"თითქმის ათი წელი ვმეგობრობდით, ვიცნობდი ყველა იმ გოგოს, რომლებიც მოსწონებია­ გიორგის, მაგრამ ერთხელაც..." - კვირის პალიტრა

"თითქმის ათი წელი ვმეგობრობდით, ვიცნობდი ყველა იმ გოგოს, რომლებიც მოსწონებია­ გიორგის, მაგრამ ერთხელაც..."

საქართველოში ბოლო წლებია იმდენი დიზაინერი გამოჩნდა, იმდენი ბუტიკი და მაღაზია გაიხსნა, რომ მარტივი სულაც არ გახლდათ კონკურენტიან სამოდელო სფეროში ადგილის დამკვიდრება, ნინო ჭყონიამ კი ეს შეძლო და სულ მცირე დროში პოპულარულიც გახდა. დღეს მისი გათანამედროვებული ეროვნული სამოსი ამერიკის, იაპონიის, კორეის, პოლონეთისა და კიდევ რამდენიმე ევროპული ქვეყნის ჩვენს საელჩოებში "შემოგეგებებათ", რომელიც მანეკენებს აცვიათ... ასე ორიგინალურად იწყება სტუმრისთვის საქართველოს ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების გაცნობა. დღეს ნინოს შექმნილ ეროვნულ სამოსს, რომელიც მოკლე დროში ბრენდად იქცა და "ფაფანაკი" დაერქვა, ჩვენშიც და ქვეყნის საზღვრებს გარეთაც სიამოვნებით იღებენ...

პოლონეთში ახალი წლის დადგომამდე სისტემატურად იმართება საშობაო გამოფენა-გაყიდვა, რომელშიც 50-მდე ქვეყანა მონაწილეობს. ორი წლის წინ ჩვენმა ელჩმა ილია დარჩიაშვილმა და მისმა მეუღლემ ნინო ვაშაკიძემ გადაწყვიტეს წარედგინათ ახალი ბრენდი "ფაფანაკი". სტუმრებს ისე მოეწონათ ნინო ჭყონიას შექმნილი კაბები, ყაბალახები და აქსესუარები, რომ სამოსით დახუნძლული ქართული სტენდი ნახევარ საათში დაცარიელდა. ამას მოჰყვა იაპონიაში გამართული საერთაშორისო გამოფენა და კვლავ "ფაფანაკის" დიდი ტრიუმფი. შარშან საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონიაზე "პერსონა-2018"-ის დიპლომი გადაეცა ნინო ჭყონიას ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის.

შეიძლება "ფაფანაკი" არც დაბადებულიყო, რომ არ შემდგარიყო წყვილი - ნინო ჭყონია და გიორგი კალმახელიძე, ანუ ჭყონი და კალმახა, როგორც მათ ეძახიან.

ნინომ მაშინდელ პიონერთა სასახლეში იამზე დოლაბერიძესთან დაიწყო ქართული ცეკვის შესწავლა, გიორგიმ კი ბავშვთა ანსამბლ "მარულაში". გამოხდა ხანი და მათი გზებიც გადაიკვეთა.

ნინო ჭყონია:

- სტუდენტი ვიყავი, როცა "რუსთავში" მივედი. ფრიდონ სულაბერიძის სუსტი წერტილი"მაღალი მოცეკვავეებია. ძალიან ვღელავდი, მეგონა, სიმკაცრით ცნობილი ქორეოგრაფი ილეთების შესრულებას მომთხოვდა, მაგრამ ამხედ-დამხედა, ჩემი სიმაღლე თვალში მოუვიდა და მეორე დღეს რეპეტიციაზე დამიბარა. გამიკვირდა, რომ ასე უპრობლემოდ მიმიღეს. დედაც თან მახლდა (ის "გორდაში" ცეკვავდა). ჩემი გაკვირვება არ გამოჰპარვია ბატონ ფრიდონს, დედას მიუტრიალდა და უთხრა, მთავარია, რომ მაღალია. იმედია, შენს შვილს და იამზეს მოსწავლეს ცეკვა ეცოდინება, ხოლო რაც არ იცის, ისწავლისო. ასე გავხდი "რუსთავის" სოლისტი. ანსამბლს ახალი მოცეკვავე ბიჭები ესაჭიროებოდა. ოთხნი მოვიდნენ, სამი გაუშვეს, ერთი დატოვეს. ეს ერთი"გიორგი აღმოჩნდა. მალევე დავმეგობრდით. ბატონმა ფრიდონმა თავიდანვე მკაცრად დააკანონა, არავითარი ფლირტი და წუთიერი გატაცებები! ანსამბლში იქნებიან მხოლოდ მეგობრები ან ოჯახური წყვილები!"

- გამოდის, თქვენი ოჯახის შექმნაში ქორეოგრაფს მიუძღვის წვლილი... - დაახლოებით ასეა, მაგრამ მთავარი "დამნაშავე" ცეკვაა. თითქმის ათი წელი ვმეგობრობდით, ანსამბლში ხუმრობით ძმებს გვეძახდნენ. ვიცნობდი ყველა იმ გოგოს, რომლებიც მოსწონებია გიორგის. შეყვარებულიც ჰყავდა და ვურჩევდი, რომ მასზე შეეჩერებინა არჩევანი. ერთ-ერთი გასტროლის შემდეგ კი გიორგისგან ვიღებ შეტყობინებას, როგორ ხარო? აი, ამ ერთი შეხედვით ჩვეულებრივმა მოკითხვამ მაგრძნობინა, რომ რაღაც სხვა ხდებოდა ჩვენს თავს. ერთ მშვენიერ დღესაც ხელი მოვაწერეთ, მერე სიღნაღში წავედით და ჩვენი ბედნიერება სიყვარულის ქალაქში აღვნიშნეთ. ახლა 4 წლის კატო გვყავს.

- 2009 წელს, როცა ანსამბლი ვარსკვლავის გახსნისთვის ემზადებოდა, გარდერობი თქვენი ესკიზების მიხედვით განახლდა. მაშინ ჯერ კიდევ არ არსებობდა არც ბრენდი, არც თქვენი სამკერვალო... - ანსამბლის დირექტორმა ბადრი თოიძემ, მთავარმა ქორეოგრაფმა ფრიდონ სულაბერიძემ და სამხატვრო ხელმძღვანელმა ანზორ ერქომაიშვილმა გადაწყვიტეს, ვარსკვლავის გახსნას სიახლეებით შეხვედროდნენ. გარდერობის განახლებაზეც დაიწყეს ზრუნვა, მაგრამ არც ერთი ესკიზი არ მოეწონათ. კარგად მახსოვს, სამივე შეფიქრიანებული რომ იჯდა და დაჰყურებდნენ ესკიზებს. უცებ ბატონმა ფრიდონმა მკითხა, შენ ხომ ხატავო?"ისე დავიბენი, თავი დავუქნიე მხოლოდ. ქორეოგრაფმა კი, მიდი ერთი, დამიხატე ათი კოსტიუმის ესკიზიო. მთელი ღამე ვიმუშავე და მეორე დღეს მივუტანე. სამივემ მოიწონა და გადაწყდა, ჩემი ესკიზების მიხედვით შეკერილიყო კოსტიუმები. სოლო კონცერტამდე ბევრჯერ შევცვალეთ რაღაც-რაღაცები, მაგრამ შედეგით ყველა კმაყოფილი დარჩა.

- რომ არა გიორგის შრომა, "ფაფანაკი" ასეთი წარმატებული ვერ იქნებოდა... - შეიძლება საერთოდაც არ ყოფილიყო. შეუღლებიდან მალევე მივხვდით, რომ ცეკვის პარალელურად რაღაც სხვაც უნდა გაგვეკეთებინა, რაც ჩვენი ოჯახის ბიუჯეტს გაზრდიდა. გიორგის ვაკეში საკუთარი სახლი აქვს პატარა ეზოთი, სადაც ჩემს მამამთილს მარანი ჰქონდა და სამკერვალოდ ის გამოვიყენეთ. 150 ლარად ვიყიდეთ ძველი საკერავი მანქანა, უთო, წვრილმანი რაღაცები, დავიქირავეთ მკერავი. სულ მალე მივიღეთ 20 ჩოხის შეკვეთა. პირველს მეორე მოჰყვა, მეორეს - მესამე... გიორგი ძალიან კარგი მენეჯერი აღმოჩნდა. შემკვეთის მოძებნა, საქმიანი კონტაქტები, გამოფენებზე სამოსის გატანა-გამომზეურება - ეს ყველაფერი შეითავსა და რაც მთავარია, კარგად გამოსდის. ჩემი საქმე ესკიზების შექმნა და სამოსზე ზრუნვაა.

ჩემს ფაკულტეტზე, ტექსტილის დიზაინზე, თუ არა გაქვს ნამუშევრები, გამოცდაზე არ დაგიშვებენ, ამიტომ საღამოს აკადემიაში გვიანობამდე ვრჩებოდი, ზოგჯერ მხოლოდ მე და დარაჯი ვიყავით. ყოველ ახალ შეკვეთაზე ახალ-ახალ შტრიხს ვამატებდი, მინდოდა სამოსი მრავალფეროვანი ყოფილიყო, ამან კი ახალ სეგმენტზე გამიყვანა. ნინო და გიორგი

გაჩნდა იდეა, შეგვეკერა გათანამედროვებული ეროვნული სამოსი, რომელსაც ჩაიცვამდნენ ყოველდღიურად ან საზეიმო შეხვედრების დროს. გავაკეთე ესკიზები, შევკერეთ და კვლავ მოწონება დავიმსახურეთ. მალე სამკერვალო გავაფართოეთ. ისევ ჩაერთვნენ ოჯახის წევრები - საბურთალოზე მომიძებნეს უფრო დიდი ფართობი, მიპოვეს კარგი მკერავები. განსაკუთრებით მომწონს ყაბალახებსა და ფაფანაკებზე მუშაობა.

გადავწყვიტე ქალის ყაბალახები შიფონისგან შემეკერა. ამ სიახლემ გაამართლა, ყველას ძალიან მოეწონა. დღეს უკვე ჩვენი დამკვეთი, გარდა ანსამბლებისა, პოლიტიკოსები, კულტურის მოღვაწეები, საელჩოს წარმომადგენლები და ტურიზმის სფეროში ჩართული პირები გახლავან. მინდა კოლექციაში შევიტანოთ ბავშვის სამოსიც და ახალი მწვერვალები დავიპყროთ. მე და გიორგი ამას შევძლებთ.

მარინა ბაბუნაშვილი