ადგილობრივმა პრესამ ისიც კი დაწერა, რომ სარამ პრემიერ მეუღლეს სცემა - ვინ არის ისრაელის პრემიერის სკანდალური მეორე ნახევარი? - კვირის პალიტრა

ადგილობრივმა პრესამ ისიც კი დაწერა, რომ სარამ პრემიერ მეუღლეს სცემა - ვინ არის ისრაელის პრემიერის სკანდალური მეორე ნახევარი?

მსოფლიო მედიაში ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუზე არანკლებ ყურადღებას იპყრობს მისი მეუღლე, სარა ნეთანიაჰუ, რომელიც არაერთხელ გაეხვა სკანდალში. მასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიებაც, ერთ-ერთი ბოლო საქმე, რომელშიც სარა ნეთანიაჰუ ფიგურირებს, არის სახელმწიფო ბიუჯეტის გაფლანგვა პირადი ინტერესებისთვის.

ფოტოგალერეა

ვინ არის სარა ნეთანიაჰუ?

ის პროფესიით პედაგოგი და ფსიქოლოგია. სარა ბენ-არტზი, მოგვიანებით ნეთანიაჰუ, დაიბადა ჩრდილოეთ ისრაელში, ქალაქ კირიათ ტივონში. მამამისი პოლონეთში დაბადებული ებრაელი პედაგოგი, პოეტი და მკვლევარი გახლდათ, რომელიც 2011 წელს 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. სარას ჰყავს 3 ძმა. სკოლა მშობლიურ ქალაქში წარჩინებით დაასრულა. მოგვიანებით ებრაელი თინეიჯერებისთვის განკუთვნილ ყოველკვირეულ ჟურნალში რეპორტიორად დაიწყო მუშაობა. ისრაელის სამხედრო ძალებში სარა ფსიქოანალიტიკოსად მუშაობდა.

პირადი ცხოვრება

სარა ნეთანიაჰუ 1980 წელს ცოლად გაჰყვა დორონ ნეუბერგერს. 7 წლის შემდეგ წყვილი განქორწინდა, რამდენიმე წლის შემდეგ კი სარა ცოლად გაჰყვა ბენიამინ ნეთანიაჰუს. მათ ორი ვაჟი ჰყავთ, იაირი და ავნერი. სარა ნეთანიაჰუ

სკანდალები ნეთანიაჰუების ოჯახის გარშემო

2015 წელს სარა ნეთანიაჰუს წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ სარა ნეთანიაჰუმ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე 100 000 დოლარის ოდენობის კერძები შეუკვეთა ძვირადღირებულ რესტორნებში. იმავდროულად, პრემიერ-მინისტრის აპარატმა განაცხადა, რომ მზარეული უკვე დაქირავებული ჰყავდათ, კერძების შეკვეთის საჭიროება არ არებობდა და რომ სარამ კანონი დაარღვია.

2017 წელს გენერალურმა პროკურატურამ სარა ნეთანიაჰუს პრემიერ-მინისტრის რეზიდენციის საქმეებთან დაკავშირებით ბრალი წაუყენა. 2018 წლის ოქტომბერში ნეთანიაჰუ იერუსალიმის სასამართლოში გამოცხადდა. მისი ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ საკვებზე დახარჯულ თანხებთან კავშირში ადმინისტრაციის პერსონალი იყო და არა სარა.

2 წლის წინ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტ იგალ სარნის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. საქმე იმაში გახლდათ, რომ სარნიმ "ფეისბუკში" დაწერა, რომ თითქოს ბენიამინი ცოლმა სცემა.

"ყველაფერი, რაც სარნიმ თქვა, სრული სიცრუეა", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა და ჟურნალისტისგან კომპენსაციის სახით 75 ათასი დოლარის გადახდა მოითხოვა. ბენიამინ და სარა ნეთანიაჰუები

ბენიამინ ნეთანიაჰუს ცოლი უცნაური და რთული ხასიათითაც გამოირჩევა. როგორც უცხოური მედია წერს, სარა გავლენას ახდენს ქმარზე და სახელმწიფო საქმეებზეც. ცნობილია მისი სასტიკი დამოკიდებულება პრემიერ-მინისტრის რეზიდენციის თანამშრომლებთან.

ამის მაგალითია 2016 წელს მომხდარი ამბავი, როდესაც რეზიდენციის ყოფილმა თანამშრომელმა სასამართლოში კომპენსაციის სახით 25 ათასი დოლარი მოიგო, მან სარა ნეთანიაჰუ სასამართლო დავაში დაამარცხა. ქალბატონმა ნეთანიაჰუმ ის აიძულა გვიან ღამით დაბრუნებულიყო სამსახურში, რადგან მან ნეთანიაჰუს ცოლს მშვიდობიანი ღამე არ უსურვა.

კორუფციის სკანდალში გაეხვა ნეთანიაჰუს ცოლი 2015 წელსაც. სასამართლომ ის სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში დაადანაშაულა. როგორც მაშინ პროკურატურა იუწყებოდა, სარამ პრემიერ-მინისტრის იერუსალიმის რეზიდენციისთვის შეიძინა ავეჯი, მოგვიანებით კი ეს ავეჯი თავის საცხოვრებელ სახლში გადაიტანა, მისივე ბრძანებით, ძველი ავეჯი, მისი საცხოვრებელი სახლიდან რეზიდენციაში წაიღეს. ამასთანავე, გამოძიება ამტკიცებდა, რომ სარა და ბენიამინ ნეთანიჰუებმა არალეგალურად მიიღეს 280 ათას დოლარზე მეტი ოდენობის ღირებულების საჩუქრები მილიარდერებისგან, მათ შორის ჰილივუდელი პროდიუსერის არნონ მილჩენისგან.

იხილეთ ფოტოგალერეა

მოამზადა თეა ბეჟიტაშვილმა