"ცხოვრებაშიც ვაჟა ზაზაევიჩი იყო..." - ვინ არის და როგორ გამოიყურება დღეს აბსურდული დირექტორის მდივანი თინიკო ფილმიდან "ცისფერი მთები"?
14-02-2019
"ცხოვრებაშიც ვაჟა ზაზაევიჩი იყო..." - ვინ არის და როგორ გამოიყურება დღეს აბსურდული დირექტორის მდივანი თინიკო ფილმიდან "ცისფერი მთები"?
ფოტო:ნინო თუთბერიძე
იქნებ მართლაც დაუჯერებელ ამბად მოგეჩვენოთ, რომ 2019 წელს იგი 35 წლის ხდება, ჩვენ კი დღესაც მისი "ლექსიკით" ვლაპარაკობთ; დღეს შეიძლება, ერთი-ორი მარკშეიდერიც ვერსად ვიპოვოთ, მაგრამ ჭერში მაინც ვეძებთ ბზარებს - სულ ცოტა, ორს გრძივს, სამს პარალელურს; ვიღაც საქსოვ გორგალს ვერ იცილებს; ვიღაც მუდამ ვიღაცის ახლობლების ახლობელია; ვიღაცას აქანებს - ხან იქით, ხან აქეთ; ვიღაცას მუდამ ელოდებიან ან ეძებენ; ვიღაც დღესაც წერს სონეტებს, თანაც სიყვარულზე;
ვიღაც გაუთავებელი თათბირებითა და ბანკეტებით წუხდება; ვიღაც ეჭვიანობს ან ჩხუბობს და ვიღაცებს ხშირად შენობაც ენგრევათ თავზე... და ეს უბრალოდ ფილმი არ არის, ეს ვეებერთელა სარკეა, სადაც მუდამ საკუთარ თავსა და ცხოვრებას ვუყურებთ!

თუ გახსოვთ, რამდენჯერ გაქვთ ნანახი "ცისფერი მთები"-მეთქი? - ვკითხე ოდესღაც უსაშველოდ გამხდარ და კიკინიან ქერა ქალბატონს, რომელიც ერთ დროს
აბსურდული დაწესებულების აბსურდული დირექტორის მდივნად "მუშაობდა" და თვალში მოსახვედრი სიმაღლე ჰქონდა - 1,77 მეტრის იყო და 11-სანტიმეტრიან ქუსლებზე იდგა, ამიტომ მისი რეჟისორი ხანდახან "ლაშადკას" ეძახდა. გაეცინა, - ახლახან "ფეისბუკში" გამოქვეყნდა ტესტი: თუ გახსოვთ ფრთიანი ფრაზები "ცისფერი მთებიდან", რა დროს ვინ ვის რა უთხრაო? და ა.შ. ფილმი იმდენჯერ მაქვს ნანახი, უკვე ზეპირად ვიცი, ამიტომ აბსოლუტურად ყველა გამოვიცანი.

თქვენც შეავსეთ ტესტი: რამდენად კარგად გახსოვთ ფილმი "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი"?
ჩემნაირი ბევრი შემხვედრია, მისი ტექსტები ზეპირად რომ იცის. დარწმუნებული ვარ, ფილმის სიუჟეტი ახლაც რომ გადმოვიტანოთ სცენაზე და მსახიობებს ტექსტი დაავიწყდეთ, მაყურებელი ზედმიწევნით ზუსტად უკარნახებს. ალბათ, კიდევ 35 წელიც რომ გავა, არც მაშინ დაივიწყებენ ამ ფილმს. ერთადერთი, ვშიშობ, რომ ახალგაზრდობა ნაკლებად იცნობს მას. გაუგიათ, მაგრამ არ უნახავთ... "ცისფერი მთები" მაინც კლასიკაა და არა მგონია, ისე წავიდეს საქმე, ქართული კინოკლასიკა წლების შემდეგ არავისთვის იყოს საჭირო. მთავარია, ხშირად უჩვენონ ტელევიზიებით. ელდარსაც და ფილმსაც, მის შემოქმედებით ჯგუფს, ვინც დავრჩით ცოცხლები, სულითა და გულით ვულოცავ 35-წლიან იუბილესო... ეს "სეკრეტარშა" მსახიობი ნინო თუთბერიძე გახლავთ, რომელზეც "ამბობდნენ", ორ ბატს ვერ ანდობო, არადა, ცხოვრებაში ძალიან მოწესრიგებული და გეგმაზომიერი ადამიანი ყოფილა.

ნინო თუთბერიძე:

- დაუვიწყარი იყო მუშაობის პერიოდი. მე და "მარკშეიდერი" - მსახიობი ვანო საყვარელიძე ვმეგობრობდით. მახსოვს, გადაღების დღეებში ადრიანად გამომივლიდა ხოლმე შინ, კამოს ქუჩაზე, დამიკაკუნებდა კარზე და "იმერულად მკითხავდა": რას შვები, გოგო, არ მოდიხარო? - ვანიჩკა ბიძია, ჯერ ძალიან ადრეა-მეთქი, - დავიწუწუნებდი. - არა, გოგო, არ არის ადრეო. - და რაღას ვიზამდი? მორჩილად მივყვებოდი. თემიკო ჩირგაძეს კი გადასაღებ მოედანზე კარგა ხანს ვერ შევხვდი. სულ ვიხვეწებოდი, ბოლოს და ბოლოს გამაცანით ჩემი დირექტორი, ვისაც ასე თავგამოდებით ვიცავ და ვის კარსაც ერთგულად ვდარაჯობ-მეთქი. თურმე, თვითონაც სულ მკითხულობდა: მაჩვენეთ, ვინ არის ჩემი "სეკრეტარშაო". როცა გავიცანი, მაშინვე მივხვდი, რომ ცხოვრებაშიც ვაჟა ზაზაევიჩი იყო... არ მავიწყდება გადაღების პირველი დღე. ასეთი ტრადიცია არსებობდა: პირველი კადრის გადაღებას კინოაპარატის ძირზე შამპანურის გატეხით აღნიშნავდნენ, რაც ფილმის "შენების" დაწყებას ნიშნავდა. იმდენ ხანს გაიწელა "საძირკვლის ჩასაყრელად" და პირველი კადრის გადასაღებად სამზადისი, გავტიალდი, ისე დავიქანცე, საღამოს, გადაღებისას ტექსტს ძლივს ვბუტბუტებდი...
ნინო თუთბერიძე
ზაფხულის კადრების გადაღებისას ჩემს თეატრს ბათუმში ჰქონდა გასტროლი. საღამოს ბათუმში ვთამაშობდი სპექტაკლს, მერე ღამის მატარებლით თბილისში მოვდიოდი. თენგიზ ჩანტლაძე ხუმრობდა, შენგელაიები და ჭიაურელები ბაქანზე დგანან და თუთბერიძეს აცილებენ, ხომ დაგვიბრუნდებიო? არ მავიწყდება შენობის დანგრევის კადრების გადაღება. გაგვაფრთხილეს, სტუმრად მოსულ მსახიობებს ტაშფანდურით დახვდითო. დაიძახეს "მატორ!" წავიდა ცეკვა-თამაში და ვიცი, ამ დროს ჩემ უკან "გრენლანდია" უნდა ჩამოვარდეს, "ბატონ ვასოს" (მსახიობ ვასილ კახნიაშვილს) თავზე დაეცეს და მე კივილი დავიწყო. ყველაფერს ვაკეთებთ და...
უცებ ზემოდან ისეთი მტვერი წამოვიდა, ლამის დავიხრჩვეთ. არადა, მოწვეული მსახიობები: მედიკო ჯაფარიძე, ლია ელიავა, ოთარ კობერიძე, ლიკა ქავჟარაძე და ა.შ. გამოპრანჭულები მობრძანდნენ. მათაც არ იცოდნენ, რა ელოდათ. ამ ნაგავს ორ დღეს გავუძელით. მახსოვს, ლია ელიავა ბუზღუნებდა, გამოსასვლელი კაბა რას დამიმსგავსეთო, ვაჟა ზაზაევიჩის მოადგილის როლის შემსრულებელი კი ორ თვეს "დასტიროდა" თავის პიჯაკს. ერთ კადრში, ალბათ მეორე დღესაა გადაღებული, ისიც ჩანს, ლიკა ქავჟარაძე მტვრის ჩამოყრამდე რომ გარბის - აბა, დააკვირდით. ჩვენ სად გავიქცეოდით? იხილეთ სრულად

გუგა
26 თებერვალი 2019 22:45
როგორ არის 35 წლის ახლა,როცა ეს კინო 1984 წელსაა გადაღებული?

რედაქტორის რჩევით
თვის კითხვადი სტატიები