ბრიტანელმა მეთევზემ ნიანგებზე მონადირე გიგანტური პირანია დაიჭირა - კვირის პალიტრა

ბრიტანელმა მეთევზემ ნიანგებზე მონადირე გიგანტური პირანია დაიჭირა

სამხრეთაფრიკული პირანია

აფრიკაში, მდინარე კონგოზე ექსპედიციაში მყოფმა ბიოლოგმა და ექსტრემალური თევზაობის მოყვარულმა ჯერემი უეიდმა ნიანგებზე მონადირე 50 კილოგრამიანი გიგანტური თევზი-ვეფხვი, პირანიის ერთ-ერთი სახეობა დაიჭირა.

მტკნარი წყლების ბინადარი თევზი-ვეფხვი სრულად ამართლებს თავის სახელს - მძვინვარე და გაუმაძღარი, ირგვლივ ყველაფერს ანადგურებს... მათზე ნადირობა საშიში და აზარტული საქმიანობაა, რადგან ეს გოლიათი რკინის ანკესებსაც კი მაკრატელივით ჭრის.

აფრიკელი აბორიგენებისთვის პირანიის ეს სახეობა ძალზე ძვირფასი ალაფია - მისი სამართლებელივით ბასრი კბილებისგან ისრებსა და დანებს ამზადებენ და სამკაულებსაც აკეთებენ, ცოცხალი კი დალაქის ფუნქციასაც წარმატებით ითავსებს.

KvirisPalitra.Geამისთვის თავი ახლოს უნდა მიიტანონ ურჩხულის დაკრეჭილ კბილებთან და ისიც კრეჭს და კრეჭს აბორიგენთა დალალებს. ერთია მხოლოდ - ყურადღება არ უნდა მოადუნო,  გულმოდგინე "სტილისტმა" თმას ყურებიც რომ არ მიაყოლოს. მეთევზეები თევზი-ვეფხვის თავებისგან ფიტულებსაც ამზადებენ თავიანთი საცხოვრებლის მოსართავად.

სამხრეთაფრიკული პირანიისგან განსხვავებით, სამხრეთამერიკული უფრო დაუნდობელი და სასტიკია. ამაზონის პირანია ადამიანს ესხმის თავს და თვალის დახამხამებაში უსწორდება.  1976 წელს ამაზონის სანაპიროზე ავტოკატასტროფა მოხდა და მგზავრებით სავსე ავტობუსი მდინარეში ჩავარდა.

მაშველებმა 39 ადამიანის გვამი ამოიღეს წყლიდან და მათი ამოცნობა მხოლოდ ტანსაცმლის ნაფლეთებითა და დაღრღნილი ფეხსაცმლით შეძლეს.

KvirisPalitra.Geუშიშარი მონადირე მხოლოდ პირანიებით როდია დაინტერესებული. ბერლინის შემოგარენში, მტკნარ წყალში ბინადრობს კატისებრი ლოქო, რომელზეც ლეგენდებს თხზავენ ადგილობრივი მცხოვრებნი. მათი გადმოცემით, ლოქო ადამიანებსაც ესხმის თავს და ხშირად ის 90 კილოგრამსაც აღწევს. ჯერემი უეიდი მდინარის ფსკერზეც კი ჩასულა მტაცებლის შესასწავლად.

ის არც ამერიკის ოკეანის სანაპიროს რისხვას - ხარისებრ ზვიგენს შეუშინდა, რომელიც არხეინად შედის მდინარეთა კალაპოტში, ხშირად კონტინენტის შუაგულამდე აღწევს, სადაც მას არავინ ელის და თამამად ესხმის თავს ადამიანებს. ასე რომ, ოკეანეების დარად, მტკნარი წყლებიც იდუმალი და სახიფათო, ჯერჯერობით შეუსწავლელი სამყაროა, რომელიც ჯერემი უეიდისებრ მამაც და გაბედულ მკვლევრებს ელოდება.