"ვნანობ, რომ არაერთ ფილმში მონაწილეობაზე ვთქვი უარი" - როგორ გამოიყურება დღეს ბუბა კიკაბიძის "შეყვარებული გოგონა" ფილმიდან "შეხვედრა მთაში"?
"ვნანობ, რომ არაერთ ფილმში მონაწილეობაზე ვთქვი უარი" - როგორ გამოიყურება დღეს ბუბა კიკაბიძის "შეყვარებული გოგონა" ფილმიდან "შეხვედრა მთაში"?
"თავიდან რომ შემეძლოს ცხოვრების დაწყება, ყველაფერს თავდაყირა დავაყენებდი"

"როდესაც კონკრეტულ წრეში გაგიცნობენ, მერე ადვილად მისაგნები ხდები. შენი ფოტოები, კინოკადრები აქვთ და მეტი შანსია, აგირჩიონ", - მეუბნება ძალიან თბილი, ხალისიანი და მომხიბვლელი ქალბატონი ლალი მესხი, რომელიც ბევრ ფილმშია გადაღებული, მაგრამ მსახიობი სულაც არ გახლავთ. მეც სწორედ მისი ფოტოებითა და კადრებით მივაკვლიე კონკრეტულ წრეში - აღმოჩნდა, რომ იგი ქალბატონი მაკა მახარაძის ბავშვობის მეგობარია, თანაც - მისი საბალეტო სტუდიის პედაგოგი და ასევე, წლებია,
ბავშვთა სურათების გალერეაში მუშაობს. ქალბატონ ლალის აშკარად განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს ბავშვებთან, რადგან თავად - სამი შვილიშვილისა და ერთი შვილთაშვილის ბებია, თურმე, სტუდიაში პატარებთან ერთადაც კი მონაწილეობს თავისივე დადგმულ სპექტაკლებში. შეიძლება, ეს ერთგვარი ნოსტალგიაცაა თავისი შემოქმედებითი ბავშვობის, არტისტობისა და... იმისაც, რაც გამოტოვა, რასაც ვერასდროს დაიბრუნებს.

ლალი
მესხი:

- პირველად რეჟისორმა მიხეილ კობახიძემ აღმომაჩინა ქუჩაში. როგორც ჩანს, მოვეწონე და თავის ფილმში ეპიზოდური როლი მათამაშა. მართალია, ფილმი ეკრანებზე არ გამოსულა, მაგრამ ჩემი მონაცემები ხომ დარჩა კინოსტუდიას?!
რეჟისორმა დავით რონდელმაც სწორედ ასე მომაგნო და 16 წლისა ფილმში - "პიერი - მილიციის თანამშრომელი" სესილია თაყაიშვილის, აკაკი კვანტალიანის, სანდრო ჟორჟოლიანისა და იმედა კახიანის გვერდით მათამაშა.

- შეიძლება, ადვილადაც მოგაგნონ, მაგრამ... არა მგონია, დიდი მსახიობების გვერდით თამაში ადვილი იყოს ან იქნებ, ძალიან ახალგაზრდა რომ ხარ, ასე სერიოზულად არ უყურებ ამ ამბავს?
- მართლაც... საკმაოდ პატარა ვიყავი, ეს სირთულე რომ შემეგრძნო. თანაც, ძალიან ადვილად გამომდიოდა ყველაფერი. ისე, მცირე გამოცდილებაც მქონდა - ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ვსწავლობდი და იმ პერიოდში ოპერის სცენაზეც მქონდა ნაცეკვი. გარდა ამისა, "პლეხანოვზე", იტალიურ ეზოში ვცხოვრობდი და მთელი ბავშვობა კონცერტებსა და კარნავალებს ვაწყობდი. ოჯახიც მხარში მედგა. ბაბუა - გრიგოლ მესხი ცნობილი მხატვარი-პორტრეტისტი იყო, ხოლო მამა, კოტე მესხი - რუსული ენის სპეციალისტი, საკავშირო დონის ჟურნალისტი და ძალიან განათლებული ადამიანი... ასე რომ, ხელოვან ხალხთან ხშირად ვურთიერთობდი. "პიერი - მილიციის თანამშრომელს" მალე მოჰყვა რეჟისორ ნიკოლოზ სანიშვილის ფილმი "შეხვედრა მთაში". ყველა როლი განსხვავებული მქონდა - პირველში ვთამაშობდი ნუმიზმატი პროფესორის (მსახიობი აკაკი კვანტალიანი) ნათესავ სოფლელ გოგონას, რომელსაც ისტორიკოსობა უნდოდა, ბევრს მეცადინეობდა და თან სხვის, ანუ პიერის (მსახიობი იმედა კახიანი) წერილებს კითხულობდა;
ფილმში "შეხვედრა მთაში" უკვე ქალაქელი გოგონა განვასახიერე, ბუბა კიკაბიძის გმირის შეყვარებული. ამ ფილმს ხევსურეთში ვიღებდით. იქ პირველად მოვხვდი და თავისუფალ დროს დანარჩენ ახალგაზრდებთან ერთად დავძვრებოდი ტყე-ღრეში, ახლომახლო სოფლებში. ხშირად ჩამოდიოდნენ ანსამბლ "დიელოს" ბიჭები. ვილხენდით, ვმღეროდით და ის დღეები დაუვიწყარ მოგონებად დამრჩა.

- სკოლაში როდისღა დადიოდით?
- მუდამ პრობლემები მქონდა, მით უმეტეს, ქორეოგრაფიულ სასწავლებელში რამდენიმე დღის გაცდენა ფორმიდან ამოვარდნას ნიშნავდა, მაგრამ... ხელს მაინც მიწყობდნენ... მქონდა პერიოდი, როდესაც ფილმს ფილმი მიჰყვებოდა ხოლმე. მთის გადაღებების შემდეგ გერმანელებმა ორ ფილმში გადამიღეს, ინდიელებზე იყო.

- მსახიობ გოიკო მიტიჩთან ერთად? - იმხანად ის იყო ამით პოპულარული...
- დიახ. თურმე, ჩინგაჩგუკზე გადაღებული რამდენიმე ფილმის პროდიუსერი საქართველოში მოგზაურობდა, აქაური ბუნებით მოხიბლულა და გადაუწყვეტია, ერთი სერია - "შევარდნის ნაკვალევზე" აქ გადაეღო. შესაბამისად, მთავარი გმირი გოგონას როლის შემსრულებელიც აქ ეპოვა. ჩვენს კინოსტუდიაში დაუთვალიერებია ფოტოები, კადრები და მე შემარჩია. სინჯებზე გერმანიაშიც ვიყავი. შემიძლია დავიტრაბახო, რომ ერთ-ერთი პირველი ქართველი ქალი, ვინც საზღვარგარეთ გადასაღებად მიიწვიეს, მე ვიყავი.
ეს გახლდათ დაახლოებით 1968 წელი. გადაღებების ნაწილი თბილისში, სოფელ დიღომშიც მიმდინარეობდა... მახსოვს, ძალიან საინტერესო კოსტიუმი მეცვა. ინდიელთა ერთ-ერთი ტომის ბელადის ქალიშვილი - ბლაუჰაარ ანუ ლურჯთმა განვასახიერე და გოიკო მიტიჩის გმირის საცოლე ვიყავი. გოიკო მაშინ ძალიან პოპულარული იყო.

- მერე, არ შეგიყვარდათ?
- სხვათა შორის, არა. რა თქმა უნდა, მომწონდა, მაგრამ... იმდენად პატარა ვიყავი, სერიოზულად არავინ აღმიქვამდა. არ დაგიმალავთ, მაგრამ კეკლუცობაც კი გვიან ვისწავლე. ჩემს ფილმებს რომ ვუყურებ, ახლა ვბრაზობ: ან თმა დამევარცხნა სხვაგვარად, ან სხვანაირად დავმდგარიყავი, ან სხვანაირად გამომეხედა... მოკლედ, დღეს აღარაფერი მომწონს, რა მჭირდა მაშინ, არ ვიცი. თანაც, გოიკოს შეყვარებული ჰყავდა...

- სასიამოვნო განცდაა ბელადის ქალიშვილობა?
- დიდად ვერ ვიგრძენი. სამაგიეროდ, შეცვლილი იმიჯი მომეწონა, უჩვეულო კოსტიუმი: უთხელესი ზამშის შარვალი მეცვა და ზემოდან - ფოჩიანი კაბა; ფეხზე, რა თქმა უნდა, თხელი ტყავის მოკასინები. კანის ფერიც შემიცვალეს და ცხენითაც დავჯირითობდი... როდესაც აქ გერმანელმა რეჟისორმა მკითხა, ცხენზე ჯდომა თუ იციო? ისე გავთავხედდი, რომ უყოყმანოდ დავთანხმდი. ყოველთვის უშიშარი ვიყავი, ამიტომ არც ცხენის შემშინებია - იპოდრომზე ვიარე და ჯირითიც ვისწავლე. თანაც, გადაღებებზე უუნაგირო ცხენზე მიწევდა ჯდომა. ეს საკმაოდ რთული აღმოჩნდა, მაგრამ თავი მაინც გავართვი. ისე, ძალიან ხიფათიანი ვიყავი. ერთ-ერთი გადაღებისას ცხენზე გასწორება ვერ მოვასწარი, ცხენი გაქანდა და მეც გადმოვვარდი. იქვე ერთადერთი ქვა ეგდო და მაინცდამაინც იმას დავასკდი თავით. ვიდრე გონებას დავკარგავდი, დავინახე, რომ გოიკო მორბოდა ჩემკენ... გონს საავადმყოფოში მოვედი. კურიოზი ის იყო, ინდიელის სამოსში გამოწყობილი რომ შემიყვანეს საკაცით - თვალი გავახილე, ირგვლივ ყველაფერი ტრიალებდა და ფოკუსი რომ გავასწორე, შევნიშნე ხალათიანი ავადმყოფი ქალები, რა ამრეზით მიყურებდნენ და ამბობდნენ, - ფუ, რა მოდა შემოიღეს, რას ჰგვანან, რა აცვია ამ უბედურსო?!

- ალბათ გაიხარეს, როცა შეიტყვეს, რომელი ფილმის გმირი იყავით...
- მაგას ვეღარ მოვესწარი, რადგან მამამ ხელწერილით სასწრაფოდ წამომიყვანა საავადმყოფოდან, რადგან პალატაში ტარაკნები დაინახა. წესით, 21 დღეს უნდა ვწოლილიყავი ლოგინში, მაგრამ ორ კვირაში უკვე ცხენზე ვიჯექი - არც კი შემშინებია...

- იმ გადაღების შემდეგ გოიკო მიტიჩს აღარ შეხვედრიხართ?
- კი, მეორე გერმანული ფილმის გადაღებისას შევხვდი. გერმანიაში, იმჟამინდელ იუგოსლავიასა და ჩეხოსლოვაკიაში იღებდნენ, ოღონდ იქ ფილმის პირველივე ნაწილში მკლავენ, ასე რომ, ერთმანეთს მალევე დავშორდით. ერთხელ კიდევ შევხვდი, კვლავ გერმანიაში, კინოფესტივალზე. ზედიზედ რამდენჯერმე საქართველოშიც გადამიღეს: მოკლემეტრაჟიან ფილმში "გოგონა და ჯარისკაცი", მოკრივე დავით კვაჭაძესთან ერთად, ასევე, ფილმში "მალე გაზაფხული მოვა" და "სინათლე ჩვენს ფანჯრებში" - ეპიზოდურ როლებში, ასევე, ფილმში "ბურთი, ხელთათმანი და... კაპიტანი".

მერე რაღაც მოხდა ჩემში და გადაღებაც აღარ მომინდა. ბევრ შეთავაზებაზე ვთქვი უარი, მათ შორის, დუშამბეში, ისტორიული თემატიკის ფილმზე. რატომღაც არც თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე, არადა, დარწმუნებული ვარ, მიმიღებდნენ. ვისწავლე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე, მერე გავთხოვდი, შვილები გამიჩნდა და სხვა ინტერესები მქონდა... არც მინდოდა გადაღება, კინოსტუდიას სათოფეზე არ ვეკარებოდი, სულელური ბავშვური აზრები მაწუხებდა, თუმცა მოგვიანებით ძალიან ვინანე.

მერე კი, ამ ამბებიდან 20 წლის შემდეგ ზაზა ხალვაშმა გადამიღო. ჩემს მეზობლად ცხოვრობდა და ალბათ, რაღაც დაინახა ჩემში. ძალიან გამიხარდა, უყოყმანოდ დავთანხმდი და ასე მოვხვდი აჭარის დუხჭირ ცხოვრებაზე გადაღებულ ფილმში - "იქ, ჩემთან". ჩემს გმირს - აჭარელ მშრომელ ქალ ვეფერვანს დიდი ოჯახი აქვს, სამი შვილის დედაა და სულ რაღაც სტკივა, მუდამ თავწაკრული დადის, კალოშსა და ბამბაზიის ხალათში... დღედაღამ ჩემს გმირზე ვფიქრობდი, ვდარდობდი და მხოლოდ მაშინ მივხვდი, რას ნიშნავდა გმირის განსახიერება, თამაში, თორემ ადრე ამას ვერც ვგრძნობდი. დედაჩემი და მეგობრები გამიგიჟდნენ, 20 წლის შემდეგ თავწაკრული და ბამბაზიის ხალათში უნდა გამოჩნდე ეკრანზეო? ზაზა დამპირდა და კიდეც შემისრულა, გადამიღო "მიზერერეში", ქალაქისთავის გამოპრანჭული და ბოამოგდებული მეუღლის როლში, ასევე, "მგლების ხორუმში"... მას შემდეგ სულ მადლობას ვუხდი, ბამბაზიის ხალათით რომ არ დამტოვა ქართულ კინემატოგრაფში... სერიალ "ყავა და ლუდშიც" ვითამაშე მსახიობ გივი ჩუგუაშვილის გმირის მეუღლე...

- ნამდვილად საინტერესოდ გიცხოვრიათ, თუმცა, თითქოს, რაღაც სევდა მაინც დაჰყვება თქვენს ამბავს... სინანულით რას იხსენებთ?
- ფილმებს, რომელში მონაწილეობაზეც უარი ვთქვი. ახლა დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი საქმე მაინც მსახიობობა იყო და მგონია, უფრო წარმატებულიც ვიქნებოდი. თავიდან რომ შემეძლოს ცხოვრების დაწყება, ყველაფერს თავდაყირა დავაყენებდი.


ირმა ხარშილაძე
ჟურნალი "გზა"
ერთ-ერთი პირველი ქართველი ქალი, ვინც საზღვარგარეთ გადასაღებად მიიწვიეს, მე ვიყავი
shorena
02 ივნისი 2019 15:42
ზალიან ცუდია, რომ ასეტჰმა ქალბატონმა ბოლომდე არ გამოავლინა ტავისი ზალები, ზალიან მწყდება გული.
ლალი გოსურვებ ჯამრთელობას და ბედნიერებას შვილებთამ და შვილიშვილებთან ერთად ,ასე ლამაზი დაბედნიერი იყავი მთელი ცხოვრება,
30 მაისი 2019 22:28
იოსები
27 მაისი 2019 21:24
შესანიშნავი ქალბატონია! ვუსურვებ ჯანმრთელობას და ბედნიერებას!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები