საინტერესო ისტორიული ფაქტები - კვირის პალიტრა

საინტერესო ისტორიული ფაქტები

1852 წელს თურქეთის სულთანს მორზეს სატელეფონო აპარატი წარუდგინეს. სულთანი აღფრთოვანდა და მაშინვე მიანიჭა ამერიკელ მხატვარს და გამომგონებელს - მორზეს... საუკეთესო ფაკირის წოდება.

დომინო საფრანგეთში გამოიგონეს და თავდაპირველად ეს თამაში განკუთვნილი იყო გონებასუსტი ბავშვებისათვის.

პარიზში ეიფელის კოშკის მშენებლობის დაწყებისას საფრანგეთის მთავრობამ მიიღო წერილი. მას ინტელიგენციის 40 წარმომადგენელი აწერდა ხელს, მათ შორის მწერლები, მსახიობები, მხატვრები. ისინი წინააღმდეგი იყვნენ ახალი პროექტისა, რომელიც საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, მაინც განხორციელდა.

გი დე მოპასანი ეიფელის კოშკს მსოფლიოს უმახინჯეს ნაგებობად მიიჩნევდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, კოშკის პირველ სართულზე არსებულ რესტორანში ხშირად სადილობდა. ის ამბობდა: ეს ერთადერთი ადგილია, საიდანაც ეიფელის კოშკი არ ჩანსო.

ნაპოლეონი ალუროფობიით იყო დაავადებული. მძლეთამძლე იმპერატორს პანიკურად ეშინოდა... კატების.

XVIII  საუკუნეში, იტალიაში ტავერნის მფლობელმა, მარკ არონიმ, რომელმაც ნახა, როგორ  თამაშობდა მისი ქალიშვილი ცომით, ახალი პროდუქტი გამოიგონა და მას თავისი სახელი უწოდა (მაკარონი).

ლონდონის აუქციონზე 12 ათას დოლარად გაიყიდა 1912 წელს გამოშვებული სარეკლამო პლაკატი, რომელიც გემ "ტიტანიკზე" სასიამოვნო და უხიფათო კრუიზში იწვევდა ტურისტებს.

მიქელანჯელოს ქანდაკება "დავითი", რომელიც ფლორენციის მოედნის შუაგულში უნდა დაედგათ, ფლორენციის მმართველმა დაიწუნა - ცხვირი აქვს დიდიო. მიქელანჯელომ ხელი მოჰკიდა საჭრეთელს და ფლორენციამ საკუთარი თვალით იხილა, თუ როგორ ცვიოდა ძირს ქვის ნამტვრევები.

სამუშაო მალე დამთავრდა, მმართველი კმაყოფილი დარჩა, თუმცა ქანდაკება ოდნავადაც არ შეცვლილა, რადგანაც მიქელანჯელო, ფლორენციის მმართველის თვალის ასახვევად ნამტვრევებს საკუთარი ჯიბეებიდან ყრიდა.