სპლიყვი კინაღამ ნიანგის ლუკმად იქცა - კვირის პალიტრა

სპლიყვი კინაღამ ნიანგის ლუკმად იქცა

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის უდიდეს ეროვნულ პარკ კრიუგერში მოყვარული ფოტოგრაფი ჯონ ოპერმანი ნამდვილი დრამის მომსწრე გახდა.

სპილოების მომცრო ჯოგი, რომელშიც რამდენიმე სხვადასხვა ასაკის სპლიყვიც იყო, წყლის დასალევად წყალსატევს ესტუმრა. დარწყულების შემდეგ ჯოგი მახლობლად ამწვანებულ ხეებსა და ბუჩქებს შეესია, მოზრდილ სპილოებს წყალთან დარჩენილი ყველაზე პატარა სპლიყვი კი, როგორც ჩანს, მიავიწყდათ.

წყლიდან უცებ წყალსატევის მრისხანე "პატრონი" - ხახადაფჩენილი ნიანგი ამოხტა, პატარას ხორთუმში სწვდა და სიღრმეში ჩათრევა დაუპირა.

საბედნიეროდ, სპლიყვის განწირულ ხმაზე სპილოების მთელი ჯოგი უცებ მოვარდა და შეშინებულმა ნიანგმაც გაქცევით უშველა თავს.

მომხდარით შეშინებულმა სპილოებმა, როგორც ჩანს, თავის დაზღვევის მიზნით სპლიყვები შუაში ჩაიყენეს, ნიანგის საბრძანებელი "დემონსტრაციულად" შუაზე გადაკვეთეს და გზა გააგრძელეს.