მე, ბებია, ჰიფსტერა და ელგუჯას ცოლი - გზა თბილისიდან ქუთაისამდე
მე, ბებია, ჰიფსტერა და ელგუჯას ცოლი - გზა თბილისიდან ქუთაისამდე

მოხეტიალეს ბლოგი


- რამდენ ხანში გადიხართ?
- 20 წუთში გავალთ, - მძღოლის "დამხმარე" ჩემს პასუხს არც დაელოდა, ჩემოდანი ხელიდან გამომტაცა და საბარგულისკენ გაათრია.
- ფრთხილად, ახალია და ტალახში არ ჩამიგდოთ! - ვიყვირე მე.
- ეუფ, შენ ჩაჯექი და ხელის გულით მივიტან თუ გინდა.

ვარდისფერი ჩემოდანი მართლაც რამდენიმე დღის წინ მეგობრებმა მაჩუქეს, იმ მიზეზით, რომ ბევრი უნდა ვიმოგზაურო. მართალია, ისინი თბილისი- ქუთაისს შორის მოგზაურობას არ გულისხმობდნენ, თუმცა ეს ჩემი მთავარი სამოგზაურო გზაა უკვე
წლებია. თბილისში ვმუშაობ, ქუთაისში ოჯახი მყავს და შესაბამისად, ამ გზაზეც ხშირად მიწევს სიარული.

სამარშრუტო ტაქსიში ავედი და დასაჯდომად ადგილს რომ ვათვალიერებდი, უკნიდან ხმა მომესმა:
- 20 წუთის წინაც ზუსტად იგივე მითხრა, - გავიხედე, 75- წლამდე ბებო იყო.
- უკაცრავად? - ბებოს ნათქვამის დაზუსტება ვთხოვე.
-
20 წუთის წინ მე რომ დავჯექი, მაშინაც ეგრე მითხრა, 20 წუთში გავალო, - გემრიელად გადაიკისკისა ბებომ, - იმედია, დღეს გავალთ.
- აჰა, დიახ, - გავუღიმე - სულ ასე არ იციან?

ერთადგილიანი სკამი შევარჩიე. ასე მგზავრობა ძალიან მიყვარს, დავჯდები მარტო ჩემთვის ფანჯარასთან, აიპოდში მუსიკას ჩავირთავ და გზას ვათვალიერებ. არც სხვების ლაპარაკი მაწუხებს, არც მძღოლის საოცარი რეპერტუარის მოსმენა მიწევს, არც მგზავრებს შორის გამართულ დისკუსიებში ვერთვები. ადგილი რომ შევარჩიე და გემრიელად მოვკალათდი, ისევ ბებოს ხმა მომესმა:

- რაღა მანდ ჯდები შვილო, მოდი გვერდით მომიჯექი. ცოტას დავილაპარაკებთ, გავხალისდებით გზაში. ბებოს უარი ვერ ვუთხარი და გვერდით მივუჯექი.

- აბა, ქუთაისი, გავდივართ! - თვლა ამერია, უკვე მერამდენედ დაიყვირა მძღოლის "დამხმარემ".

- ეს კაცი როგორ ყვირის, ან ეს სადგური რას გავს. ეს არის ცივილიზაცია და დედაქალაქი? - თავი გადააქნია ბებომ, - ადრე მძღოლობა პრესტიჟულ საქმედ ითვლებოდა შვილო, იცი? განსაკუთრებით ესე საქალაქთაშორისო მძღოლები იყვნენ პრივილეგირებული. იცი როგორი მოწესრიგებულები დადიოდნენ? ბევრ წარმოსადეგ ადამიანთან ჰქონდათ შეხება და თვითონაც კარგ ფორმაში უნდა ყოფილიყვნენ. აბა, ახლა შეხედე. ეჰ! კარგი მძღოლი როდის ხარ იცი? აი, ადამიანი შენს გატარებულ მანქანაში წიგნის კითხვას რომ ახერხებს. აქ თუ გინახავს მანქანაში წიგნს კითხულობდეს ვინმე?- მე პასუხი არ გავეცი - რას ნახავ!- განაგრძო ბებომ, ესენი ისე დადიან წიგნი წაიკითხო კი არა, სულ რომ წინ იჯდე და გზას უყურო, მაინც ცუდად გახდები კაცი.

ამასობაში, თითქმის ნახევარ საათზე მეტი გავიდა, მანქანა ნელ- ნელა ივსება. 50 წლამდე კარგად ჩასუქებული მამაკაცი, რომელსაც აშკარად ძალიან ეჩქარება, სულ საათს უყურებს, ბიჭი რომელიც ვიკინგს და ჰიპსტერს შორის გაჭედილა, ამოსვლამდე ასწრებს სიგარეტის მოწევას.

კიდევ ერთი მგზავრი - ორბავშვიანი ქალი ერთ ადგილიან სკამზე მოთავსებას ცდილობს, - "ქალბატონო, ორადგილიანი მაინც აიღე, კი არ გაიწევს მაგ სკამი ხმარებაში", - ეჩხუბება მძღოლი.

ამ კადრების პარალელურად სადგურიდან სხვადასხვა ფრაზები მესმის: "ამ საბუთის გაგზავნა მინდა ქუთაისში და რამდენად წაიღებ?" ვიღაც ქალი ეკითხება მძღოლს.
- 5 ლარი, - გამოსძახა მძღოლმა.
- რა ამბავია, ბარემ 10 ლარად მე გამოგყვები.
- რას იზამ გენაცვალე, გაძვირდა ცხოვრება, ათ ლარად კი წამოხვალ, მარა უკან არ უნდა დაბრუნდე?

- ან ის რა წესია "დღესასწაულებზე რომ ბილეთს აძვირებენ იცი?- ჩემი ბებო ლაპარაკს აგრძელებდა- მერე ეგეც არ ყოფნით და ბევრი ხალხი რომ არის, პატარა სკამებს ამატებენ შიგნით. მოკლედ ძალიან არეულია სიტუაცია რა.
ამ დროს მძღოლმა შემოყო თავი მანქანაში:

- როდის გავალთ? - ერთდროულად ეცა 15 ადამიანი.
- ერთი კაციც და გავდივართ, - თქვა ცალყბა ღიმილით.

- ნეტა ეს ხუმრობა როდის მოკვდება კიდე, - ხელი ჩაიქნია ბებომ. გამეღიმა, მეც ზუსტად იგივე გავიფიქრე ახლა. თუმცა ეს ხუმრობა სრულებითაც არ აღმოჩნდა, ის ერთი კაცი კი ვეღარასოდეს მოვიდა. ხალხი შეწუხდა, ბავშვებმა ტირილი დაიწყეს, მსუქანი კაცი უკვე სერიოზულად შფოთავდა:

- აღარ გავდივართ? გვეჩქარება ხალხს, - წუწუნებენ ლოდინით დაღლილი მგზავრები.
- ჯერ ვერა, ელგუჯას ცოლს ველოდებით, - სერიოზული სახით განაცხადა მძღოლმა.
- "ვის ველოდებით ასეთს"? - აჩოჩქოლდა ხალხი - "ვინაა ელგუჯა", "დაგვაწყდა ხალხს ნერვები", "ჩვენ რა დავაშავეთ, ადრე რომ მოვედით"- ისმოდა სხვადასხვა შეძახილები აქეთ - იქედან. ხალხს რიგში მდგომი სამარშრუტო ტაქსის მძღოლიც შეუერთდა: "რით ვეღარ გახვედი? მოვიდა ჩემი დრო".

- რა ვქნა ბატონო, ელგუჯას ცოლს ველოდები, ვერ წავალ ისე.

ამ სახელის ხსენებაზე მეორე მძღოლი გაჩუმდა. ელგუჯას ცოლს კიდევ ნახევარ საათს ველოდეთ, რომ მოვიდა მძღოლს გულიანად მიესალმა და მგზავრებს ბოდიში მოგვიხადა, თუმცა მისი ბოდიშისთვის ყურადღება არავის მიუქცევია, ლანძღვა დაუწყეს.

- კარგით რა მოხდა, არასდროს არსად დაგიგვიანიათ? - გაბრაზდა ელგუჯას ცოლი.
როგორც იქნა, დავიძარით.

რიკოთზე მძღოლმა მანქანა რომ გააჩერა ერთი ამბავი ატყდა. ზოგიერთი წუწუნებდა გვეჩქარება, ისედაც დავაგვიანეთო (ამ კუთხით განსაკუთრებით ის მამაკაცი აქტიურობდა, სულ საათზე რომ იხედებოდა), ჩემს ბებოს ტუალეტში გასეირნება უნდოდა და მას სხვებიც მხარს უბამდნენ "ცოტა ხანს გავაჩეროთო". მოკლედ მძღოლმა დააანონსა, 15 წუთი გავჩერდეთო და ელგუჯას ცოლთან ერთად საჭმელად გავიდა.

- კარი დაგვიკეტეთ რა, გავიყინებით აქ სანამ თქვენ ამოხვალთ, - თქვა რომელიღაც მგზავრმა.
- არ იკეტება ამ მანქანის კარი, თუ ღილაკს არ დააჭირე და აქ ხომ არ დავჯდები ახლა რამდენი ვინმე ავა- ჩამოვა - შემოუღრინა მძღოლმა და მერე უცებ მე გადმომწვა - მოდი, რა ერთი, დაია, თუ არ აპირებ შენ ჩასვლას და დაჯექი აქ და ამ ღილაკს დააჭირე ვინმეს რომ მოუნდება გასვლა.
ასე გავხდი კარის დამკეტ - გამღები, ვიდრე ბოლო მგზავრი ამოვიდოდა "მარშრუტკაში". მძღოლის ნათქვამი 15 წუთიდან უკვე 25 გავიდა და ის არსად ჩანდა. ის მსუქანი კაცი სულ რომ საათზე იყურებოდა სულ გადაირია, შიგადაშიგ უცნაურად ხრუტუნებდა გამოუცნობ ფრაზებს, ბავშვები აჭაჭყანდნენ, ჩემი ბებოც შეწუხდა, მეც კისერში ამომივიდა "მეკარეობა". მხოლოდ ის ვიკინგ- ჰიპსტერა ბიჭი იჯდა ისევ ისე უემოციო სახით.

- რით ვეღარ დაბრუნდა ეს კაცი - დაიწუწუნა ბავშვების დედამ.
- ახლა სანამ ელგუჯას ცოლი ყავას დალევს... ჩაილაპარაკა მსუქანმა კაცმა.

როგორც იქნა მძღოლი დაბრუნდა: აღარ გავიდა თქვენთვის 15 წუთი? გვეჩქარება აქ ხალხს, საქეიფოდ არ წამოვსულვართ - დააყარეს ქოქოლა მგზავრებმა.

- მწვადს დააგვიანდა - მშვიდად და ირონიულად უპასუხა მძღოლმა. ელგუჯას ცოლმა გადაიკისკისა.

მეც მეშველა ჩემს ადგილს დავუბრუნდი. ბებომ დაჯდომა არ მაცალა, ეგრევე ლაპარაკი დაიწყო:
- ტუალეტში 5 თეთრი დამაკლდა, 5 თეთრი წარმოგიდგენია? და ერთი ამბავი დამაყარა იმ საზიზღარმა ქალმა, როგორ თუ ფული არ გქონდა რას შედიოდიო. ისე მეჩხუბა შვილო, ალბათ მოხუცი რომ ვარ, დამიჯაბნა. ვიღაც კაცი შემოვარდა რა დღეში ხარ, მე მოგცემ მაგის ხუთ თეთრსო და იმან დაუდო ის ხუთთეთრიანი. როგორ შემარცხვინა, 5 თეთრის გამო? თან იცი რა ღირს? 50 თეთრი, წარმოგიდგენია? რა ამბავია, მე შენ გეტყვი ისეთი სისუფთავე აქვთ რომ...

მალე ბებოს ისევ ჩაეძინა, მე ვერ ვისვენებდი. ასე მგზავრობა არასოდეს გაწელილა ჩემთვის, მეგონა, ეს დრო არასოდეს გავიდოდა. ამ ფიქრში მეც ჩამძინებოდა, ქუთაისში შევდიოდით, რომ გამეღვიძა.

- უი, ჩამოვედით შვილო? - ამასობაში ბებოსაც გაღვიძებოდა.
- დიახ ჩამოვედით- დამშვიდებულ გუნებაზე კეთილგანწყობილად ვუპასუხე ბებოს.

ამასობაში სამარშრუტო ტაქსი სადგურზე გაჩერდა. მანქანიდან პირველი ელგუჯას ცოლი ჩავიდა, მგზავრებმა ოვაციებით ჩააცილეს ის.
"ასეთი პუნქტუალური ნეტა მოსვლის დროს ყოფილიყავით ქალბატონო"- მიაწია სიტყვა მსუქანმა კაცმა.

მეც ბებოს დავემშვიდობე და საბარგულისკენ გავემართე. ჩემი ვარდისფერი ჩემოდნისთვის უკვე მოეკიდებინა ხელი მძღოლს და რას ვხედავ, საბარგულიდან პირდაპირ ტალახში გადმოისროლა.

- რას აკეთებთ, ახალია - ვიყვირე მთელი ხმით. მძღოლმა გაოცებული სახით გამომხედა.
- ეუფ, ბოდიში, გეთქვა და ჩახუტებულს გადმოვიღებდი. გაიხედე აბა წინ, მე რომ მეჩხუბები, როგორ აპირებ ამ ტერიტორიიდან ისე გატანას რომ არ დაგესვაროს?

სადგურს თვალი მოვავლე, მართლა რამდენი ხანია აქ დავდივარ სულ ესეთი არეულობა და მოუწესრიგებელი გზებია. აშკარად არ იყო ახალი ჩემოდნით აქ მოსვლა კარგი იდეა.
ვასო
03 აპრილი 2019 20:21
ჩორნიე გლაზა და რუსული ზონის სიმღერები არ მოგასმენინეს?
...
03 აპრილი 2019 16:38
ამათ საქციელს ბოლო მაშინ მოეღება,როცა "ქართულ ოცნებას" მოეღება ბოლო.
გიორგი
01 აპრილი 2019 19:37
უკეთესზე მოთხოვნა არ არის და იმიტომ იქცევიან ასე. მატარებელში კიდევ 1992 წლის შემდეგ არ ჩავმჯდარვარ, არც ვაპირებ, არც არაფერი შეცვლილა რკინიგზაში და იმიტომ. ყველაზე უკეთესი "მეტროს" ავტობუსებია, ცოტა მოუხერხებელი გრაფიკი აქვთ მაგრამ ვახერხებ რაღაცნაირად.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები