"შენ ჩემთვის დაიბადე... სხვა ქალი ჩემ გვერდით ვერც წარმომიდგენია, შენ ერთი ხარ და განუმეორებელი"
"შენ ჩემთვის დაიბადე... სხვა ქალი ჩემ გვერდით ვერც წარმომიდგენია, შენ ერთი ხარ და განუმეორებელი"
ფოტო:ქეთევან კიკნაძე და გიგა ლორთქიფანიძე
"შენთვის წერილი არასოდეს მომიწერია, მთელი ცხოვრება ერთად გავატარეთ და არ ვთვლიდი ამის აუცილებლობას, გულახდილი საუბარი ყველაფერს მერჩივნა. ოჯახის ბედი ხომ ქალზეა დამოკიდებული, შენ ლამაზი ოჯახი შემიქმენი. ხარ არაჩვეულებრივი მასპინძელი და დიასახლისი, სუფრის გაშლაში ვერავინ გჯობნის. ვის არ მოულხენია ჩვენს სახლში და ახლაც, როდესაც ჩემი უახლოესი მეგობრები წავიდნენ იმ ქვეყანას, როცა კენტად დავრჩი, შენ ჩემ გვერდით ხარ და მიმსუბუქებ ჩემი სათაყვანებელი ადამიანების არყოფნას. 19 ოქტომბერს 83 წლისა გავხდები, ამ დღეს ჩვენი
სახლი ყოველთვის სავსე იყო მეგობრებით. დაბადების დღე სიხარულია და გულისტკივილიც, ამ დღეს ყველაზე მეტად მომენატრებიან ჩემი მეგობრები... სხვა ქალი ჩემ გვერდით ვერც წარმომიდგენია, შენ ერთი ხარ და განუმეორებელი. არასოდეს დამვიწყებია შენი დაბადების დღე - 10 მაისი. შენ ჩემთვის დაიბადე!.." - ეს გახლავთ გიგა ლორთქიფანიძის ვრცელი
წერილიდან ამონარიდი, რომელსაც "ღია წერილი მეუღლეს" ჰქვია. ქალბატონი ქეთევან კიკნაძე თავისი ოჯახის წევრების დაბადების დღეების შესახებ საუბარს საკუთარი ბავშვობის დროინდელი მოგონებით იწყებს.

- 10 დღისა ვიყავი, მამაჩემი რომ დააპატიმრეს. უფროსი და მყავს, ჩვენ ორნი ვართ. ბავშვობაში დაბადების დღეების გადახდით განებივრებული არ ვიყავი, ხელმოკლედ ვცხოვრობდით, თუმცა ხელმოკლეობას ბავშვები ხომ ვერ ვგრძნობთ. 1-2-ჯერ მახსოვს, მეგობრებს ვუთხარი, ჩემი დაბადების დღეა და მოდით-მეთქი. როცა ეს დედამ გაიგო, შეცბა, მაგრამ არაფერი უთქვამს... მაინც მოახერხა ხაჭაპურისა და რაღაცების მომზადება. მახსოვს, ბავშვები დიდი მაგიდის გარშემო ვისხედით, მაშინ 10-12 წლისა ვიქნებოდი. მამა გარდამეცვალა, როცა 10 წლისა ვიყავი და ვის ეცალა ჩემი დაბადების დღისთვის? სკოლაში სწავლის პერიოდში დაჩაგრულები ვიყავით იმ მხრივ, რომ ხალხის მტრის შვილებს გვეძახდნენ. ამის მიუხედავად, მეგობრებისა და თანაკლასელებისგან დიდ სითბოსა და სიყვარულს ვგრძნობდით. როგორც ამბობენ, ყველანი თავის ლუკმას გვინაწილებდნენ. ერთი ბიძაშვილი მყავდა, გადაბმული მეგობრები ვიყავით. არ იცოდა, ჩემთვის როგორ ესიამოვნებინა. ერთხელ, დედამისმა "კლუბნიკა" იყიდა, ეს ჩემი ბიძაშვილი დიდი ზომის ნაყოფს მე მაძლევდა და დარჩენილებს თვითონ იღებდა. საოცარია, პატარა გოგო იყო და ეს ესმოდა!

- გათხოვების მერე, ქმარი განებივრებდათ საჩუქრებით?
- ყოველთვის სიურპრიზებს მიწყობდა. უწინ არაფერი იშოვებოდა, არსებობდა ერთი წყარო - ვიცოდით, რომ ისინი საზღვარგარეთ დადიოდნენ და ჩამოჰქონდათ ნივთები. გიგა ყოველი დაბადების დღის წინ მიდიოდა იქ და ჩემთვის საჩუქარი მოჰქონდა. მეც ვანებივრებდი და ვყიდულობდი მისთვის ბაზრობაზე ან მაღაზიაში ტანსაცმელს, ფეხსაცმელს... არ ყოფილა წელი, რომ დაბადების დღე არ გადაგვეხადოს, როგორც ჩემი, ასევე გიგასი. ისეთი მეგობრები გვყავდა, რომ ეს იყო გარდაუვალი. ყოველთვის ძალიან დიდი სუფრები იშლებოდა, განსაკუთრებით გიგას დროს. ბევრჯერ მის დაბადების დღეზე უამრავი ხალხი მოსულა. ერთხელ დივანზე იმდენი კაცი იჯდა, რომ დივანი ჩატყდა. ყველანი შეწუხდნენ, ჩვენ კი მათ ვამშვიდებდით. როცა გიგა გარდაიცვალა, მის დაბადების დღეებს მაინც ვიხდიდი შინაურულ წრეში, მაგრამ ჩემი - აღარ გადამიხდია. მერე ვიფიქრე, ხომ არ შეიძლება მეგობრები დავკარგო? მე ხომ ღრეობას არ მოვაწყობ, უბრალოდ, შევიკრიბებით და ვისაუბრებთ-მეთქი, ამიტომ ბოლო ორი წელია, აღვნიშნავ.

- დაბადების დღეებზე თამადა ყოველთვის ბატონი გიგა იყო? როგორ გადღეგრძელებდათ ხოლმე?
- ძირითადად გიგა იყო თამადა, ხშირად - თემიკო ჩირგაძე. გიგას სადღეგრძელო იყო ყოველთვის თბილი და დასამახსოვრებელი. როცა მას მე ვადღეგრძელებდი, ჩუმად მივუჭახუნებდი ხოლმე ჭიქას. ჩემზე უფროს ხალხთან, თავს უფლებას არ ვაძლევდი, რაიმე "ტოსტით" გამოვსულიყავი.
ქეთევან კიკნაძე და გიგა ლორთქიფანიძე
ამას წინათ გიგას დაწერილი "ღია წერილი მეუღლეს" შემთხვევით ვნახე, წავიკითხე და კარგა ხანს ვფიქრობდი. იმდენი რამ აღმოვაჩინე წერილში... მივხვდი, რომ ეს არის მისი აღსარება. გიგას სიცოცხლეში ამ წერილის არსებობა კი ვიცოდი, მაგრამ არ წამიკითხავს. ჩვენი იმდენი ინტერვიუ გამოქვეყნებულა, რომ სიმართლე გითხრათ, მობეზრებულიც კი მქონდა. ეს წერილი შევიტანე გიგაზე დაწერილ წიგნში - "ჩემი ცხოვრების თანამგზავრი".

- დღეს როგორ აღნიშნავენ დაბადების დღეებს თქვენი შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები?
- უმცროს ქალიშვილს - მაიკოს ეზარება დაბადების დღის გადახდა, იმდენი მიდი-მოდი აქვს სახლში, რომ ხუმრობს ხოლმე, - ყოველი დღე ჩემი დაბადების დღე გამოდისო. აი, წელს შუათანა შვილმა, ნანამ ჩემთან გადაიხადა ეს დღე: ბევრი გოგო დაპატიჟა და მასთან ვერ დაეტეოდნენ.
შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად
დიდი სუფრა გვქონდა, კარგადაც იმხიარულეს და მოილხინეს. შვილიშვილებს დაბადების დღეებს სადღესასწაულო ცენტრებში უხდიან, როგორც დღესაა მიღებული. ჩემი შვილთაშვილი მარიამი 28 ივლისსაა დაბადებული და მაგ დროს წყნეთში ვართ, ამიტომ ეზოში ხდება დიდი ამბები (იცინის). პატარებს დაბადების დღეებზე მე და გიგა ფულს ვჩუქნიდით, რაც ძალიან ახარებდათ. სამი შვილთაშვილი მყავს, მეტის ყოლას ვისურვებდი.
შვილთაშვილ გიორგის, ძალიან პატარა რომ იყო, ასეთი ჩვევა ჰქონდა, - თუ ვინმე აკოცებდა, ხელს ჩაარტყამდა ხოლმე. ერთხელაც, ჩვენთან არის და უკვე მიჰყავს ძიძას, გავძახე, - მოიცა, უნდა ჩავეხუტო-მეთქი. მივუახლოვდი ბავშვს და მან ხელი ასწია ჩასარტყმელად. ამ დროს ხელში ფული მიჭირავს. არ ვიცი, 11 თვისა როგორ მიხვდა, რომ ფული უნდა მიმეცა, ხელი ჰაერში გააჩერა და აღარ დამარტყა. ყველანი სიცილით დავიხოცეთ. ამ ასაკის ბავშვმა როგორ აღიქვა ყველაფერი, წარმოუდგენელია (იცინის).

- ქალბატონო ქეთევან, წინასწარ გილოცავთ 80 წლის იუბილეს, გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას! საკუთარ თავს რას უსურვებთ?
- ადრე რომ იტყოდნენ, გული არ ბერდებაო, არ მჯეროდა, ამაში ახლა დავრწმუნდი - ისევ ისე გინდა ყველაფერი, როგორც უწინ გინდოდა. თუმცა, კარგად მესმის, რა უნდა გავაკეთო და რა არა. ჩემი სურვილია შვილები კარგად მყავდეს და ყველანი ჯანმრთელად ვიყოთ. მინდა, ჩემი ქვეყანა მხნე და ბედნიერი ვიხილო. და ერთი დიდი სურვილი მაქვს: ისე არ წავიდე ამ ქვეყნიდან, რომ კიდევ რამე როლი არ ვითამაშო.


ნანული ზოტიკიშვილი
ჟურნალი "გზა"
ლია
12 მაისი 2019 12:05
ქალბატონ ქეთევანს ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ, ბატონი გიგა მართლაც რომ დააკლდა არა მარტო ქალაქს, არამედ სრულიად საქართველოს, ღმერთმა აცხონოს მისი სული.
marina
10 მაისი 2019 15:36
კაცი რომელიც დააკლდა საქარტველოს

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?