"სტალინის დაგმობის ერთ-ერთი მთავარი ხერხი მისი ისტორიული მასალებიდან გაქრობა იყო" - როგორ აქრობდნენ სტალინს საბჭოთა ფილმებიდან - კვირის პალიტრა

"სტალინის დაგმობის ერთ-ერთი მთავარი ხერხი მისი ისტორიული მასალებიდან გაქრობა იყო" - როგორ აქრობდნენ სტალინს საბჭოთა ფილმებიდან

იოსებ სტალინის გარდაცვალების შემდეგ, ნიკიტა ხრუშჩოვის იდეას, სტალინის "პიროვნების კულტის“ დაგმობის შესახებ, საბჭოთა კავშირში დიდი მღელვარება მოჰყვა.

ეს 1956 წელს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მეოცე ყრილობაზე მოხდა, სადაც ხრუშჩოვის იდეა აიტაცეს და მათაც, ვინც მანამდე სტალინს ბელადად მიიჩნევდნენ, დაგმეს სტალინი და საზოგადოებას ე. წ. დემოკრატიული განვითარების კურსის აღებისკენ მოუწოდეს.

ხრუშჩოვისა და მისი მომხრეების იდეას ყველაზე დიდი მოწინააღმდეგეები საქართველოში გამოუჩნდა. 1956 წლის 3 მარტიდან საპროტესტო აქციები თბილისში დაიწყო. ქართველმა სტუდენტებმა ქუჩებში სტალინის პორტრეტებით მოაწყვეს მსვლელობა. 7 მარტს დემონსტრანტებს მოსწავლეებიც შეუერთდნენ. დემონსტრანტებს მალე ინტელიგენციის ნაწილი და მასში მონაწილე ახალგაზრდების მშობლებიც შეუერთდნენ. 8 მარტს კი დემონსტრანტებს მხარდაჭერა თბილისის სხვადასხვა ქარხნისა და ფაბრიკის მუშებმაც გამოუცხადეს.

საბჭოთა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა გამოეყენებინათ. 9 მარტს ღამით საბჭოთა არმიის ნაწილებმა მომიტინგეები დაარბიეს, მოკლეს 150-ზე მეტი ახალგაზრდა. დაღუპულთა ზუსტი რიცხვი დღემდე უცნობია. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა 100-დან 1000 ადამიანამდე მერყეობს.

სტალინის დაგმობის ერთ-ერთი მთავარი ხერხი მისი ისტორიული მასალებიდან გაქრობა იყო. ამაში შედიოდა ფოტო და ვიდეო მასალები, მათ შორის ფილმების გადაკეთება თუ წაშლა. სწორედ ამის მაგალითს წარმოადგენს ცნობილი რეჟისორის მიხეილ რომის ორნაწილიანი შავ-თეთრი მხატვრული ფილმი "ლენინი ოქტომბერში“. ფილმში სტალინი ლენინის უახლოეს თანამებრძოლადაა წარმოჩენილი.

როგორც ცნობილია, ორნაწილიანი ფილმი 1937 წელს გამოუშვეს, თუმცა 1956 წელს ფილმის გადამონტაჟებული ვერსია გამოვიდა, 1963 წელს ფილმი კიდევ ერთხელ დაარედაქტირეს.

სხვადასხვა წყაროს ცნობით, 1956 წელს ფილმის ორიგინალი ვერსიიდან ის პატარა სცენები ამოჭრეს, სადაც სტალინი ჩანდა. მაგ: ეპიზოდი, სადაც ფინეთიდან ჩამოსულ ლენინს სტალინი ხვდება და სხვა. მნიშვნელოვანი სცენები, რომლის გარეშეც ფილმის სიუჟეტი დაირღვეოდა, მაგალითად, ცეკა-ს სხდომაზე ლენინის გამოსვლა, სადაც მის ფონზე სტალინი ჩანდა, 1956 წლის რედაქტირებულ ვერსიაში არ ამოუჭრიათ. 1963 წლის რედაქტირებულ ვერსიაში კი სტალინის პერსონაჟი ყველა კადრიდან ქრება.

ფილმის ორიგინალ ვერსიაში ერთ კადრში ლენინი ამბობს:

"ჩვენ არ დაველოდებით როდის ჩაახშობს ბურჟუაზია რევოლუციას და ამხანაგი სტალინი სრულიად მართალია, როცა ამბობს, რომ ჩვენთვის ლოდინი არ შეიძლება!“

რედაქტირებულ ვერსიაში სტალინის გამოსახულებას ფონზე ფრაკიანი მამაკაცის სილუეტი ფარავს, ლენინის წარმოთქმული სიტყვიდან კი ადგილი, სადაც ის სტალინს ახსენებს მთლიანად ამოღებულია.

მორიგ კადრში, როცა ორიგინალ ვერსიაში ლენინი თანამებრძოლებთან ერთად გამოდის, რედაქტირებულ ვერსიაში სტალინს მეზღვაურის სილუეტი ფარავს. რამდენიმე წამიან კადრში კი სტალინის სახე შავი ფონითაა დაფარული.

სხდომაზე, სადაც ლენინი სიტყვით მიმართავს აჯანყებულებს, მის გვერდით და შემდეგ ლენინის უკან ორიგინალ ვერსიაში სტალინი დგას, რედაქტირებულ ვერსიაში, პირველ კადრში სტალინის ფიგურას ჯარისკაცი ეფარება, მეორე კადრში სხვა ჯარისკაცის სილუეტი ჩნდება. მესამე კადრში სტალინის სახეს ტრიბუნაზე დადებული ლამფა ფარავს. მეოთხე კადრში მას მეზღვაური ეფარება. ხოლო ის ნაწილი, სადაც ლენინს უკან სტალინი ედგა, საერთოდ ამოიღეს.

როგორც ფილმის შექმნის ისტორიიდან ვკითხულობთ, მიხეილ რომის ეს ფილმი იყო პირველი, რომელშიც მსახიობ ბორის შუკინის დახმარებით გაცოცხლდა ლენინის სახე. ეს იყო პირველი ფილმი სადაც ლენინი ისაუბრებდა. აქამდე არქივში რამდენიმე უხმო კადრი ინახებოდა. ფილმის გადაღება 1937 წლის 17 აგვისტოს დაიწყეს, მისი მონტაჟი კი 3 თვეში დასრულდა.

1937 წლის 6 ნოემბერს სტალინისთვის ფილმის დახურული ჩვენება გაიმართა, ბელადმა ფილმი სრულიად მოიწონა. 7 ნოემბერს რევოლუციის წლისთავის აღნიშვნის საზეიმო ცერემონიალზე, ფილმი ფართო საზოგადოებამ ნახა.

სტალინის გარდაცვალების შემდეგ კი მარალჩინოსნებმა დაიწყეს სტალინის პიროვნების როლის გადაფასება, ისინი ამტკიცებდნენ, რომ რევოლუციაში სტალინს დიდი როლი არ ჰქონდა, გარკვეული პერიოდის შემდეგ სტალინის სახე ფილმიდანაც გააქრეს. ხოლო ის ადგილები სადაც სტალინზე იყო საუბარი, ან ამოჭრეს, ან თავიდან გაახმოვანეს.

1963 წელს რედაქტირებული ვერსია 1980 წლამდე ქვეყნდებოდა. 80-იანების შემდეგ საზოგადოებამ ფილმის ორიგინალი ვერსია ნახა.

იხილეთ ფოტოგალერეა: სტალინის ოჯახური ცხოვრება