"ერთხელ დამიბარა და მითხრა: ნინაჩკა, არასდროს გაუშვა ქმარი მარტო საქმიან მოგზაურობაშიო" - კვირის პალიტრა

"ერთხელ დამიბარა და მითხრა: ნინაჩკა, არასდროს გაუშვა ქმარი მარტო საქმიან მოგზაურობაშიო"

"დღევანდელ დღეს პოლიტიკაზე მეტად, არაფერი მეზარება", - ამბობს მსახიობი ნინო მითაიშვილი, რომელიც ფართო საზოგადოებამ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" ექიმის როლით გაიცნო. რა დროს კარგავს კონტროლს საკუთარ თავზე, რისი ეშინია, რა აბნევს, რა არის მისთვის წარმატება, სიყვარული, თავისუფლება და რას ვერ გააკეთებს ვერანაირი თანხის სანაცვლოდ? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1982 წლის 9 ივლისი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...კოსმონავტი, მაგრამ მსახიობი გამოვედი. კოსმოსში გაფრენა დღემდე ოცნებად მაქვს. ჩემს ბავშვობაში კოსმოსი ისეთი ფერადი, ნათელი და თითქმის ხელშესახები არ იყო, როგორიც დღესაა. ახლა უამრავი აპლიკაციაა, რომლითაც შეგიძლია ვირტუალურად იმოგზაურო და თანავარსკვლავედი ნახო. დიდი თანხა თუ გაქვს, არც კოსმოსში გაფრენაა პრობლემა.

- ჩემზე ამბობენ... - ...საყვარელი გოგოაო. ჩემი შვილი მეუბნება, - გაიცინე. როცა არ იცინი, სკეპტიკური გამოხედვა გაქვსო. სანათესავოში ძალიან ბევრი ნინო ვართ. შვილთან ერთად წლების წინ, მათ შორის ასაკით პატარა მე ვიყავი, მაშინ დამერქვა პატარა ნინო და ახლა ჩემზე პატარებისთვისაც პატარა ნინო ვარ. ჩემზე ამბობენ, ჯიუტიაო, მაგრამ არ ვეთანხმები.

- ბედნიერი ვარ, რომ... - ...მყავს შვილი, ოჯახი, მეგობრები, მაქვს სამსახური... ბედნიერი ვარ, რომ ყოველ დილით მზე ამოდის.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს... - ...პასუხისმგებლობით გამოვირჩევი. უპასუხისმგებლო ადამიანები ძალიან მაღიზიანებენ.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო... - ...შემიძლია ადამიანი ყოველგვარი ემოციური კავშირის გარეშე დავკარგო. ჩვენ ხომ ერთმანეთთან იმიტომ ვურთიერთობთ, რომ ემოციური ენერგეტიკის გაცვლა-გამოცვლა გვსიამოვნებს. შემიძლია ეს ემოციური ენერგეტიკა მასთან საერთოდ გავწყვიტო. სიმართლე გითხრა, ეს თვისება არ მომწონს, მაშინებს, მაგრამ მიხარია, რომ ბევრი ადამიანი არ დამიკარგავს. ვერ გეტყვი, რომ ამ მდგომარეობამდე კონკრეტულ ფაქტს ან ქმედებას მივყავარ. ემოცია დროთა განმავლობაში გროვდება. შესაძლოა მერე დაკარგვის მიზეზი უმნიშვნელოც იყოს ან არანაირი მიზეზი არ მქონდეს და ერთ დღეს იმ ადამიანის ენერგეტიკა ვეღარ ვიგრძნო.

- ვრისკავ, როცა... - ...სურვილი ძალიან მძაფრია. ასეთ დროს გაუაზრებელ რისკზეც შემიძლია წავიდე. დასაფიქრებელი და გასაანალიზებელი დრო თუ მომეცა, მერე შეიძლება გადაწყვეტილება შევცვალო.

- ჩემი პირველი წარმატება... - ...იყო 15 წლის ასაკში, როცა მუშაობა დავიწყე. ერთ-ერთი წვენის დეგუსტაციას ვახდენდი, ადამიანებს შთაბეჭდილებების გაზიარებას ვთხოვდი, კითხვარი უნდა შემევსო. მაშინ ბრუნვაში კუპონი იყო. ხელფასის ნაწილით ჩანთა ვიყიდე და ნაწილი დედას მივეცი, ოჯახისთვის რომ გაენაწილებინა.

- წარმატება არის... - ...შრომა. რა თქმა უნდა, იღბალიც არის, მაგრამ ჩვენ შეიძლება გვქონდეს იღბალი, მაგრამ ვერ დავინახოთ, ვერ გამოვიყენოთ. ფინანსურად წარმატებული ადამიანები ინტერვიუებში ამბობენ, რომ დილით ძალიან ადრე უნდა ადგე, 2 საათი დაუთმო საკუთარ თავს, შემდეგ უნდა დაგეგმო, მთელი დღის განმავლობაში რა გააკეთო და ამ გეგმით იხელმძღვანელო. სამწუხაროდ, ასეთი ტიპის ადამიანებს ვერ მივეკუთვნები, მიუხედავად იმისა, რომ მიდგომა მომწონს. დაგეგმილად ვერ ვცხოვრობ.

- ყოველთვის მაქვს სურვილი... - ...ვიწვე ზღვის სანაპიროზე და ვუსმენდე ტალღების ხმას. ზღვა წელიწადის ნებისმიერ დროს სასურველი ადგილია, ძალიან მიყვარს.

- მეშინია... - ...პირველ რიგში, საკუთარი თავის, ფიქრების, ემოციების, ქმედებების... სიკვდილის მეშინია.

- ბოლოს ვიტირე... - ...ცოტა ხნის წინ მამა გარდამეცვალა.

- როცა საკუთარ თავზე კონტროლს ვკარგავ...

- ...არ მახსოვს, რას ვაკეთებ, მაგრამ სანამ ამ მდგომარეობამდე მივალ, ვცდილობ, ის ძალა და ენერგია, რომელიც ჩემშია და გარეთ გამოსვლას ითხოვს, მაქსიმალურად მოვთოკო. თუ ეს ვერ მოვახერხე, მერე რაღაც მონაკვეთი აღარ მახსოვს. გარკვეული პერიოდი მჭირდება, ჩემში ეს დუღილი რომ ჩაცხრეს.

- ვნანობ... - ...ყველაფერ იმას, რისი გამოსწორებაც არ შემიძლია. არსებობს სიტუაციები, როცა ჩვენ არ შეგვწევს ძალა რაღაც შევცვალოთ. ვნანობ, რომ რამდენჯერმე შანსი მქონდა და არ გამოვიყენე.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე... - ...ამ შანსებს გამოვიყენებდი. თუმცა, ვერ ვიტყვი, ეს ჩემს ცხოვრებას უკეთესობისა თუ უარესობისკენ რამდენად შეცვლიდა.

- სიყვარული ეს...

- ...არის შეგრძნება, რომელიც ამოუხსნელია. ბავშვობაში, როცა ვინმე ბიჭის მიმართ სიმპათია გამიჩნდებოდა, დედა მეკითხებოდა, რა მოგწონსო? პასუხი არ მქონდა და მე ეს კითხვა ძალიან მაღიზიანებდა. ზოგადად, შეიძლება ადამიანის ფსიქოტიპი ჩამოაყალიბო ან ვიზუალური მხარე, თუმცა ეს არ განსაზღვრავს სიყვარულის შეგრძნებას. შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ბევრი უარყოფითი, ამას ხედავდე, მაგრამ გიყვარდეს. ამ შემთხვევაში, მხოლოდ ქალისა და მამაკაცის სიყვარულს არ ვგულისხმობ.

- პირველად რომ შემიყვარდა... - ...არც ვიცი, ის ემოცია როგორ უნდა გადმოგცე. თითქოს ვარსკვლავივით რაღაც აენთო.

- ჩემი მეუღლე გახლავთ...

- ...გიორგი ჯანგველაძე. უკვე 18 წლის შვილი გვყავს.

- ხშირად მსაყვედურობენ... - ...ტუჩებს ნუ იკვნეტო.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე... - ...ტანსაცმლის დაუთოება.

- პროფესიული არჩევანის გამო სინანული...

- ...არასდროს მქონია, მაგრამ საკუთარი თავისთვის მიკითხავს, სწორი არჩევანი გავაკეთე? ეს საქმე ძალიან მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ მსახიობის შრომა სათანადოდ დაფასებული არ არის.

- "ჩემი ცოლის დაქალებში"... - ...ექიმის როლს ვთამაშობ, ამასწინ გადაღებაზე ვამბობდი, რომ დედას უნდოდა, ექიმი გამოვსულიყავი და სურვილი ამ ფორმით აუხდა.

- ბედისწერის...

- ...მჯერა. რაღაც ძალიან თუ მინდა და მეფიქრება, ის აუცილებლად მიხდება. არის რაღაცები, რაც ვიცი, რომ მომავალში ჩემს ცხოვრებაში იქნება. რამდენჯერმე მქონდა შემთხვევა, მეგობარს დავურეკე და ვკითხე, - რა გინდოდა-მეთქი? გაგიჟდა, - რა იცი, რომ რაღაც მინდოდა, ახლა შენზე ვფიქრობდი და დამასწარი, უნდა დამერეკაო.

- ინტუიცია... - ...ძალიან კარგად მაქვს განვითარებული. ყველა მნიშვნელოვან მოვლენას წინასწარ ვგრძნობ.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს... - ...ამაზე ფიქრს რომ ვიწყებ, მერე ის ფული არ მყოფნის. ფული რომ გაქვს, მოთხოვნები იზრდება. ამ შემთხვევაში არ ვფიქრობ იმას, რომ გრანდიოზულ სასახლეში ვიცხოვრებ, ეს საერთოდ არაფერში მჭირდება. იმისთვის, რომ მეგობრებს, ახლობლებს, გაჭირვებულებს, მოხუცებს, ბავშვებს, ავადმყოფებს დავეხმარო, ძალიან დიდი თანხაა საჭირო. პირადი სურვილებიდან რას ავისრულებდი? კოსმოსში გავფრინდებოდი, მსოფლიოს მოვივლიდი, შევისწავლიდი ენებს, პროფესიულ განვითარებაზე ვიზრუნებდი და ფილოსოფიით დავინტერესდებოდი.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ... - ...ადამიანს ვერ მოვკლავ.

- ყოველთვის მრცხვენია, როცა... - ...სცენაზე გამოვდივარ და რაღაცას ისე ვერ ვაკეთებ, როგორც ვიცი, რომ უნდა გავაკეთო. შეიძლება ამას იმ წუთში მაყურებელი ვერც მიხვდეს, მაგრამ მე ხომ პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს. მრცხვენია, როცა ვხედავ, ჩემ გარშემო ადამიანები როგორ დეგრადირდებიან და სახეს კარგავენ. მრცხვენია, როცა თეატრის მსახიობებს (საკუთარი თავის ჩათვლით) ვხედავ ეკრანზე და მათი თამაში ძალიან გადაჭარბებულია. სცენას სხვა მასშტაბები აქვს, ეკრანს - სხვა სპეციფიკა, სცენაზე თამაშს სხვა ტექნიკა სჭირდება.

- როდესაც საჯაროდ მაქებენ... - ...არ მიყვარს, ამ დროსაც მრცხვენია. გააჩნია ვინ მაქებს; ჩემთვის მნიშვნელობა აქვს, ის ადამიანი რამდენად კომპეტენტურია. ცოტა ხნის წინ ჩემმა ლექტორმა დამირეკა და მითხრა, ძალიან გამიხარდა საქმე რომ გამოგიჩნდაო, "ჩემი ცოლის დაქალებში" გადაღებას გულისხმობდა. მისმა ზარმა ძალიან გამახარა.

- მეზარება...

- ...დღევანდელ დღეს პოლიტიკაზე მეტად, არაფერი მეზარება.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება... - ...პატარა ასაკში გავთხოვდი. ჩემი ნათესავი ნინა დეიდა რუსულენოვანი ქალბატონი იყო, "ცეკაში" მუშაობდა, ძლიერი ქალი გახლდათ. დამიბარა და მითხრა: ნინაჩკა, არასდროს გაუშვა ქმარი მარტო საქმიან მოგზაურობაშიო. რამდენიმე წელში ნინა გარდაიცვალა, ეს სიტყვები კი ალბათ, სულ მემახსოვრება.

- დაბოლოს, გეტყვით... - ...ყოველთვის დავფიქრდეთ, ვინ ვართ და რა გვინდა?

თამუნა კვინიკაძე ჟურნალი "გზა"