როცა ოქროს სუნი არ ასდის - კვირის პალიტრა

როცა ოქროს სუნი არ ასდის

1867 წელს მცხეთის მახლობლად იპოვეს ქვა ბერძნული წარწერით, რომელიც ახ. წ. 75 წლით თარიღდება. წარწერა იუწყება, რომ რომის იმპერატორმა ვესპასიანემ და

მისმა შვილებმა იბერთა მეფე მითრიდატეს, მეფე ფარსმანისა და დედოფალ ჰამასასპუხის ძეს, კეისრის მეგობარსა და რომაელთა მოყვარულს, ციხის გალავანი გაუმაგრეს.

ვესპასიანეს იმპერატორობით ახალი ერა დაიწყო რომის ისტორიაში. მან სათავე დაუდო ფლავიუსების დინასტიას. ვესპასიანე იმპერატორად ახ. წ. 69 წელს აკურთხეს. რომის მთავარი მტერი ფუფუნება და აღვირახსნილი ცხოვრება გახლდათ, ამიტომაც ვესპასიანემ იმპერატორად კურთხევისთანავე ყველაფერი გააკეთა, რომ ხალხს მოკრძალებულად ეცხოვრა. იზრუნა სახელმწიფოს პოლიტიკური და ფინანსური პრობლემების მოგვარებაზე, შემოიღო გადასახადების მკაცრი სისტემა, შექმნა საიმპერატორო და სახელმწიფო მიწების ფონდი, მკაცრი დისციპლინა დაამყარა ჯარში.

მომჭირნე ვესპასიანემ სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა ფუქსავატობასა და აღვირახსნილობას. არ ერიდებოდა ახალი გადასახადების შემოღებას, რომლის გამოც ხშირად ანეკდოტურ სიტუაციაში ვარდებოდა. ვესპასიანემ საპირფარეშოების დაბეგვრის ბრძანებაც კი გამოსცა. საზოგადოების განწყობა არ გამოჰპარვია ვესპასიანეს შვილს ტიტუსს, რომელმაც მამამისს უსაყვედურა, ყველაფერს საზღვარი აქვს, უხერხულია საპირფარეშოებში ფულის აკრებაო, პასუხად ვესპასიანემ შვილს ცხვირთან მუჭა ოქრო მიუტანა, - ნახე, ფული არ ყარსო.

მამუკა ნაცვალაძე