"ვერას ხშირად ესიზმრებოდა მიტოვებული ვოვა, რომელიც ნაწყენი უმზერდა..." - რას იხსენებს ჟურნალისტი, რომელმაც წლების წინ ჩაწერა ინტერვიუ პუტინის "დედასთან?
"ვერას ხშირად ესიზმრებოდა მიტოვებული ვოვა, რომელიც ნაწყენი უმზერდა..." - რას იხსენებს ჟურნალისტი, რომელმაც წლების წინ ჩაწერა ინტერვიუ პუტინის "დედასთან?
ფოტო:ვერა პუტინა
2004 წელს "კვირის პალიტრის" ჟურნალისტმა მარინა ბაბუნაშვილმა შეძლო ჩაეწერა ინტერვიუ ვერა პუტინასთან, რომელიც თავს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დედად მიიჩნევდა. (იხილეთ: "ისე არ მინდა მოვკვდე, რომ ერთხელ მაინც არ მნახოს ვოვამ")

ახლახან ქალბატონმა მარინამ სტატუსი "ფეისბუკის" პირად გვერდზე გამოაქვეყნა, რომელსაც გთავაზობთ:

"რატომღაც ძალიან მომინდა წლების წინ გაკეთებული სენსაციური მასალის გახსენება, მიხვდებით, რატომაც... ახლახან დაიდო სწორედ ის ინტერვიუ, რომელიც მაშინ ჩავწერე ქალთან, რომელიც თავს პუტინის დედად მიიჩნევს. ეს იყო 2004 წელს.
ბევრს დღემდე არ სჯერა, რომ ვერა პუტინა, რომელიც კასპის რაიონის სოფელ მეტეხში ცხოვრობდა, ნამდვილად ვლადიმირ პუტინის ბიოლოგიური დედა იყო, ბევრმაც სარწმუნოდ მიიჩნია ეს ამბავი (და სენსაციურიც მაშინ უწოდეს), რადგან რაღაცით უნდა გამართლებულიყო რუსეთის პირველი პირის ქართველთმოძულეობა! მოკლედ, ბევრმა დაიჯერა, ბევრმაც ზღაპრად აღიქვა...

თუ ჩემი აზრი
გაინტერესებთ, რომელმაც პირადად ჩავწერე ვერა პუტინა, 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ მან მოავლინა ამ ცოდვილ დედამიწას რუსეთის იმპერატორი, უი, უკაცრავად, პრეზიდენტი, რომელიც ჩრდილოეთიდან ხან თითს გვიქნევს, ხან მუშტს, ხან ისტორიის გაკვეთილს გვიტარებს და ახლა კიდევ, გულმოწყალე და დიდსულოვან პოლიტიკოსად გვევლინება და ალბათ, ქართველებისგან სამადლობელსაც ელოდება უკვე არაკრძალული ღვინით სავსე ყანწით...
მან ხომ პატივი დაგვდო და ემბარგო არ დაგვიწესა.

რაც შეეხება ტურისტებს, რა პრობლემაა? ისინი მოიცდიან, ან სულაც ყირიმში დაისვენებენ ... ან აფხაზეთში... ეს ორი ზღვისპირა მარგალიტი ხომ კარგა ხანია მათია! ქართველები როგორ მოიქცევიან, დაიმსახურებენ თუ არა უფრო მოწყალე გახდეს “ბაბაია”, ამას მომავალი გვიჩვენებს.

ახლა კი, ის დეტალები, როგორ აღმოვაჩინე ვერა პუტინა...
2004 წელს ჩემმა ძმამ ბინა შეიძინა ვარკეთილში. სანამ იქ გადაბარგდებოდა, გავყევი ბინის დასათვალიერებლად. იქ მისი ძველი მეპატრონე დაგვიხვდა. დიასახლისი პუტინის ასე ვთქვათ, ნახევარდა, ლუბა ოსეფაშვილი აღმოჩნდა. მან გულითადად მიგვიპატიჟა სახელდახელოდ ჩვენთვის გაშლილ სუფრასთან, ცოტა ხანში კი, გამომიტყდა, - მე ვლადიმირ პუტინის ნახევარდა ვარო. მართალი გითხრათ, სრულიად მოულოდნელი განაცხადისგან თვალები შუბლზე ამივიდა, - ეს როგორ-მეთქი? როგორ და ძალიან ჩვეულებრივად, ეს ცხოვრება ხომ  "სიურპრიზებით” სავსეაო...
ვერა პუტინა, მარინა ბაბუნაშვილი, ლუბა ოსეფაშვილი
და მერე მიამბო თავის ბავშვობაზე, უფროს ძმაზე, რომელიც 10 წლამდე მეტეხში ცხოვრობდა თავის 5 და-ძმასთან ერთად. ისიც დაამატა, ორ დღეში კინომსახიობთა თეატრში ჩვენს ოჯახზე და ვოვაზე გადაღებული ფილმის პრემიერაა, დედაც იქ იქნება და გეპატიჟებიო, - მოსაწვევიც გადმომცა. ლუბამ იმ საღამოს ბევრი რამ მიამბო, აი, ნახე რამხელა შრამი მაქვს თავზე (და ხელი მომაკიდებინა. მართლაც, დიდი ნაწიბური ჰქონდა), ეს უნებურად მოუვიდა ვოვას, ძალიან ვუყვარდი და სულ მხრებზე შემოსკუპებულს დამატარებდა. ერთხელ, როცა დედა და მამა ახალი სახლის მშენებლობით იყვნენ დატვირთული და შინ ვოვა, ჩემი უფროსი და და მე ვიყავით, ვოვას შემთხვევით ჩამოვუვარდი, თავი ქვას დავარტყი და გავიტეხე. სისხლი ვერაფრით შემიჩერეს. მერე წყლიან დიდ თასში ჩამაყოფინეს თავი და გადამიხვიეს. ვოვა შეშინებული იყო, იცოდა, რომ მამა ძალიან გაუბრაზდებოდაო... ასეც მოხდა, შინ დაბრუნებულ გიორგის და ვერას სისხლით სავსე თასი რომ უნახავთ, ვოვა მკაცრად დაუსჯიათ...

ერთი სული მქონდა, როდის დადგებოდა პრემიერის დღე. . . ფილმი, რომელიც გადაიღეს ჰოლანდიელმა ინეკე სმიტმა ( ვახუშტი კოტეტიშვილის რძალი) და გიორგი ოვაშვილმა, საოცრად ემოციური აღმოჩნდა. ფილმს ჰქვია "დედა". იმდენი საერთო იყო ნაჩვენები პუტინსა და ვერას შორის, მაყურებელი შოკში ჩავარდა. მეზობლები იხსენებდნენ გულჩათხრობილი, მაგრამ "ჯიბრიანი" ვოვას ბავშვობას: ქა, ქათმებს გვიხოცავდა თავისი გაკეთებული ლაგატკითო... ჭიდაობა უყვარდა და წაგებას ვერ ეგუებოდა... არ მოეშვებოდა მეტოქეს, სანამ არ დაამარცხებდაო... მერე თანაკლასელებმაც ილაპარაკეს: ისეთი ლამაზი კალიგრაფიით წერდა, მასწავლებელი სულ აქებდაო, ახლაც შენახული გვაქვს მისი მისალოცი ბარათებიო...ხო, მართლა, მეზობლებმა ისიც გაიხსენეს, რომ ხშირად უნახავთ ზამთრის ცივ და თოვლიან დღეებში გარეთ გამოგდებული ფეხშიშველა ვოვა, შესცოდებიათ და თავის სახლში "ფეჩის" წინ დაუსვიათ... თურმე, არ ჰყვარებია გიორგი ოსეფაშვილს გერი, როგორც საუბრისას მითხრა თავად ვერამ, თვეები ისე გავიდოდა, ზედ არ შეხედავდა და ხმას არ გასცემდაო. ლუბამ კი დაამატა, ორი ყბით იცოდა ვოვამ ჭამა და მამას ეს აღიზიანებდა, ამიტომაც ჩემი ძმა ბოლო პერიოდში აღარ ჯდებოდა საჭმელად, როცა მამა სახლში იყოო. ბავშვობაში მეც ორივე ყბით ვღეჭავდი და ამაზე სულ გიჟდებოდა მამა, რაღა "იმას" დაემსგავსეო...(სახელითაც კი არ მოიხსენებდა გერს). თურმე, გიორგი ოსეფაშვილს სიკვდილის წინ პატარა ვოვა ელანდებოდა და ცოლს და ქალიშვილებს სთხოვდა: ის ბიჭი კუთხეში რომ დგას, უთხარით, მოვიდეს და პური ჭამოსო.

როცა ვერა პუტინამ თავისი სევდიანი ამბავი მიამბო, გული მომეწურა, ადამიანურად შემებრალა ქალი, დედა, რომელმაც ავყია ქმარს მოაცილა გერი, ჩაუყვანა თავის მშობლებს პერმის ოლქის ქალაქ ოჩორაში, მამამ კი, (ანუ ბაბუამ) არც ჰკითხა შვილს, ისე მიაბარა რომელიღაც სამხედრო სასწავლებელში საქართველოდან დაბრუნებული 10 წლის შვილიშვილი, ერთი ღერი რუსული რომ არ იცოდა...

ვერას მამას თავისი სამი ვაჟი, რძლები და ლოგინად ჩავარდნილი ცოლიც მკაცრად გაუფრთხილებია, არასოდეს უთხრათ ვერას, სადაა მისი პირველი შვილი, მე ისეთ ადგილას მივიყვანე ის, სადაც მაგარ კაცებს ზრდიანო... ხომ გასაგებია, რა ადგილზეც იყო ლაპარაკი. ეს გახლდათ სამხედრო ინტერნატი, სადაც ძირითადად, უპატრონო ბავშვებს იღებდნენ და ზრდიდნენ მომავალ "კე-გე-ბეშნიკებად" . რა "კაციც" დადგა, ყველამ დავინახეთ. ვერამ ვეღარ იპოვა სასწავლებლად "გაბარებული" შვილი, ხელი ჩაიქნია და მიჰყვა ცხოვრების დინებას. მერე ხშირად ესიზმრებოდა მიტოვებული ვოვა, რომელიც ნაწყენი უმზერდა და ხმას არ სცემდა. ამ ინტერვიუს მერე სულ იმას ვფიქრობ, ნუთუ პატარა ვოვასთვის საქართველო და ქართველი ხალხი ამ ერთი გიორგი ოსეფაშვილით განისაზღვრა?! კლასელები, მეზობლები, ბოლოს და ბოლოს, დედა და და- ძმა, რომლებისგანაც არც სიყვარული და არც სითბო აკლდა, ასე როგორ დაავიწყა და შეაძულა რუსეთის უშიშროებამ, რომ საერთოდ ამოირეცხა გულიდან ყველა და ყველაფერი, ვინც და რაც საქართველოს უკავშირდება.

პ. ს. სხვათა შორის, ბავშვობის დროინდელი ეს ფოტო ერთ-ერთ მეზობელს აღმოაჩნდა ვალოდიას ხელნაწერით: სახსოვრად ნათელას ვოვასგან. ოჯახს კი, პუტინის ყველა ფოტო ჩეჩნეთის უშიშროებამ "გაუქრო". წყარო

ლუხუმ ხოლუაშვილი//ლუხო/
05 აგვისტო 2019 13:30
”უყვარდათ საქართველო”
რა განსხვავებაა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე პირველს, ალექსანდრე მეორეს,
ნიკოლოზ პირველსა და პუტინს შორის? მხოლოდ დროში არიან აცდენილები,
ყველას ერთნაირად სძულდათ და სძულთ თავისუფლების მოყვარე ხალხები
აფსუები, აფხაზები, ადიღები, ლეკები, ჩერქეზები, ჩეჩნები, ყაბარდოელები,
ინგუშები, ყველა ესენი რუსეთს, კანონ გარეშე ჰყავდა გამოცხადებული და დაუსჯელად შეიძლებოდა
მათი დახოცვა, და ხოცავდნენ კიდეც, ცოცხლად დარჩენილებს ოსმალეთისა და სირიის უდაბნოში ასახლებდნენ, პუტინმა ალექსანდრე პირველს, მოსკოვში ძეგლიც კი დაუდგა,
,
უყვარდათ საქაეთველო, მხოლოდ დაგლეჯილი, უდაბურ მთებად, დაფლეთილ მდელოდ,
დღესაც საქართველო უყვართ დალეწილი, უყვართ საქართველო უქართველებოდ.
მე კი მეგობრებო, მე კი მეზობლებო, ჩემო საყვარელო ძმებო და დებო,
ღმერთმა არ შემასწროს, ღმერთმა არ მაჩვენოს, ჩემი აფხაზეთი უაფხაზებოდ!
. . მე რუსებს რას ვერჩი, ღმერთმა დაიფაროს, აცილოს ყოველი სიავე,
პუტინსაც ვურჩევდი, ბილწებს არ უსმინოს,
საფლავებს მტრისასაც, ჩვენ პატივს მივაგებთ,
-მე მინახია ვლადია პირჯვარს რომ იწერ,
შეგინდოს ღმერთმა, ამ სტრიქონებს გულწრფელად გიწერ,
-თან შეგახსენებ: თუ არ გინდა ბოლოს ინანო,
გირჩევ რუსეთი საროველის1 სიბრძნეს მიანდო:
”თუ საქართველო რუსეთისგან გაიწირება,
დიდი რუსეთიც, მასთან ერთად ჩაიძირება”,
მე მინახიხარ ვალოდია პირჯვარს რომ იწერ,
და ამ სტრიქონებს, დამიჯერე, გულწრფელად გიწერ,
ლხინში მეწვიეთ ბატონებო, ქორწილში გიწვევთ!
*
1. ”არასოდეს არ იომოთ საქართველოსთან, ამით თქვენ შეებრძოლებით დედა ღვთისას”, ეს დაღუპავს რუსეთს” (სერაფიმ საროველი, რუსი სასწაულმომქმედი და უდიდესი წმინდანი. მე-17-ე საუკუნე)
ქეთინო
04 აგვისტო 2019 14:03
ერთხელ მაინც ეწვიონ ეს ნახევარი და ძმა ვოვას კრემლში ან დაპატიჟონ თავისთან თუნდაც თანაკლასელებმა მეზობლებმა შეახსენონ თავი რისი ან ვისი ეშინიათ.
არ ვღადაობ
31 ივლისი 2019 20:27
ან რა მაქვს საღადაო სამაჩაბლოს სოფ.აჩაბეთი სიზმარში მესიზმრება,მისი სილამაზე,იქ მოვლილი ბაღ ვენახი,მდ.ლიახვი სადაც ჩემი სიცოცხლის ულამაზესი ხანა,ჩემი 42წ გავატარე.თუ ეს ყველაფერი მართალია მე ის 10წ ბიჭი მაგრად მეცოდება,და რომ ვუფიქრდები თუ რამხელა სიმწარე ნახა და რამდენჯერ მწარედ იტირებდა როგორც მიუსაფარი, ბავშვობა წართმეული,გულბოროტი მამობილისგან დაჩაგრული და დედისგან მიტოვებული ბავშვი,გული მეწურება,მაგრამ მე ეხლა სხვა კაცზე ვლაპარაკობ,ზრდასრულზე და საკმაოდ ჭკვიანზე (სამწუხაროდ მის საპირწონედ ქართულ პოლიტიკაში ჯერ არავინ გამოჩენილა)პუტინი საქართველოს მტერია და ეხლა ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მან ბავშვობაში რა ტანჯვა გადაიტანა,(ქართველმა ხალხმა დედით და მამით ქართველ კოსტანტინეს გამოუტანა განაჩენი)მისი ბრძანებით უამრავი ქართველი ბავშვი დაობლდა და ჩემსავით უამრავ ადამიანს თავისი წინაპრების სისხლითა და ოფლით გაპოხილი მიწა გვენატრება,პუტინი მტერია და მე მასზე ვფიქრობ როგორც თავის დროზე შახაბასზე ფიქრობდა ჩემი წინაპარი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?