტორია არა მხოლოდ შედეთის მომავალი დედოფალი, არამედ ევროპის ამ სამეფო ოჯახის ყველაზე პოპულარული წარმომადგენელია. მონარქებთან და პრინცესებთან მეგობრობით დაწყებული, 18 პრინცისა და პრინცესის ნათლიობით დამთავრებული, მეფე ჩარლ XVI გუსტავისა და დედოფალი სილვიას უფროსი ქალიშვილი, მთელს მსოფლიოში მონარქებს შორის ერთ-ერთ ცენტრალურ ფიგურად ითვლება.

ფოტოგალერეა

მის გარეგნულ მომხიბვლელობას, ინტელექტი და მდიდარი ცხოვრებისეული გამოცდილებაც ემატება და საინტერესოს ხდის მასთან ურთიერთობას. მაგალითად, როდესაც იელში პოლიტიკურ მეცნიერებებზე სწავლობდა, საზაფხულო არდადეგებზე გაეროს ნიუ-იორკის შტაბბინაში და მოგვიანებით ვაშინგტონში შვედეთის საელჩოშიც მუშაობდა. იგი ფლობს რამდენიმე უცხო ენას და შვედეთის შეიარაღებული ძალების საერთაშორისო ცენტრში საბაზისო სამხედრო წვრთნებიც კი აქვს გავლილი. ასევე ბევრს მოგზაურობდა ავსტრალიაში, ჩინეთში, შრი-ლანკასა და ბანგლადეშში. ასე რომ, როდესაც კოლეგა სამეფო ოჯახის წევრებთან უწევს შეხვედრა, მათთვის საინტერესო თემებზე საუბარს ადვილად ახერხებს და შედეგად ყველასთან დაახლოებულ პირად ითვლება. გასულ წელს ადგილობრივი ჟურნალის გამოკითხვების შედეგად პრინცესა ვიქტორიამ "შვედეთის სამეფო ოჯახის ყველაზე პოპულარული წევრის" ტიტულიც მოიპოვა. ქვეყნის მიმართ დიდ სიყვარულს და ლოიალურობას თავად პრინცესაც არ იშურებს. გასულ წელს ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი მთელი ცხოვრება შვედეთს ეძღვნება "... შეიძლება პრეტენზიულად ჟღერდეს, მაგრამ ასე ვგრძნობ და ეს სიმართლეა. როდესაც ჩემს მშობლებს ვუყურებ, რომლებიც დაუღალავად იღწვიან ქვეყნისთვის, მეც მსურს მათ ასაკში იგივე გამოცდილება გავიზიარო", - განაცხადა ვიქტორიამ. პრინცესა ვიქტორიას ქორწილი პრინცესა ვიქტორია რომ ნამდვილად გამორჩეული პიროვნებაა, ამაზე მისი სიყვარულის ისტორიაც მეტყველებს. 32 წლის ვიქტორია მაშინ შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს, დანიელ ვესტლინგს, როდესაც ბულემიისგან განკურნებულს ინტენსიური ფიზიკური ვარჯიში სჭირდებოდა ძალების სრულად აღსადგენად. დანიელი მისი პერსონალური ფიტნეს-ინსტრუქტორი იყო და ერთად საკმაოდ დიდ დროს ატარებდნენ. დანიელის პრინც ფილიპად გადასაქცევად რამდენიმე მილიონი დაიხარჯა. კერძოდ, საჭირო გახდა მისი დახვეული თმის გასწორება, უბრალო სათვალეების ჩანაცვლება, სამეფო ეტიკეტისა და სხვადასხვა ენაზე მოკლე საუბრის სწავლება. წყვილმა 2010 წელს იქორწინა და დღეს უკვე ორი შვილის მშობლები არიან. მათი ჯვრისწერის დღეს სტოკჰოლმის აეროპორტს სახელიც კი შეუცვალეს და სპეციალურად იმ დღეს "ოფიციალური სიყვარულის აეროპორტი 2010" უწოდეს.

პრინცესა ვიქტორიას საკმაოდ აქტიური საჯარო ცხოვრება აქვს. იგი ჩართულია საკუთარი ფონდის საქმიანობაში, რომელიც 1997 წელს დაფუძნდა და მისი მიზანი ქრონიკული დაავადების მქონდე ბავშებისა და ახალგაზრდებისთვის დასასვენებელი, რეკრეაციული აქტივობების მოწყობაა.

იხილეთ ფოტოგალერეა

გვანცა კაკაურიძე (სპეციალურად საიტისთვის)