"სააკაშვილმა ჭიაბერაშვილის ლანძღვა დაიწყო, ბოლოს კი შადრევანი ხელახლა გახსნა" - ჟურნალისტის კურიოზები - კვირის პალიტრა

"სააკაშვილმა ჭიაბერაშვილის ლანძღვა დაიწყო, ბოლოს კი შადრევანი ხელახლა გახსნა" - ჟურნალისტის კურიოზები

ჟურნალისტური საქმიანობა იოლი სულაც არ გახლავთ. ხშირია შემთხვევა, როდესაც ერთი ჩვეულებრივი ინტერვიუ არაჩვეულებრივ "კურიოზად" გადაქცეულა. არის შემთხვევებიც, როდესაც ჩემი კოლეგები არაორდინარულ მდგომარეობაში ჩაცვენილან და სიტუაციიდან გამოსავალი საკუთარი მოხერხებულობის წყალობით უპოვიათ.

ჟურნალისტი ვანო პავლიაშვილი თავის დროზე, არაერთ ქართველ პოლიტიკოსს შეხვედრია და რასაკვირველია, გასახსენებელიც ბევრი აქვს. როდესაც მუშაობის დროს თავს გადახდენილი სახალისო ამბების გახსენება ვთხოვე, თავდაპირველად დაიბნა, შემდეგ ცოტა ხნით ჩაფიქრდა და რამდენიმე შემთხვევის შესახებ მიამბო.

"ორი სააკაშვილი, ორივე ნიკოლოზი"

- ერთ დღეს შემატყობინეს, რომ მიხეილ სააკაშვილის ძმამ ცოლი მოიყვანა. ეს "ნიუსი" გასაიდუმლოებული გახლდათ და რედაქციაში მისი გადამოწმება-დაზუსტება მთხოვეს. სააკაშვილის მამას, ბატონ ნიკოლოზს კარგად ვიცნობდი და მასთან დარეკვა გადავწყვიტე. ავიღე ტელეფონის ყურმილი და ბატონ ნიკოლოზს დავურეკე. მოკითხვის შემდეგ, ვაჟიშვილის გაბედნიერება მივულოცე. ხანმოკლე დუმილის შემდეგ, შეცბუნებულმა მითხრა: ჩემი ყველა ვაჟი დიდი ხანია, დაოჯახებულია და შვილიშვილებიც მყავსო. დავიბენი, მაგრამ უკან მაინც არ დავიხიე და ინფორმაციის გადამოწმებას ჯიუტად ვცდილობდი. ბატონმა ნიკოლოზმა ყველა ვაჟის ბიოგრაფია საგულდაგულოდ გამაცნო და შვილის გაბედნიერება კვლავ იუარა. საკუთარ შეცდომას კი მივხვდი, მაგრამ უკვე გვიანი იყო: იმ დროს საქართველოს პარლამენტში დეპუტატი ნიკოლოზ სააკაშვილი მუშაობდა, რომელსაც რამდენიმე ვაჟი ჰყავდა და მიხეილ სააკაშვილის მამის ნაცვლად, მასთან დამირეკავს.

შადრევანის გახსნა

- "ვარდების რევოლუციის" წლისთავია და პარლამენტის ეზოში მიხეილ სააკაშვილმა შადრევანი გახსნა. ამ ღონისძიებაზე მეც მიმიწვიეს. იმხანად თბილისის მერი ზურაბ ჭიაბერაშვილი გახლდათ. რატომღაც, სააკაშვილმა დაიგვიანა და ამ შადრევნის გახსნა ქალაქისთავს მოუხდა. როდესაც საზეიმო ცერემონიალი დასრულდა, მოულოდნელად, დაცვის თანხლებით სააკაშვილიც გამოჩნდა. საქართველოს პრეზიდენტი იქ მყოფებს მოგვესალმა, შემდეგ კი ჭიაბერაშვილის უკმეხი სიტყვებით ლანძღვა დაიწყო. აღმოჩნდა, რომ ქვეყნის პირველ პირს ამ შადრევნის გახსნა თავად სურდა, ჭიაბერაშვილმა კი ეს სიამოვნება მოუსპო. ლანძღვა-გინება რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა და იქ თავშეყრილი ჟურნალისტები ამისი მომსწრენი გავხდით. უნებლიეთ, სამთავრობო კულუარულ კონფლიქტს დავესწარით. იმ დროს მიხეილ სააკაშვილი უდიდესი ავტორიტეტითა და პოპულარობით სარგებლობდა და მისგან ასეთი საქციელი ჩვენთვის მოულოდნელობა გახლდათ. ბოლოს, შადრევანი გადაკეტეს და მიშამ ის ხელახლა გახსნა. იხილეთ სრულად

იხილეთ ასევე: "თურმე ქალს სახლში საყვარელი ჰყავდა და ამიტომ არ უღებდა კარს ქმარს, რომელმაც მაშველები გამოიძახა" - მაშველის კურიოზები